საქმე # 330100121004436791
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №950აპ-21 ქ. თბილისი
ხ. თ., 950აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-მა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ.
2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და თ. ხ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, რადგან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, შეფარდებული სასჯელი არის უკანონო, რადგან აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში აშკარად გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები: მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და მისთვის დანაშაულის ჩდენისას ან ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ; სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც სასჯელის ნაწილის პირობითად შეცვლის სავალდებულო წინაპირობად გამოძიების დროს ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება მიიჩნია.
3. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და თ. ხ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ზომის დამძიმებას, ხოლო - გ. ლ-სა და ზ. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის სახის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ სასჯელების შეფარდებისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მათი პიროვნული მახასიათებლები; მხედველობაშია მისაღები, რომ, ერთი მხრივ, თ. ხ. გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და მხოლოდ საქმის სასამართლო განხილვისას აღიარა დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, გ. ლ. და ზ. გ., რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ნივთებს ყიდულობენ და ყიდიან, ფაქტობრივად დანაშაულის პროვოცირებას ეწევიან; საყურადღებოა, რომ დაზარალებული მსჯავრდებულებს არ შერიგებია, მათ მიმართ აქვს პრეტენზია და გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება სასამართლოს მიერ შეფარდებულ მსუბუქ სასჯელებთან მიმართებით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენით თ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; გ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - ჯარიმა - 1000 ლარი; ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - ჯარიმა - 1000 ლარი.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ხ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; გ. ლ-მ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ფლობა და გასაღება; ზ. გ-მ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა.
6. თ. ხ-ს, გ. ლ-სა და ზ. გ-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
6.1. 2021 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 18:35 საათზე, .. საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევის გზით, თ. ხ. სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ე. ა-ს, კერძოდ, მერიის ზედამხედველობის სამსახურებრივ უნიფორმაში გამოწყობილმა, ე. ა-ს განუცხადა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეკეთებასთან დაკავშირებით იყო მისული, მოტყუებით გააღებინა ბინის კარი, რის შემდეგაც, სხვა პირთან ერთად, ძალის გამოყენებითა და ე. ა-ს წინააღმდეგობის დაძლევის გზით, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, შეიჭრა მის საცხოვრებელ ბინაში, ყელზე მოუჭირა ხელი და თანმხლებ პირთან ერთად შეეცადა ე.წ. ,,ხამუთებით“ მის შებოჭვას, თუმცა დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო, ეს ვერ მოახერხეს. თ. ხ-ს თანმხლებმა პირმა ე. ა-ს ყელზე მიადო დანა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მოსთხოვა ძვირფასეულობა, ხოლო თ. ხ-მა ხელებით შებოჭა იგი. თ. ხ-ს თანმხლები პირი დაეუფლა ე. ა-ს 2500 ლარად ღირებულ ოქროს სამაჯურს, 500 ლარად ღირებულ ,,PATEK PHILIPPE-ის“ ფირმის საათს, 4000 ლარად ღირებულ ,,IPHONE 11 PRO MAX-ის” ფირმის ტელეფონს, 2500 ლარად ღირებულ ,,TIME 121-ის“ ფირმის საათსა და 10 ლარად ღირებულ სანთებელას, რა დროსაც თ. ხ. დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ე. ა-ს, ხოლო თ. ხ-ს თანმხლები - მუშტებსა და ფეხებს ურტყამდა მას. თავდამსხმელებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ე. ა-ს კუთვნილი ნივთები, რომელთა ჯამური ღრებულება შეადგენდა - 9510 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
6.2. 2021 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, .. მდებარე სავაჭრო ცენტრ შპს ,, ” მიმდებარედ, გ. ლ-მ ზ. გ-ზე 800 ლარად გაასაღა მისთვის წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით, კერძოდ, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული, ე. ა-ს 4000 ლარად ღირებული ,,IPHONE 11 PRO MAX-ის“ ფირმის ტელეფონი.
6.3. 2021 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, .. მდებარე სავაჭრო ცენტრ შპს ,, “ მიმდებარედ, ზ. გ-მ გ. ლ-საგან 800 ლარად შეიძინა მისთვის წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით, კერძოდ, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული, ე. ა-ს 4000 ლარად ღირებული ,,IPHONE 11 PRO MAX-ის“ ფირმის ტელეფონი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმებას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება. თ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - ჯარიმა - 1000 ლარი; ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - ჯარიმა - 3000 ლარი.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მითითებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარეს დანაშაული, ხელი შეუწყეს სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ხ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი განუსაზღვრა, ხოლო გ. ლ-სა და ზ. გ-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული - ჯარიმები დააკისრა, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, თ. ხ-სათვის შეფარდებული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი მაკვალიფიცირებელი გარემოებების სიმრავლის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი, ხოლო, მეორე მხრივ, გ. ლ-სა და ზ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელების გამკაცრება, ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და მათი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, არ არის აუცილებელი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი