საქმე # 160100120003752100
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №963აპ-21 ქ. თბილისი
ო. ფ. 963აპ-21 14 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. ო–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. ფ. ო–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 19 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ .......ში, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში, ფ. ო–მ ორჯერ გაშლილი ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - დ. ა–ზე. ფ. ო–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2020 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ .......ში, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში, ფ. ო–მ გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - დ. ა–ზე. ფ. ო–ს ძალადობრივი ქმედების შედეგად დ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2020 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ .......ში, საკუთარი სახლის ეზოში, თანხის გადახდისა და მათი საერთო შვილის პირადი საბუთების წაღების მოთხოვნით გაღიზიანებულმა ფ. ო–მ მარჯვენა მკლავზე რამდენჯერმე კბენითა და თავისი კუთვნილი ,,ოპელის‘‘ მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა კარში მარჯვენა ხელის მტევნის მოყოლებით, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - დ. ა–ზე. ფ. ო–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ფ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 19 მარტის ეპიზოდი).
3.2. ფ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 2 აპრილი ეპიზოდი).
3.3. ფ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 17 ივნისის ეპიზოდი).
3.4. ფ. ო–ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ფ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:
5.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
5.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება.
5.3. ფ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 19 მარტის ეპიზოდი).
5.4. ფ. ო–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 2 აპრილის ეპიზოდი).
5.5. ფ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით.
5.6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფ. ო–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 17 ივნისიდან 2020 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით და, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით - ჩაეთვალა სრულად მოხდილად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ფ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამივე ეპიზოდში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად 2020 წლის 19 მარტისა და 2020 წლის 2 აპრილის ეპიზოდებში.
8. დაზარალებულმა დ. ა–მ და მოწმე ს. ო–მ(ფ. ო–ს დამ) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - ფ. ო–ს წინააღმდეგ. არასრულწლოვანმა ა. ო–მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ ცხოვრობს მამასთან - ფ. ო–სთან, მამიდასთან - ს. ო–სთან და დედინაცვალთან - დ. ა–სთან ერთად. განმარტა, რომ აქვს ბედნიერი ოჯახი და არ სურს დამატებით რაიმეს თქმა.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „....თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს ამჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა“. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დიფერენციაცია ემსახურება იმ მიზანს, რომ კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობის და არსებული გამოწვევის გათვალისწინებით, განსაზღვროს თუ რომელი საგამოძიებო მოქმედება უზრუნველყოფს მტკიცებულების სწორად მოპოვებას, რომელსაც სანდოობისა და დამაჯერებლობის ხარისხი ექნება. მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 17 ივნისს ჩატარებული დ. ა–ს სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმი არ არის ინფორმაციული 2020 წლის 19 მარტსა და 2020 წლის 2 აპრილს მომხდარ სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით.
10. სასამართლო მიუთითებს, რომ 2020 წლის 20 ივლისის სასამართლო-სამედიცინო N...... ექსპერტიზის დასკვნასა და დადგენილებაში სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ(იხ. ტ.1. ს.ფ. 53) მითითებულია ექსპერტიზის ჩატარებაზე მხოლოდ 2020 წლის 17 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით და არაფერია ნათქვამი 2020 წლის 19 მარტისა და 2020 წლის 2 აპრილის ფაქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ მხრივ შეფასება ექსპერტს არ გაუკეთებია. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას თავად ფ. ო–ს მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულ განმარტებაზე, რომ 2020 წლის 2 აპრილს ფ. ო–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ა–მ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ფ. ო–მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა აღნიშნული გარემოება და მიუთითა, რომ 2020 წლის 2 აპრილს მასა და დ. ა–ს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.
11. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა დ. ა–მ სოფელ .......ში, თავისი ქმრის - ფ. ო–ს სახლის ჭიშკრიდან მიუთითა, რომ ქმარმა - ფ. ო–მ მასზე იძალადა საძინებელ ოთახში 19 მარტს და 2 აპრილს, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი(ფ. ო–ს დამ - ს. ო–მ არ შეუშვა ეზოში და საცხოვრებელ სახლში), თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, როდესაც დაზარალებული/მოწმე სარგებლობს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20).
12. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეების: რ. ბ–სა და მ. ჩ–ს ჩვენებები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები არიან ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რომლის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, „მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესის“ საფუძველზე დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52; 36).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ფ. ო–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა(2020 წლის 19 მარტისა და 2 აპრილის ეპიზოდები).
15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე