Facebook Twitter

საქმე # 330100121004950360

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №968აპ-21 ქ. თბილისი

გ. მ. 968აპ-21 14 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 3 ივლისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, თ–ს მე-.. მ/რ-ნი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, მ. გ–მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ლ. მ–ს მიმართ გენდერის ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით მოპყრობისას გამოწვეული სიტყვიერი კონფლიქტის ნიადაგზე, რაც განპირობებული იყო მ. გ–ს აღქმით, რომ მეუღლე მის მითითებებს უსიტყვოდ არ ასრულებდა, ლ. მ–ს გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი ყელში, რა დროსაც ლ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:

3.1 მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.

3.2 მსჯავრდებულ მ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 8 ივლისიდან 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.

3.3 მ. გ–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ მ. გ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. გ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ მ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულ მ. გ–ს სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები და შეუფარდა საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით. იმავდროულად, ვინაიდან მსჯავრდებულმა მ. გ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი; დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს; მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის - სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით იგივე გამოსაცდელი ვადით.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე