საქმე # 330100121004747356
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №969აპ-21 ქ. თბილისი
გ. გ., 969აპ-21 9 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. გ-ს ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო სასამართლომ ეს მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა; მართალია, დაზარალებულმა ლ. ფ-მ და მოწმე თ. გ-მ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს გ. გ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გ. გ-ს ბრალად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენია.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-მ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს ისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით თვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
გ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 10 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ... მდებარე, ბინა N52-ში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, გ. გ-მ მეუღლეს, ლ. ფ-ს მუცლის არეში, კერძოდ: მარჯვენა მხარეს ჩაარტყა წიხლი, რის შემდეგაც მარჯვენა მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ოჯახური ძალადობის ფაქტი ჩადენილია მეუღლის მიმართ გენდერის ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, რაც გულისხმობს გ. გ-ს აღქმას, რომ მისი გადასაწყვეტია ისეთი საკითხები, როგორიცაა მეუღლის ურთიერთობა სხვა პირებთან და მისი ქცევის კონტროლი.
- 2021 წლის 12 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე. ... ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, გ. გ-მ მეუღლეს, ლ. ფ-ს ძლიერად ჰკრა ხელი, რის შედეგადაც იგი შეეჯახა სამზარეულოს ავეჯს და განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ოჯახური ძალადობის ფაქტი ჩადენილია მეუღლის მიმართ გენდერის ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, რაც გულისხმობს გ. გ-ს აღქმას, რომ მისი გადასაწყვეტია ისეთი საკითხები, როგორიცაა მეუღლის ურთიერთობა სხვა პირებთან და მისი ქცევის კონტროლი.
- 2021 წლის 12 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ... ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, გ. გ. მეუღლეს, ლ. ფ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: უთხრა, რომ იარაღით თავს გაუხვრეტდა, ასევე ყელის არეში მიადო დანა და დაემუქრა, რომ ყელს გამოსჭრიდა, რაც ლ. ფ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 10 აგვისტოდან 14 აგვისტომდე დროის მონაკვეთში (ზუსტი თარიღი ეცნობია), .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, გ. გ-მ, მეუღლეს - ლ. ფ-ს არასრულწლოვანი შვილების – .. წელს დაბადებული თ. გ-სა და .. წელს დაბადებული გ. გ-ს თანდასწრებით სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, რის შედეგადაც ლ. ფ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით გ. გ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა გ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებიდან.
გამართლებულ გ. გ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ გ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ გ. გ-მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები, კერძოდ: წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა - დაზარალებულმა ლ. ფ-მ (გ. გ-ს მეუღლემ) და მოწმე თ. გ-მ (გ. გ-ს შვილმა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის - გ. გ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება სხვა მოწმეთა - დ. თ-ს, გ. ს-ს, ზ. რ-სა და ზ. ბ-ს ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები და, შესაბამისად, მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, ისევე როგორც საქმეში არსებული სხვა დანარჩენი მტკიცებულებები, რის გამოც ვერცერთი მათგანი ვერ გახდება გ. გ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ ადასტურებს გ. გ-ს ბრალლეულობას მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე