საქმე # 010100119002825360
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №979აპ-21 ქ. თბილისი
ბ. რ., 979აპ-21 9 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფავა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ბ-მ ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა.
2. გამართლებულ რ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ბ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ. ბ-მ იცოდა, რომ მისი ნაცნობები - ქ. ... მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელები, ერთად მომუშავე დაზარალებულები - ა. ა. და გ. ა. 2010 წლის ოქტომბრიდან ვეღარ მუშაობდნენ მოგებაზე და მოატყუა, რომ მიეცათ მისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა აშშ დოლარებში, რომელსაც გაყიდდა ისეთ ფასად, რომ თვითონაც ნახავდა მოგებას და მათაც მისცემდა მოგების გარკვეულ წილს. იქიდან გამომდინარე, რომ ა. ა. და გ. ა. იცნობდნენ რ. ბ-ს, 2010 წლის ოქტომბერში რ. ბ-ს გადასცეს 55 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემიდან 7-8 დღის განმავლობაში რ. ბ., თვალის ახვევის მიზნით, თითქოს, მართლაც აწარმოებდა ზემოაღნიშნული ფულის კონვერტაციას და იღებდა მოგებას, ყოველდღე აკითხავდა დაზარალებულებს და ნაცვლად თანხის გადაცემისა, მხოლოდ სიტყვიერად აბარებდა ანგარიშს. მას შემდეგ, რაც ა. ა-მ და გ. ა-მ მოსთხოვეს გადაცემული ფულის დაბრუნება, რ. ბ. სხვადასხვა მიზეზით ჰპირდებოდა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული 55 000 აშშ დოლარის გასტუმრებას, ხოლო შემდეგ კი საერთოდ მიიმალა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენით რ. ბ., - დაბადებული .. წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180- ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 8 თვით.
6. რ. ბ. დააკავეს 2019 წლის 18 იანვარს, რის შემდეგაც მან კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის განაჩენი რ. ბ-ს მიმართ.
რ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
რ. ბ. გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
გამართლებულ რ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს რ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას რ. ბ-ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე და, ამდენად, ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე