Facebook Twitter

საქმე # 010100113167488

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №980აპ-21 ქ. თბილისი

გ. გ., 980აპ-21 9 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ. კასატორი არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენს გირაოს ნაწილში, ვინაიდან მიაჩნია, რომ მას გირაოს პირობები არ დაურღვევია; მან შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, სადაც მას სასამართლოში გამოცხადების შესახებ წერილობითი შეტყობინება არ მიუღია, ისევე როგორც - სიტყვიერი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი: გ. გ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გ. გ-ს გაუნახევრდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მეწარმე სუბიექტებში სამეწარმეო საქმიანობის უფლება. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, გ. გ-ს გაუნახევრდა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული - საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და საბოლოოდ, მეწარმე სუბიექტებში სამეწარმეო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 5 ივნისიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 17 იანვრამდე.

გ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული - ა. ხ-ს (პ/ნ ) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ... (სარეგისტრაციო ზონა ... ) - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების წილს უნდა მოეხსნას ყადაღა და გ. გ-ს მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო, გირაოს სახით გათვალისწინებული უძრავი ქონების ამოღების მიზნით, სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მიექცეს აღსასრულებლად ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. გ-მ, როგორც შპს „კ-ს“ (ს/ნ ) დირექტორმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა 2012 წლის 17 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შპს „კ-ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N ხელშეკრულების ფარგლებში, .. ფართის რემონტის დასრულების სამუშაოების ჩასატარებლად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, სადაზღვევო კომპანია „ " ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის საფუძველზე, ავანსის სახით, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად გადარიცხული 51 393.90 ლარი, 2012 წლის ივნის-ივლისში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 28 737,76 ლარი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას არ დაურღვევია გირაოს გამოყენების პირობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა. ხ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, რის შემდეგაც გ. გ. გათავისუფლდა პატიმრობიდან. საქმის მასალებში მოთავსებული ოქმის თანახმად ირკვევა, რომ გირაოს შემტანი პირი - ა. ხ. გაფრთხილებულ იქნა გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე.

10. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლი გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხისა და უძრავი ქონების დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას. კერძოდ, მე-8 ნაწილი გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხისა და უძრავი ქონების დაბრუნებას ითვალისწინებს კუმულაციურად ორი პირობის არსებობის შემთხვევაში: თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

11. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ 2018 წლის სექტემბრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ვერ დადგინდა გ. გ-ს ადგილსამყოფელი, კერძოდ: მას არაერთხელ გაეგზავნა სასამართლოში გამოცხადების შესახებ შეტყობინება საქმის მასალებში მითითებულ მის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაჰბარდა, რადგან შეიცვალა მისამართი. მასთან დაკავშირება ასევე ვერ მოხერხდა სატელეფონო კომუნიკაციის შედეგადაც. ამასთან, მას სასამართლოსთვის არ შეუტყობინებია, რომ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილი გ. გ-ს საზღვრის კვეთის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან იმავე წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რის შესახებაც მას ასევე არ უცნობებია სასამართლოსთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახად იკვეთება, რომ მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა - სასამართლოში დროული გამოცხადების ვალდებულება, რის გამოც არ არსებობს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონების წილის დაბრუნების საფუძველი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე