Facebook Twitter

საქმე # 330100121004285437

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №981აპ-21 ქ. თბილისი

ო. ჯ., 981აპ-21 9 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას დამძიმების კუთხით - პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ჩადენილი ქმედებების ხასიათის, სისტემატურობისა და ოჯახური დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

2. მსჯავრდებულ ჯ. ო-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ყ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 აპრილის განაჩენით ჯ. ო., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები; სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.

ჯ. ო. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან.

ჯ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ო-მ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ.

ჯ. ო-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის აგვისტოსში, .. ოჯახურ წვრილმან საკითხებზე შეკამათებისას, მთვრალმა ჯ. ო-მ თავის მეუღლეს - მ. ჩ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ: აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, ასევე ამცირებდა მას, რითაც მ. ჩ-მა განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა.

- 2020 წლის 8 ნოემბერს, .. მთვრალმა ჯ. ო-მ თავის მეუღლეს - მ. ჩ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა.

- 2020 წლის 16 დეკემბერს, საღამოს საათებში, .. ნასვამმა ჯ. ო-მ თავის მეუღლეს - მ. ჩ-ს დაუწყო ყვირილი, აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, რის შედეგადაც მ. ჩ-მ განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა.

- 2020 წლის 16 დეკემბერს, საღამოს საათებში, .. ნასვამმა ჯ. ო-მ თავის მეუღლეს - მ. ჩ-ს დაუწყო ყვირილი, აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, რა დროსაც ჯ. ო-მ იქვე, სამზარეულოს მაგიდიდან, აიღო დანა და დანით ხელში მომარჯვებული გაემართა მ. ჩ-სა და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართულებით, თან უყვიროდა მათ, რომ დანას დაარტყამდა და დახოცავდა. მ. ჩ-მა დაუჭირა ხელი და ცდილობდა მის შეჩერებას. ამ დროს ჯ. ო-მ მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 16 დეკემბერს, საღამოს საათებში, .. ნასვამმა ჯ. ო-მ თავის მეუღლეს - მ. ჩ-ს დაუწყო ყვირილი, აგინებდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. ამ დროს ჯ. ო-მ იქვე, სამზარეულოს მაგიდიდან, აიღო დანა და დანით ხელში მომარჯვებული გაემართა მ. ჩ-სა და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართულებით, თან უყვიროდა მათ, რომ დანას დაარტყამდა და დახოცავდა. მ. ჩ-მა და მ. ე-მ აღნიშნული მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, დამძიმების კუთხით და ჯ. ო-სათვის დანიშნული სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 აპრილის განაჩენში, კერძოდ:

ჯ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის, დამცირების ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია ჯ. ო-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას.

ჯ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ჯ. ო-ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამავე კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. ო-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ჯ. ო-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც აღიარა და მოინანია, უდავოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, წარსულში არ არის ნასამართლევი) და ასევე დამამძიმებელი გარემოება (დანაშაულის ჩადენის ხერხი - მუქარა დანის გამოყენებით), ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ჯ. ო-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მსჯავრდებულს დაუმძიმა სასჯელი, რომლის კიდევ უფრო დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე