საქმე # 190100120003990370
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №982აპ-21 ქ. თბილისი
გ.ლ. 982აპ-21 15 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. უ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–ს, - დაბადებულს 2... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111-115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. ლ. გ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1 2019 წლის მაისის დასაწყისში, დაახლოებით 13:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მეუღლემ - ლ. გ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მარჯვენა ხელი დაარტყა სახესა და თავის ზედა არეში მეუღლეს - ლ. ჯ–ს. აღნიშნული ქმედებით ლ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ. გ–მ ორივე გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა და მარცხენა ლოყის არეში და თმით ათრია მეუღლე - ლ. ჯ–ი. აღნიშნული ქმედებით ლ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, თ–ში, ..........ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. გ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ორსულ მეუღლეს - ლ. ჯ–ს გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, აღნიშნულის შედეგად, ლ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4 2020 წლის აგვისტოში, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში მდებარე N... კორპუსის ეზოში, ლ. გ–ი დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ლ. ჯ–ს, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა მას, ასევე დედამისს - ზ. ნ–ს და 5 წლის ძმას - გ. ნ–ს. აღნიშნული ლ. ჯ–მ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გადაწყვიტა, რომ სიცოცხლე დაესრულებინა თვითმკვლელობით. ამის გამო, 2020 წლის 31 აგვისტოს ლ. ჯ–ი ავიდა გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში არსებულ N... კორპუსის სახურავზე და ცდილობდა გადმოხტომას.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით:
3.1. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (20.. წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.
3.2. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (20.. წლის მაისის შუა რიცხვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.
3.3. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.
3.4. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით.
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით.
3.6. ლ. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ლ. გ–ს მიმართ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის დანიშვნას.
დაცვის მხარემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
5.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
5.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება.
5.3. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის შუა რიცხვების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111-115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.
5.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის შუა რიცხვების ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.
5.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით.
5.7. საქართველოს სსკ-ის 111-115-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით.
5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით.
5.9 ლ. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
6.1 პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და ლ. გ–სათვის ძირითადი სასჯელის სახით მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის დანიშვნას.
6.2 დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და ლ. გ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას (სასჯელის შემსუბუქებას).
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ლ. გ–ს ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით: 2020 წლის 31 აგვისტოს ზ. ნ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, 2020 წლის 1 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ლ. ჯ–ის წერილით, 2020 წლის 29 სექტემბრის სახურავის დათვალიერების ოქმით, N... შემაკავებელი ორდერით, N... სამედიცინო ბარათით, დაზარალებულ ლ. ჯ–ის ჩვენებით, მოწმეების: დ. რ–ს, ზ. ზ–ს, დ. გ–ს, ზ. ნ–ს, მ. კ–ს ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ლ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111-115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულ ლ. გ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111-115-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დამამძიმებელი გარემოება (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით შეუფარდა სასჯელი საქართველოს 115-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადაზე 1 წლით მეტი ხანგრძლივობით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება დანაშაულის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. შესაბამისად, ლ. გ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), წინარე ნასამართლობის არ არსებობის და დანიშნული სასჯელის სახის (დანიშნული სასჯელი წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სანქციებით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელს) და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. უ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე