საქმე # 180100121004382296
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №983აპ-21 ქ. თბილისი
ბ. ბ. 983აპ-21 15 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ბ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბ. ბ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის დეკემბერში, დღის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ თ–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე, ბ. ბ–მ მეუღლეს, ა. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ყელზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც ა. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის დეკემბერში, დღის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ თ–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე, ბ. ბ–ი მეუღლეს, ა. ს–ს, თოფის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ა. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2021 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ თ–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში და მეზობლის დ. ჭ–ს სახლის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე, ბ. ბ–მ მეუღლეს ა. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: ხელ-ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ტანის არეში, ხელი მოუჭირა ყელზე, რა დროსაც ა. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით:
2.1. ბ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ბ. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი.
2.4. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლით, დამატებით სასჯელად ბ. ბ–ს დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა - 2 წლით.
2.5. ბ. ბ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებიდან.
2.6. ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 7 იანვრიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
3.1. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2020 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
3.2. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2021 წლის 6 იანვრის ეპიზოდი).
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე მსჯავრდებულმა ბ. ბ–მ აღიარა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(2020 წლის იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და გაითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:15:25 – 16:16:52).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ბ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის დეკემბრის ეპიზოდი).
7. დაზარალებულმა ა. ს–მ და მოწმე რ. გ–მ(ბ. ბ–ის დედა) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - ბ. ბ-ს წინააღმდეგ.
8. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ დაკითხულა მოწმე, რომელიც მიუთითებდა ბ. ბ–ის მიერ ა. ს–ს მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენას. ნ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, დასტურდება ა. ს–ს მდგომარეობა 2021 წლის 7 იანვარს; მოწმეების: ი. ც–სა და მ. შ–ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით ასევე დგინდება, რომ ისინი არიან 2021 წლის 6 იანვარს ბ. ბ–ის მიერ მეუღლის - ა. ს–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის თვითმხილველნი; 2021 წლის 7 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ა. ს–მ მიუთითა მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც ბ. ბ–მ 2021 წლის 6 იანვარს იძალადა მასზე; 2021 წლის 7 იანვარს შედგენილი შემაკავებელი ორდერის N..... ოქმში მითითებულია, რომ მოძალადე ბ. ბ–მ 2021 წლის 6 იანვარს სოფელ თ–ში, მსხვერპლ - ა. ს–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 თებერვლის N...... დასკვნით(რომელიც ემყარება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების N..... სამედიცინო ბარათს) ა. ს–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა ვერ დადგინდა.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ბ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2020 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. ყველა მტკიცებულება მიუთითებს ბ. ბ–ის მიერ 2021 წლის 6 იანვარს ანი სულთანოვაზე ჩადენილ ძალადობაზე, რაშიც ბ. ბ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი და განესაზღვრა შესაბამისი სასჯელი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
11. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ბ. ბ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე