Facebook Twitter

საქმე # 330100121004724381

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №984აპ-21 ქ. თბილისი

ბ. გ. 984აპ-21 3 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 2 მაისს გ. ბ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N..... შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში მას აეკრძალა დისშვილთან - ნ. ლ–სთან, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ. ლ–ო იმყოფებოდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ. ბ–ე შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით განრიდებულ იქნა ქ. თ–ში, წ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 3 მაისს, დაახლოებით 15:30 საათიდან 16:15 საათამდე დროის მონაკვეთში, გ. ბ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა ქ. თ–ში, წ–ს ქ. N..-ში მდებარე ნ. ლ–ოს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 - 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 3 მაისიდან 2021 წლის 17 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნათია გურულმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა გ. ბ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; პირველადაა სამართალში.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე