Facebook Twitter

საქმე # 060100121004786353

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№997აპ-21 ქ. თბილისი

გ. გ., 997აპ-21 28 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში; კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ა. გ-მ და მოწმეებმა - ნ. გ-მ და თ. ბ-მ სასამართლოს არ მისცეს გ. გ-ს საწინააღმდეგო ჩვენებები, დაზარალებულ ა. გ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მოწმეების - ნ. შ-სა და ფ. გ-ს ჩვენებებით უტყუარად დასტურდება გ. გ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ს ბრალად დაედო სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 24 მაისს, 18:00 საათზე, .. მდებარე ნ. გ-ს საცხოვრებელ სახლში, გ. გ-მ შვილს - ა. გ-ს სექსუალური ორიენტაციის გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, მოქაჩა თმა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ძალადობის შედეგად ა. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. გ. გ. თავის შვილს - ა. გ-ს, მისი პატივისა და ღირსების დამცირებით, მუდმივად სთხოვდა ცხოვრების წესის შეცვლას. 2021 წლის 24 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, გ. გ-მ შვილის ცხოვრების წესის გამო ფიზიკურად იძალადა ა. გ-ზე. კერძოდ, მოქაჩა თმა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნული ქმედებების შემდეგ ა. გ-მ ხონის რაიონის .. მდებარე ფ. გ-ს საცხოვრებელ სახლში მიიღო წამლის რამდენიმე აბი და სცადა თვითმკვლელობა.

3. გ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით გ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა გ. გ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა; დაზარალებულმა ა. გ-მ და მოწმეებმა - ნ. გ-მ და თ. ბ-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მოწმე ნ. შ-ს გამოკითხვის ოქმით დგინდენა, რომ 2021 წლის 25 მაისს გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რადგან მისი მეზობლის შვილიშვილმა - ა. გ-მ დალია დიდი რაოდენობით წამლის აბები; მოწმე ფ. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის გამომძიებელი, რომელმაც გამოძიების დროს გამოკითხა დაზარალებული, თუმცა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ თავად ა. გ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, შეუძლებელია, ფ. გ-ს ირიბი ჩვენება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით ირკვევა, რომ ნ. გ-მ თავის სახლში მიუთითა დივანზე, რომელზეც 2021 წლის 24 მაისს იწვა ა. გ. და სასტუმრო ოთახზე, სადაც, სავარაუდოდ, მოხდა დაპირისპირება მის შვილიშვილსა და მამამისს შორის, ხოლო ფ. ბ-მ მიუთითა თავის სახლში, ხის მაგიდაზე არსებულ ფლაკონზე, საიდანაც მისმა შვილიშვილმა დალია დიდი რაოდენობით წამლის აბები და გახდა შეუძლოდ; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს, რომ გ. გ. შვილზე ძალადობდა, ხოლო, მეორე მხრივ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა. გ-მ დიდი რაოდენობით წამლის აბები დალია, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ გ. გ-მ თავისი განზრახი ქმედებებით თვითმკვლელობამდე მიიყვანა შვილი.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი