საქმე # 010142221700145493
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №65აგ-21 ქ. თბილისი
მ.გ. 65აგ-21 1 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით გ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ. მ–ს სასჯელი ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მაისიდან;
გ. მ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. მ–მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/12/1276 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინების გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ–მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ)“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილებით, საქმეზე ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან.
4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენების საკითხზე კასატორის მსჯელობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი ,,მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება არ მიუთითებს, რომ შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და განსხვავებულია სახელმწიფოს პასუხი ამ ქმედების მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
5. „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74). შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება.
6. საკასაცო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის როგორც წესი არ არის დასრულებული ან აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს. სხვა შემთხვევაში საპროცესო ნორმის მოქმედებისას მიღებული საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა გათვალისწინებული არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვალის განჩინება №16აგ-19; 2020 წლის 25 თებერვალის განჩინება №36აგ-19).
7. საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღის, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გ. მ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო 2018 წელს მოპოვებულ მტკიცებულებებს, გ. მ–ს მსჯავრდება ემყარება ფარული საგამოძიებო მოქმედების (ფარული აუდიო/ვიდეოჩაწერა) ამსახველ ვიდეო ჩანაწერს; ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N....... დასკვნას, მოწმე ს. მ–ს ჩვენებას და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს - სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტსა და საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესებს.
8. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე