Facebook Twitter

საქმე # 010142221700146878

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №66აგ-21 ქ. თბილისი

ზ. მ. 66აგ-21 2 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მ. ზ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 15 წლით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

მსჯავრდებულ მ. ზ–ს სასჯელი ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 20 იანვრიდან;

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ზ–ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. ზ–ს ადვოკატმა დ. კ–მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ბ’’, ,,დ“ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გაყალბებულია მსჯავრდებულ მ. ზ–ს ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი, მსჯავრდებულის განმარტებით, ოქმში ასახული ინფორმაცია მას არასოდეს მიუწოდებია გამოძიებისათვის; მ. ზ–ს პირადი ჩხრეკა და ჩხრეკის შედეგები დადასტურებული აქვს მხოლოდ ერთ პოლიციელს - რ. კ–ს; მ. ზ–ს პირადი ჩხრეკის ოქმი არ შეესაბამება სინამდვილეს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე არსებობს ბრალდებულის ხელმოწერა; პირადი ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში აშკარად განსხვავებული პაკეტებია აღწერილი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას; საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონფიდენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთიერება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, გარდა ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელებისა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება, მოცემულ შემთხვევაში კი ამოღებულ პაკეტებზე არ ჩატარებულა გენეტიკური ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო, პაკეტებზე აღინიშნებოდა თუ არა მ. ზ–ს დნმ-ის კვალი, ასევე, სასამართლოში არ წარმოუდგენიათ .....ს საერთაშორისო აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო მ. ზ–ს გადაადგილება, შეჩერება და სხვა, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ზ–ს ადვოკატმა დ. კ–მ, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე დაშვებას, საჩივრის მსჯავრდებულის მონაწილეობით განხილვასა და მის დაკმაყოფილებას - სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ)“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; „დ)“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ხოლო, ,,ვ)“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ მ. ზ–ს ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მოტივები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას. ადვოკატის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის მსგავსი ჩვენება მ. ზ–ს გამოძიებისათვის არასდროს მიუცია, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა თავად მიმართა განცხადებით პროკურორს, რომელშიც მიუთითებდა, რომ სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და სადავოდ არ ხდიდა ბრალდების მხარის არცერთ მტკიცებულებას, რაც გახდა კიდეც ბრალის აღიარებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა და დამტკიცების საფუძველი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული სსსკ-ის 310-ე მუხლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივარში მითითებულ იმ საკითხებზე მსჯელობის და მათი შეფასების შესაძლებლობას, რომლებიც სსსკ-ის თანახმად ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს და სათანადო საფუძვლის არსებობისას სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ფარგლებში... საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობის და შეფასების შესაძლებლობა, რომელი საკითხებიც კასატორისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 12 ივნისის განჩინება საქმეზე N 46აგ-19).

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობაში მითითებულ მტკიცებულებებზე და კასატორის მტკიცებაზე, რომ საქმეში არ არსებობდა მ. ზ–ს მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 14 სექტემბრის, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 26 აპრილის განაჩენებში იმსჯელა და სამართლებრივი კუთხით შეაფასა.

6. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან.

7. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენების საკითხზე კასატორის მსჯელობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი ,,მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება არ მიუთითებს, რომ შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და განსხვავებულია სახელმწიფოს პასუხი ამ ქმედების მიმართ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).

8. „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74). შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის, როგორც წესი, არ არის დასრულებული ან აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს. სხვა შემთხვევაში საპროცესო ნორმის მოქმედებისას მიღებული საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა გათვალისწინებული არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვალის განჩინება №16აგ-19; 2020 წლის 25 თებერვალის განჩინება №36აგ-19).

10. საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღის, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მ. ზ–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2015 წელს - სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტსა და საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესებს.

11. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე