საქმე # 010142221700228879
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №74აგ-21 24 თებერვალი, 2022 წელი
კ. ი., 74აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ი. კ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. კ-ს განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2017 წლის 6 თებერვლიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის უკან გათხოვნის შესახებ და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
3. 2021 წლის 24 სექტემბერს მსჯავრდებულმა ი. კ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. მსჯავრდებული ი. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას შუამდგომლობა, რადგან მიიჩნევს, რომ განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ, ერთი მხრივ, არასწორად განმარტა კანონი, როდესაც განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმის ან მისი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, როდესაც იგი არსებითად არის დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსთან, ხოლო, მეორე მხრივ, არასათანადოდ დაასაბუთა, რას გულისხმობდა ,,არსებითად დაკავშირებაში“ და რატომ არ იყო გამოკვეთილი ასეთი კავშირი მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმესთან; სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგები უნდა გავრცელდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსა და მათ დაკანონებაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსის აშკარა რეტროაქტიულ ხასიათს; გადაწყვეტილების დასაბუთებისას საააპელაციო სასამართლო გასცდა საპროცესო კანონმდებლობით შუამდგომლობის დასაშვებობის გადაწყვეტის ეტაპზე მისთვის დადგენილ საპროცესო ფარგლებს, როდესაც არსებით საკითხებზე იმსჯელა; შუამდგომლობის განმხილველმა ერთ-ერთმა მოსამართლემ - მ. გ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელებისას, როგორც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ, დასაშვებად ცნო ის ნივთიერი მტკიცებულება, რომლის დაუშვებლობის თაობაზე მიმართა სწორედ კასატორმა შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს, რისი მხედველობაში მიღებითაც, გამოკვეთილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს და იმისათვის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურად უზრუნველეყოთ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა, რომ მათ ჰქონოდათ მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციები, ასევე - რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, საჭირო გამხდარიყო სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული სტანდარტები ემსახურება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა თვითნებობის რისკების პრევენციას, თუმცა, ჩხრეკის ჩატარების სათანადო ინსტრუქციისა და ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებას შესაძლოა შეეფერხებინა სამართალდამცავთა ლეგიტიმური ქმედებები, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს უნდა მისცემოდათ გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც უშვებდა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდებოდა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულიყო - 2021 წლის 1 ივლისამდე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, ი. კ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას: ,,საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია. ამ პროცედურების მიზანია, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, არსებობდეს საკმარისი და ეფექტური მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დანაშაულის ფაქტის დადასტურებას ან გამორიცხვას. [...] მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი. [...] საპროცესო-სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73-74; 77), რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებსაც ეფუძნება შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განჩინებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ვერ დაედებოდა საფუძვლად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ი. კ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან.
8. რაც შეეხება კასატორის მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი შუამდგომლობის განმხილველი პალატის თავმჯდომარის, მოსამართლე - მ. გ-ს აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი მონაწილეობდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში, როგორც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე და შეაფასა სადავოდ გამხდარი მტკიცებულების დასაშვებობა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. ამდენად, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლეს არ აქვს უფლება, განიხილოს საქმე არსებითად, თუ მას ეს საქმე განხილული ჰქონდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და არა - პირიქით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე №36აგ-19; №46აგ-21; №53აგ-21; №6აგ-21), ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ განიხილა არა მოსამართლე მ. გ-ს გადაწყვეტილებაზე საჩივარი, არამედ - შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი