საქმე # 020142221700240004
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №76აგ-21 ქ. თბილისი
ბ. ჯ. 76აგ-21 17 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ხ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით ჯ. ბ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’, „ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანხამად, გაუქმდა ჯ. ბ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 აგვისტოდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენი ჯ. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი. ხ–მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/12/1276 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა. ადვოკატის მითითებით: ჯ. ბ–ა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას თავს არ ცნობდა დამნაშავედ; სასამართლო დაეყრდნო პოლიციელების აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელ ჩვენებებს; სხვა მოწმეები და საქმეში არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებდნენ ჯ. ბ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაზე; საქმეზე მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო სახრახნისი, რომელიც მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, თითქოსდა, ხელში ეჭირა ჯ. ბ–ს და მისი საშუალებით ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებას, მაშინ, როდესაც, ჯ. ბ–ს სახრახნისი არ ჰქონია; გამოძიებისას ნივთმტკიცებებიდან ამოიღეს ბიოლოგიური კვალი, თუმცა მისი შედარება ჯ. ბ–სგან აღებულ ბიოლოგიურ მასალასთან არ მომხდარა, ხოლო დაცვის მხარემ ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო უსახსრობის გამო; სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულებები - სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან და სახრახნისიდან ამოღებულ ბიოლოგიურ კვლებზე სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, რითაც უდავოდ დადასტურდებოდა ჯ. ბ–ს უდანაშაულობა, რაც საგამოძიებო ორგანოებს არ განუხორციელებიათ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბერის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ხ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბერის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ადვოკატმა ი. ხ–მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ)“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ადვოკატის - ი. ხ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მოტივები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომლებიც არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას. ადვოკატის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არასაკმარისი მტკიცებულებები, არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო მოწმეთა ჩვენებები, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 25 აპრილის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 26 თებერვლის განაჩენებში, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებაში იმსჯელა და სამართლებრივი კუთხით შეაფასა, შესაბამისად, ისინი განაჩენის გადასინჯვას საფუძვლად ვერ დაედება.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილებით, საქმეზე ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან.
5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენების საკითხზე კასატორის მსჯელობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი ,,მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი საპროცესო კანონმდებლობის ცვლილება არ მიუთითებს, რომ შეიცვალა პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და განსხვავებულია სახელმწიფოს პასუხი ამ ქმედების მიმართ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
6. „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74). შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება.
7. საკასაცო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის, როგორც წესი, არ არის დასრულებული ან აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს. სხვა შემთხვევაში საპროცესო ნორმის მოქმედებისას მიღებული საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა გათვალისწინებული არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვალის განჩინება №16აგ-19; 2020 წლის 25 თებერვალის განჩინება №36აგ-19).
8. საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღის, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. ბ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო 2018 წელს მოპოვებულ მტკიცებულებებს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტსა და საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესებს.
9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ადვოკატის - ი. ხ–ს შუამდგომლობა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ხ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე