საქმე # 010100119003187742
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №741აპ-21 ქ. თბილისი
თ. გ. 741აპ-21 1 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. თ–ს, - დაბადებულა 1... წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, აეროპორტის გზატკეცილზე N..-ში განთავსებულ ,,............ ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, გ. თ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის გამოყენებით ე. შ–ს მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ბადექონისა და კოლინჯის დაზიანებით, რის შემდეგაც კვლავ ცდილობდა ე. შ–ს დანის დარტყმას, თუმცა ზ. ბ–მ და გ. დ–მ შეაჩერეს. ე. შ–ე ქალაქ ბ–ს ........... ჰოსპიტალში ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განაჩენით გ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
მსჯავრდებულ გ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 3 აგვისტოდან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ–ს ადვოკატმა ი. ა–მ, რომელმაც ითხოვა გ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლში გამართლება და საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, შესაბამისი მსუბუქი სასჯელის დანიშვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განაჩენი გ. თ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ–ს ადვოკატმა ი. ა–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლში გამართლებას და საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას, შესაბამისი მსუბუქი სასჯელის დანიშვნით.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: დაზარალებულ ე. შ–სა და მოწმე გ. დ–ს ჩვენებებით, მოწმე ზ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით) დასტურდება გ. თ–ს მიერ დაზარალებულ ე. შ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.
10. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. თ–მ ე. შ–ს დანის გამოყენებით მიაყენა სხეულის დაზიანება, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, მას არ ჰქონია დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა, არამედ იცავდა თავს, რა დროსაც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
11. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ე. შ–ს ჩვენების თანახმად, ის და გ. თ–ე შელაპარაკდნენ და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ე. შ–ემ გ. თ–ს ჯერ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, შემდეგ კი ხელი ჰკრა მხარზე. საპასუხოდ, გ. თ–მ დანა დაარტყა მუცლის არეში, რის გამოც ე. შ–ე წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ რა მოხდა, აღარ ახსოვს.
12. მოწმე გ. დ–მ განმარტა, რომ გ. თ–სა და ე. შ–ს შორის იყო შელაპარაკება. დაპირისპირების დროს ე-მ ხელი ჰკრა გ-ს. სწორედ ამ დროს გ. თ–მ დანა ერთხელ დაარტყა ე. შ–ს. ეს უკანასკნელი დარტყმის შედეგად ცუდად გახდა და წაიქცა. ის და ზ. ბ–ე მაშინვე მივარდნენ და გააჩერეს გ. თ–ე. ეს რომ არ გაეკეთებინათ, შეიძლება უარესი მომხდარიყო.
13. მოწმე ზ. ბ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, გ. თ–სა და ე. შ–ს შორის კამათი გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში, რა დროსაც ე-მ შეაგინა გ-ს. უცებ გ. თ–მ ჯიბიდან ამოიღო დანა. ზ. ბ–მ სცადა მისი შეჩერება და ფაქტობრივად, დანიან ხელზე ეცა, თუმცა გ. თ–ე დაუსხლტა ხელიდან და მუცლის არეში დანა დაარტყა ე. შ–ს, რომელიც მაშინვე ძირს დავარდა. მიუხედავად ამისა, გ. თ–ე გაიწია წაქცეული ე-სკენ და კვლავ აპირებდა მისთვის დანის დარტყმას, თუმცა ზ. ბ–მ შეაკავა და აღარ მისცა წაქცეულისთვის დანის დარტყმის საშუალება.
14. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ( დათვალიერებული იქნა ქ. ბ–ში, ..........ის N..-ში განთავსებული ...........ს ჰოსპიტლიდან გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები) ასევე დადგენილია, რომ ე. შ–სა და გ. თ–ე შორის ნამდვილად მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ისინი ერთმანეთის პირისპირ იყვნენ, ხოლო გ. დ–ე მათ შუაში იდგა. ის ე. შ–ს განმარტებით, ცდილობდა მათ დამშვიდებას და ერთმანეთისგან დაშორებას, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით. ჩანაწერის თანახმად, გ. თ–ე ე. შ–სთან მივიდა და მიახლოებისთანავე მუცლის არეში დაარტყა, ე. შ–ს განმარტებით, დანა. დარტყმისთანავე ე. შ–ე ძირს დავარდა. გ. თ–ე კვლავ მივიდა მასთან და დააპირა დარტყმა, თუმცა ზ. ბ–მ ხელი დაუკავა, ხოლო გ. დ–მ აფთიაქის უკანა მხარეს გაიყვანა.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. თ–ს მიერ ე. შ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა და არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დგინდება, რომ გ. თ–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19, ასევე 2021 წლის 10 ივნისის განჩინება N 960აპ-20).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. შ–ს დაჭრის ფაქტს წინ უსწრებდა მასა და გ. თ–ს შორის კონფლიქტი. ურთიერთშელაპარაკებისას ე. შ–ე ფიზიკურად შეეხო - სახეში ხელი გაარტყა, ასევე ხელი ჰკრა მხარზე გ. თ–ს, თუმცა ამ უკანასკნელმა საპასუხოდ მუცლის არეში დაარტყა დანა, ამასთან, ვიდეოჩანაწერის თანახმად, დარტყმისთანავე ე. შ–ე ძირს დავარდა, რა დროსაც გ. თ–მ კვლავ სცადა მისთვის დანის დარტყმა, რაც ვერ შეძლო, რადგან ხელი დაუკავა ზ. ბ–მ. ამდენად, დაზარალებულმა მხოლოდ ხელი დაარტყა მსჯავრდებულს, ამ უკანასკნელმა კი მუცლის არეში დანის დარტყმის შემდგომაც სცადა წაქცეულისათვის განმეორებით დაერტყა დანა.
18. მოწმეთა ჩვენებებისა და შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. თ–ს არ ჰქონდა მკვლელობის განზრახვა და დანაშაული, კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონფლიქტის ხანგრძლივობისა და დინამიკის გათვალისწინებით, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა) და არც - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. თ–მ თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მკვლელობის მცდელობა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე