Facebook Twitter

საქმე # 330100120003436503

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N804აპ-21 7 მარტი, 2022 წელი

კ-ი დ, 804აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით დ. კ, - დაბადებული … წლის … მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 14 ნოემბრიდან.

დ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 20 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 15 წლით. დ. კ-ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ათვლა დაეწყება განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. მ-ს სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენში დ. კ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ: დ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე დ. კ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

დ. კ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 18.260-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე. დ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

დ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 14 ნოემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, დ. კ-ს ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 20 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 15 წლით. დ. კ-ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ათვლა დაეწყება განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

3. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. მ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 18.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.

4. 2021 წლის 12 აგვისტოს მსჯავრდებულმა დ. უ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. მ-მა იშუამდგომლეს - არ იქნეს განხილული ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩვარი და ითხოვეს მისი განუხილველად დატოვება.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, მსჯავრდებულ დ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი