საქმე # 120100120003486151
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №896აპ-21 ქ. თბილისი
თ. ჯ., 896აპ-21 27 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ჯ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: სასამართლომ ტენდენციურად და მიკერძოებულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამოიტანა უკანონო გამამართლებელი განაჩენი, რომელიც უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ჯ. თ-ს ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით; ამასთან, დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ჯ. თ-ს ბრალდებისა და ს. თ-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებს; სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევია არა მარტო ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, არამედ - ნარკოტიკული დანაშაულისთვისაც, რაც ცალსახად მეტყველებს ჯ. თ-ს მიდრეკილებაზე ახალი დანაშაულის ჩასადენად.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. თ-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჯ. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ახალციხეში, .. მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ჯ. თ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - ს. თ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სამჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით ჯ. თ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ჯ. თ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას 7000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, მ. თ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ... .
ჯ. თ-ს განემარტა, რომ მას აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ჯ. თ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯ. თ-ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ. თ-ს მხრიდან შვილზე ძალადობის ფაქტს, კერძოდ: როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, დაზარალებულმა ს. თ-მ და მოწმე მ. უ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს, შესაბამისად, მამისა და მეუღლის - ჯ. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც მათ მიერ გამოძიებაში გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - ჯ. თ-ს სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმსა და მის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს, ვერც ერთი ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ისევე როგორც - დაცვის მხარის მიერ ჯ. თ-ს ბრალდებისა და ს. თ-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებების უდავოდ ცნობა (ჯ. თ-მ სასამართლოში არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ამასთან, მტკიცებულებათა ნაწილი ცნო სადავოდ, ნაწილი - უდავოდ) და მისი წარსულში ნასამართლობა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი