Facebook Twitter

ბს-1416-991(კ-05) აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. წკეპლაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად ცნობილი აქტის სასამართლო წესით ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. თ-მა 24.05.05წ. სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამრთლოს და “ა. თ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹პ-944 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2001წ. 30 აპრილიდან შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ....-ის უფროსად, ხოლო შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ...-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. ფინანსთა მინისტრის 04.05.04წ. ბრძანების საფუძველზე ა. თ-ი გაფრთხილებული იქნა შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების თაობაზე. ა. თ-მა შტატების შემცირებისას შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად მისი უპირატესი დარჩენის უფლების გათვალისწინების თხოვნით წერილობით მიმართა ფინანსთა მინისტრს.

07.06.04წ. ა. თ-ი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹396-კს ბრძანებით განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება ა. თ-მა გაასაჩივრა სასამართლოში. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 04.08.04წ. გადაწყვეტილებით ა. თ-ი აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე და მოპასუხეს იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 23.12.04წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ბრძანება ა. თ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში, ა. თ-ი აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მოპასუხეებს იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტსრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.04.05წ. განჩინებით კასაციები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის 23.12.04წ. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ფინანსთა მინისტრმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 04.08.04წ. და საოლქო სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილებების აღსასრულებლად გამოსცა 24.04.05წ. ¹1-944 ბრძანება “ა. თ-ის აღდგენის შესახებ”. ხსენებული ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ¹396 კს ბრძანება ა. თ-ის საბაჟო ლაბორატორიის უფროსის მ.შ. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში. 2005წ. 26 აპრილიდან ა. თ-ი აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო რეგულირების სამმართველოს საბაჟო შემოსავლების და გადასახადის გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. ა. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹კ-944 ბრძანების ბათილად ცნობა, ვინაიდან ბრძანება გამოიცა გაუქმებული სასამართლო გადაწყვეტილებების (რაიონული სასამართლოს 04.08.04წ. და სააპელაციო პალატის 03.12.04წ. გადაწყვეტილებების) აღსასრულებლად, შემოთავაზებული თანამდებობა არ არის წინანდელის თანაბარი, იგი არ არის გათვალისწინებული დამტკიცებული საშტატო ნუსხით, რაც გამოიწვევს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ფორმალური დანიშვნის გაუქმებას.

ა. თ-მა 08.06.05წ. სასამართლოს საქმეზე დასართავად წარადგინა ახალი მტკიცებულებები, მათ შორის “საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹პ-944 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ” ფინანსთა მინინისტრის 08.06.05წ. ¹პ-1220 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.05წ. გადაწყვეტილებით ა. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹პ-944 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.09.05წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ა. თ-ის სარჩელის საგანი იყო ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹პ-994 ბრძანება, რომელიც მინისტრის ძალაში შესული ¹პ-1220 ბრძანებით ბათილად გამოცხადდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნის არარსებობის გამო ა. თ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 28.09.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-მა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ საერთოდ არ მიუთითა კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოსარჩელე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს დავა უნდა გადაეწყვიტა სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს. კასატორი თვლის, რომ აღნიშნულის გამო საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამით უარყოფილ იქნა მარლთმსაჯულების წესით საქმის განხილვისა და გადაწყვეტის უპირატესობა სხვა წესით საქმის განხილვასთან შედარებით. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატას ასევე უნდა გამოეყენებინა ზაკ-ის მე-60 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ფინანსთა საინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 24.05.05წ. ა. თ-მა “ა. თ-ის აღდგენის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹კ-944 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამრთლოში და იმავდროულად ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.05.05წ. განჩინებით ა. თ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრისა და ადმინისტრაციული სარჩელის ერთდროულად წარდგენის შემთხვევაში, სასამართლოში აღნიშნული სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, სსკ-ისა 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო, თუ მან მაინც განიხილა იგი და გააუქმა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ამ შემთხვევაში დავის საგნის არარსებობის გამო საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა შეწყვიტოს საქმისწარმოება, თუ არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.

განსახილველ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე განიხილა ა. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ფინანსთა მინისტრის 08.06.05წ. პ-1220 ბათილად ცნო სადავო ¹პ-944 ბრძანება “ა. თ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ”. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფინანსთა მინისტრის 08.06.05წ. პ-1220 ბრძანება, რომლითაც ბათილად გამოცხადდა სადავო აქტი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მისი კანონიერება არ შეადგენდა სასამართლოს მსჯელობის საგანს. ამდენად, სასამართლოში ა. თ-ის სარჩელის განხილვის დროს დავის საგანი, - “ა. თ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹კ-944 ბრძანება, ბათილად იყო ცნობილი. მიუხედავად სადავო ბრძანების არარსებობისა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სსკ-ის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინიტსრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს. სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის დროს მოქმედებდა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის ამჟამად მოქმედი რედაქცია. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მხოლოდ იმ გარემოებით შემოიფარგლა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო აქტი უკვე ბათილად იყო ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას არცერთ ნორმატიულ აქტზე, სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად გამოეცხადებინა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა სამართალწაროების შეწყვეტის უპირობო საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება და დაადგინოს, ჰქონდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში მხარეს სასამართლოს მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი. სასამართლომ უნდა გაარკვიოს სადავო აქტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად გამოცხადება რატომ არ არის საკმარისი მხარის უფლებების აღსადგენად, რა ნაწილში ითხოვს ა. თ-ი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.04.05წ. ¹ა-944 ბრძანების ბათილად ცნობას, რა პატივსადები ინტერესი გააჩნია ა. თ-ს სასამართლოს მიერ ფინანსთა მინისტრის სადავო ბრძანების I-ლი პუნქტის ბათილად ცნობის მიმართ, რომლის თანახმად ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ¹396 კს ბრძანება ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მხარის კანონიერი ინტერესი სახეზეა მაშინ, როდესაც არსებობს იმავე მმართველობითი ღონისძიების განმეორების შესაძლებლობა, რეაბილიტაციის, ზიანის ანაზღაურების ინტერესი. მხარის კანონიერი ინტერესის არარსებობის შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა ა. თ-ის სარჩელის დასაშვებობის თაობაზე და დაადგინოს სარჩელის ასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნებისადმი შესაბამისობა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 262 მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.09.05წ. გადაწყვეტილება; საქმე განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.