საქმე # 330100121004330971
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№897აპ-21 ქ. თბილისი
მ. თ., 897აპ-21 10 იანვარი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-მა, რომელიც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის ზედმეტად მკაცრი, რადგან სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა თ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: მან გამოძიებაშივე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია; მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, რისი მხედველობაში მიღებითაც, ითხოვს, რომ თ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის შეეფარდოს ალტერნატიული სასჯელები - ჯარიმის სახით ან შეფარდებული სასჯელები ჩაეთვალოს პირობითად, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 1 წლით; შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა სრულად და თ. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 1 წლით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-მა ჩაიდინა: ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის 22 დეკემბერს, დღის საათებში, თბილისში, .. თ. მ-მა გ. ნ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თ. მ. მივიდა გ. ნ-ს ბინაში, სადაც მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ სამზარეულოდან აიღო დანა და ძლიერად მოუქნია მუცლის არეში, რის შედეგადაც გ. ნ-მა მიიღო დაზიანება ნაკაწრის სახით. თ. მ. გ. ნ-ს ასევე ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.2. აღნიშნულის შემდეგ თ. მ-მა ძლიერად მოქაჩა თმაში გ. ნ-ს და დააგდო იატაკზე, რის შემდეგაც ფეხი ძლიერად დაარტყა თავისა და მუცლის არეში. გ. ნ. სიცოცხლის გადასარჩენად გადახტა მე-2 სართულის აივნიდან. თ. მ-ს ქმედებების შედეგად გ. ნ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენის შეცვლა და თ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება; თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თ. მ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 1 წლით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ თ. მ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, თ. მ-ს საბოლოო სასჯელი შეუმსუბუქა, როდესაც დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა მთლიანად შეკრების ნაცვლად გამოიყენა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება - შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა ან არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება - არ არის მიზანშეწონილი, რადგან ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ თ. მ-ს ქმედებაში გამოკვეთილია, ერთი მხრივ, დანაშაულის რეციდივი, რომლის მხედველობაში მიღებითაც (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (რომლებიც ისჯება - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით) სასჯელის მინიმალური ზომის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას არ აქვს კანონიერი გამართლება, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის წარსული, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი (თ. მ. წარსულში ნასამართლევია სწორედ გ. ნ-ს მობილური ტელეფონის განზრახ დაზიანებისთვის, რისთვისაც შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რამაც ცალსახად ვერ მოახდინა პრევენციული გავლენა მსჯავრდებულზე; ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა; დანაშაულის იარაღად გამოყენებულია დანა; დაზარალებული სიცოცხლის გადასარჩენად გადახტა მე-2 სართლის აივნიდან) კუმულაციურად წარმოადგენს ჩადენილი ქმედებისა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელ ისეთ დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი