Facebook Twitter

საქმე # 240100119003082135

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №671აპ-21 ქ. თბილისი

მ. ა., 671აპ-21 27 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა (გამტყუნების ნაწილში) და მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ი. ო-სა და მოწმე ი. ხ-ს ჩვენებებს; გამოძიების ეტაპზე არ ჩატარებულა ა. მ-ს ამოცნობა, ხოლო სასამართლოში კი ჩატარდა საპროცესო ნორმების დარღვევით; დაზარალებულის მეუღლემ - მ. კ-მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი ა. მ. არ იყო; განაჩენი დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებას, რომლის წარმომავლობაც დადგენილი არ არის; ა. მ. შემთხვევის ადგილზე კი არა, მის სიახლოვესაც არ იმყოფებოდა, რასაც ადასტურებს სატელეფონო კრებსები; საქმეზე არ ამოღებულა არც ცეცხლსასროლი იარაღი და არც გასროლილი ტყვიები და მასრები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით არ დგინდება, რომ დაზარალებულს ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობა.

2. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კოდუა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან იგი კანონიერი სამართლიანი და დასაბუთებულია.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. მ-ს ბრალად ედება: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით; ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

ა. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 მარტს ქალაქ ს-ში, ... მდებარე, საწვავ/გასამართ სადგურ, შპს „ს-ს“ წინა, მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ ... საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევმა ა. მ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თან ნაქონი დანა ორჯერ დაარტყა ი. ო-ს მარჯვენა ფეხისა და მარჯვენა ხელის არეში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ შენახული და ხელთ ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა ი. ო-ს ქვედა კიდურის მიმართულებით, რის შედეგადაც ი. ო-მ მიიღო დაზიანება მარჯვენა ფეხის კოჭის არეში. აღნიშნულით დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ა. მ., - ... - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 26 მარტიდან.

ნივთმტკიცებები: „ფორდ ფოკუსის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით „ “ ავტომანქანა, სიგარეტი „MALBORO“’, სათვალე და ე.წ. საკეცი დანა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; სისხლისმაგვარი ლაქა, სისხლის ნიმუში, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ნერწყვის ნიმუში უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; სამი DVD დისკი უნდა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- პროკურორმა გიორგი კოდუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, ხოლო დანარჩენ ნაწილში - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

- მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. გ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ა. მ-ს ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ ი. ო-ს ჩვენებით, მოწმეების - ი. ხ., კ. ლ-ს, ა. ც-ს, ზ. ჯ-ს, ვ. მ-ს, ი. ხ-ს, ზ. გ-ს, რ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 26 მარტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 24 მარტის ოქმით, 2019 წლის 24 მარტის ამოღების ოქმებით, 2019 წლის 4 აპრილის ნიმუშის აღების ოქმით, 2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2019 წლის 24 ივლისის დასკვნითა და ექსპერტ ს. ყ-ს ჩვენებით, დაზარალებულ ი. ო-ს 2019 წლის 29 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ შ. თ-ს ჩვენებით, დაზარალებულ ი. ო-ს 2019 წლის 25 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ. გ-ს ჩვენებით, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 20 დეკემბრის დასკვნით, ექსპერტ ე. კ-ს ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. მ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

3. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გამოძიებაში დაზარალებულ ი. ო-სა და მოწმე ი. ხ-ს მონაწილეობით უკანონოდ არ ჩატარდა ა. მ-ს ამოცნობა, რაც ფაქტობრივად ჩატარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, გამოძიებაში არ არსებობდა მითითებული პირების მიერ ა. მ-ს ამოცნობის საჭიროება, რადგან ორივე მათგანმა გამოძიებისას განმარტა, რომ ა. მ-ს იცნობდნენ, როგორც სენაკის მკვიდრს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი დაკითხვის დროს ჩატარდა არა ბრალდებული პირის ამოცნობა, არამედ ამ პირებმა სასამართლოს წინაშე დამატებით დაადასტურეს, რომ ი. ო-ს დაზიანებები მიაყენა სწორედ სასამართლო დარბაზში მყოფმა ბრალდებულმა - ა. მ-მ, რაც არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობას.

4. დაცვის მხარის მითითება, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 29 მარტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ განიხილა მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე, რა დროსაც დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების, მათ შორის - მითითებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობა არ წარუდგენია, რის შემდეგადაც იგი მოსამართლის გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი.

5. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ არ დასტურდება ა. მ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ი. ო-სათვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, ვინაიდან, გარდა დაზარალებულ ი. ო-სა და მოწმე ი. ხ-ს ჩვენებებისა, რომლებიც ცალსახად უთითებენ, რომ ა. მ-მ მანქანიდან გამოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და ესროლა დაზარალებულს, აღნიშნული ასევე დადასტურებულია: დაზარალებულ ი. ო-ს 2019 წლის 29 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულის მარჯვენა, ქვემო კიდურზე, კოჭზე არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად; დაზარალებულ ი. ო-ს 2019 წლის 25 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც ირკვევა, რომ კოჭზე არსებული ჭრილობა განვითარებული უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად და ასევე - ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 20 დეკემბრის დასკვნით, რომლის თანახმად, დაზარალებულის შარვალსა და ერთ-ერთ წინდაზე, კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, რომლებიც ლოკალური არით შეესაბამება მარჯვენა ტერფისა და კოჭის მიდამოში არსებულ დაზიანებებს.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

7. ამათან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა ი. ო-მ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ირკვევა, რომ მას მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა, რომ მის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათები და, ამასთან, ა. მ-ს ჩადენილი არ აქვს ოჯახური დანაშაული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. რაც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ სასჯელებს, მოცემულ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათ მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. ა. მ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

4. ა. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ა. მ. გათავისუფლდეს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;

5. ა. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

8. მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2019 წლის 26 მარტიდან;

9. მსჯავრდებულ ა. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი