Facebook Twitter

საქმე # 340100120003946419

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №747აპ-21 ქ. თბილისი

თ.გ. 747აპ-21 1 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ. თ–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქალაქ ყ–ში, .......ის ქუჩა N..-ში მდებარე მისივე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სათავსში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა რუსული წარმოების ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრიან №.... ავტომატს (AKM); 1943 წლის ნიმუშის 7,62X39 მმ კალიბრიან სამხედრო სპეცდანიშნულების 38 ცალ ე.წ. „მგეზავ“ ვაზნას; ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის 7,62X39 მმ კალიბრიან სამხედრო სპეცდანიშნულების, სტანდარტულ ფოლადისგულიან 52 ცალ ვაზნას; ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის 7,62X39 მმ კალიბრიან სამხედრო სპეცდანიშნულების ჯავშანგამტარ 12 ცალ ვაზნასა და 1943 წლის ნიმუშის 7,62X39 მმ კალიბრიან სანადირო დანიშნულების 10 ცალ ვაზნას, განკუთვნილს 7,62 მმ კალიბრიან ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის - AKM, AKMC, კარაბინ CKC და ხელის ტყვიამფრქვევებისათვის, რაშიც იგი ამხილეს 2020 წლის 6 ივნისს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით გ. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

გ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 6 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ნ. გ–მ, რომელმაც ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გ. თ–ს გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი გ. თ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. თ–ს ადვოკატმა ნ. გ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ. თ–ს გამართლებას.

7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. თ–ს გამართლებას.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. თ–ს მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გ. თ–ს საცხოვრებელი სახლის სათავსში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დადო არა გ. თ–მ, არამედ სხვა - დაუდგენელმა პირმა, ამასთან, მათი აღმოჩენის და ამოღების შემდეგ პოლიციელებმა გ. თ–ს სთხოვეს, ნივთები უკან ჩაელაგებინა (დროებით) ტომარაში, რაც გ. თ–მ შეასრულა, შემდეგ კი კვლავ ამოიღეს ისინი და დალუქეს. აღნიშნული არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.

13. მოწმეთა ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და მათზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ. თ–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ხოლო ის ფაქტი, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებისას - სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებისა და ჩაწერისას არ ყოფილა საუბარი იარაღთან დაკავშირებით, არ გამორიცხავს მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციელების ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. მათი ჩვენებები გამყარებულია 2020 წლის 6 ივნისის ჩხრეკის ოქმით, ბიოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილია გ. თ–ს მიერ, რომელსაც შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაუფიქსირებია. საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასამართლო სხდომაზე გ. თ–ს განმარტებას, რომ ჩხრეკის მიმდინარეობისას სახლში იმყოფებოდა დედამისი, ასევე მივიდნენ ოჯახის სხვა წევრებიც (2021 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი; 16:03:58); ასევე იმ გარემოებას, რომ არ დასტურდება, რომ მას არ მიეცა საგამოძიებო მოქმედებაში გარეშე პირის - ოჯახის წევრის ან სხვა პირის მიწვევის შესაძლებლობა.

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

16. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ შსს ყ–ს რაიონული სამმართველოს უფროსის სახელზე შედგენილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. პ–ს 2020 წლის 11 აპრილის პატაკში გ. თ–ს ნასამართლობის შესახებ მითითებული ინფორმაცია საეჭვოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი განაჩენები. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობა გ. თ–ს ნასამართლობის შესახებ, რომელშიც მითითებულია მსჯავრდებულის ნასამართლობები როგორც ......ში, ასევე - საზღვარგარეთ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, ........ის ფედერაციიდან ........ოს ტერიტორიაზე გ. თ–ს გადმოყვანისა და პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში შესახლების შესახებ, თუმცა როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის 2020 წლის 15 სექტემბრის წერილით ირკვევა, გადმოყვანა არ მომხდარა; სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებისა და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმები, რომელთა თანახმად, თავად გ. თ–ი საუბრობს თავის ნასამართლობასა და სასჯელის მოხდის დასრულებაზე; ასევე - 2021 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმს (15:56:20; 15:58:22; 15:59:00).

17. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გამომძიებლებმა გ. პ–მ და ბ. ფ–მ დაარღვიეს საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გ. პ–მ არ შეადგინა ოქმი დანაშაულის შეტყობინების შესახებ; საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, თუ როგორ მოხვდა მისი პატაკი ბ. ფ–სთან; პატაკს არ აქვს კანცელარიის ან უფროსის რეზოლუცია; ამასთან, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ანონიმური შეტყობინების საფუძველზე.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ). მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 11 აპრილის პატაკით დგინდება, რომ გ. პ–მ მიიღო ინფორმაცია, რაც ასახა პატაკში (პატაკს აქვს შტრიხკოდი და შტამპი - ,,შტამპდასმულია, ხელმოწერილია ელექტრონულად“) და რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოკითხა ბ. ფ–მ, შემდეგ კი დაიწყო გამოძიება.

19. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება - დაიკითხნენ მოწმეები, შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2020 წლის 13 აპრილს გამოიტანა განჩინება საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედების - გ. თ–ს ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, ასევე ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ 2020 წლის 3 ივნისს მიიღო განჩინება გ. თ–ს საცხოვრებელ სახლსა და ეზოში მდებარე დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაც შესრულდა 2020 წლის 6 ივნისს, 08:05-10:40 საათების შუალედში, რის შემდეგაც, 10:45 საათზე, დააკავეს გ. თ–ი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მითითებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რის გამოც ისინი სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან, მათ შორის, იმ საკითხის გასარკვევად, გ. პ–მ ინფორმაცია ანონიმური პირისგან მიიღო თუ ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) საშუალებით.

20. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ჩხრეკა ჩატარდა მაშინ, როცა განჩინება უკვე ვადაგასული და ძალადაკარგული იყო, რადგან ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განჩინების თანახმად, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ნება დაერთოთ, გ. თ–ს საცხოვრებელ სახლსა და ეზოში მდებარე დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, ამასთან, განჩინების შესრულების ვადად განისაზღვრა 5 დღე და განჩინებაში მიეთითა, რომ განჩინება ძალადაკარგულია, თუ საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყება 5 დღის ვადაში. 2020 წლის 6 ივნისის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა დაიწყო 08:05 საათზე და დასრულდა 10:40 საათზე, ანუ განჩინებით გათვალისწინებული ვადის დაცვით.

21. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის განჩინების საფუძველზე 6 ივნისს ჩხრეკის ჩატარების გამო დაცვის მხარეს შეეზღუდა განჩინების გასაჩივრების უფლება, რადგან განჩინების თანახმად მისი გასაჩივრება დაიშვებოდა გამოტანიდან 48 საათში.

22. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და ვადაში საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი განჩინების წესს ადგენს ამავე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად „გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან“. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

23. რაც შეეხება ადვოკატ ნ. გ–ს პოზიციას, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმეების - გ. პ–ს, ბ. ფ–ს, გ. ე–ს, ი. ს–სა და ბ. მ–ს (მსჯავრდებულის დედა) მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეების - გ. პ–სა და ბ. ფ–ს გამოკითხვის ოქმები ადვოკატმა მსჯავრდებულთან შეთანხმებით უდავოდ ცნო საქმის არსებითი განხილვის დროს (2020 წლის 16 ოქტომბრის ოქმი, 15:50:56), რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე; მოწმეები - გ. ე–ე და ბ. მ–ი არ არიან შეყვანილნი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების ნუსხაში, რომელიც დაცვის მხარეს გადაეცა სრულად; მოწმე ი. ს–ი ბრალდების მხარემ მოხსნა (2021 წლის 19 თებერვალის ოქმი, 16:48:27), ხოლო დაცვის მხარეს არ წარუდგენია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, მათ შორის მითითებული მოწმეების დაკითხვის მოთხოვნით. შესაბამისად, იმ შემთხვეაში, თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ კონკრეტულ მოწმეებს შეეძლოთ, დაედასტურებინათ გ. თ–ს უდანაშაულობა ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც მას ბრალი დაედო, გ. თ–ს ან/და მის ადვოკატს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდათ შესაძლებლობა, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მეორე მხარისა და სასამართლოსათვის მიეწოდებინათ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდნენ.

24. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თუ „მხარის უფლებაა წარდგენილი მტკიცებულებებიდან თავად განსაზღვროს რომელი მტკიცებულებების გამოკვლევა სურს არსებითი განხილვის სხდომაზე, მაშინ (სსსკ-ის 83-ე მუხლის დანაწესისგან განსხვავებით) წინასასამართლო სხდომაზე მხარემ მკაფიოდ უნდა მიუთითოს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დასაბარებელ პირთა და გამოსაკვლევ მტკიცებულებათა - მათ შორის ... პირის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ“(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 28 ივლისის განჩინება საქმეზე N 158აპ-20), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია“. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ობიექტური დაბრკოლება მისთვის სასურველი მტკიცებულების დადგენილი წესით წარმოდგენისათვის, ამასთან, მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო კონკრეტულ მოწმეთა მიერ იმ ინფორმაციის ფლობა, რომლის დასადასტურებლადაც მოგვიანებით მოითხოვა მათი დაკითხვა. ამდენად, არ არსებობს ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარემ მოგვიანებით - არსებითი განხილვის სხდომაზე გაიგო, რომ კონკრეტული მოწმეები ფლობდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებდა მის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას ბრალი დაედო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავდაპირველად მსჯავრდებულს იცავდა სხვა ადვოკატი, ვერ გახდება საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მტკიცებულებათა გამოკვლევის საკმარისი საფუძველი, მითუფრო, როგორც აღინიშნა, წინა სასამართლო სხდომაზე იგი სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით.

25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილებით, საქმეზე ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან; საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან.

26. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74). შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება.

27. საკასაცო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის როგორც წესი არ არის დასრულებული (ან აკმაყოფილებს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს). სხვა შემთხვევაში საპროცესო ნორმის მოქმედებისას მიღებული საპროცესო აქტის გაუქმება ან შეცვლა გათვალისწინებული არ არის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვალის განჩინება №16აგ-19; 2020 წლის 25 თებერვალის განჩინება №36აგ-19).

28. საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღის, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გ. თ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და მტკიცებულებები მოპოვებული იქნა 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდამდე, მათ შორის ჩხრეკა ჩატარდა 2020 წლის 6 ივნისს, გ. თ–ს მსჯავრდება ემყარება მოწმეთა ჩვენებებს, ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულებებსა და მათზე ჩატარებული ბალისტიკურ და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებს - სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილების საფუძველზე გ. თ–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

29. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).

31. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

33. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე