საქმე # 330100117002002329
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №715აპ-21 ქ. თბილისი
გ. ა.715აპ-21 4 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების მ. გ–სა და ა. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 376-ე მუხლით;
მ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ში, ..... .., მე-.. ,,..“ მიკრორაიონის N... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ფ–მ, შურისძიების მოტივით, დანით განზრახ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1.. წლის 23 მაისს დაბადებულ დ. ხ–ს, რომელიც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული დაზიანების გამო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კ. ფ–სთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ ა. გ–ი და მ. გ–ი, რომლებიც მკვლელობის შემდეგ კ. ფ–სთან ერთად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და ისინი საგამოძიებო ორგანოში წარადგინეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დააკავეს კ. ფ–ი.
ა. გ–იმ და მ. გ–მ ნამდვილად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - კ. ფ–ის მიერ დ. ხ–ს განზრახ მკვლელობა, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2014 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
ა. გ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან;
მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2014 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
მ. გ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - მ. გ–სა და ა. გ–ს ადვოკატებმა - გ. ჩ–მ, ა. ც–მ და ზ. გ–მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი მ. გ–სა და ა. გ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - მ. გ–სა და ა. გ–ს ადვოკატმა ა. ც–მ, რომელიც საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების - მ. გ–სა და ა. გ–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების - კ. ფ–ის, ნ. ფ–ს, ქ. წ–ს გამოკითხვის ოქმებით, ასევე მოწმეების - ხ. ე–ს, ს. ტ–ს, ნ. ნ–ს, ნ. კ–ს, მ. ჩ–ს ჩვენებებით, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით) დასტურდება, რომ ა. გ–იმ და მ. გ–მ ნამდვილად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - კ. ფ–ის მიერ დ. ხ–ს განზრახ მკვლელობა, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
11. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან მსჯავრდებულებისათვის არ იყო ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - დ. ხ–ს გარდაცვალების შესახებ და გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით, რაც არ წარმოადგენს არც მძიმე და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მსჯავრდებულთა გამართლების საფუძველი, ვინაიდან არც ა. გ–ისათვის და არც მ. გ–ისათვის არაფერი იყო ცნობილი (საწინააღმდეგო ფაქტი არ დასტურდება საქმის მასალებით) იმის თაობაზე, კ. ფ–ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება. კ. ფ–ის ჩვენებასთან ერთად სასამართლო მათ შორის ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ა. გ–ისათვის ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულის შემდგომ მათ სახლში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მისვლის შესახებ, თუმცა მსჯავრდებულებს არ უცდიათ მათთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ ეცნობებინათ სათანადო ორგანოებისათვის კ. ფ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების მ. გ–სა და ა. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ც–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე