საქმე # 010100117001948189
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №867აპ-19 ქ. თბილისი
დ. გ. 867აპ-19 7 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. დ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. დ–ა 2014 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა ქალაქ ბ–ს მ-ს მ-ს წარმომადგენლად ...........ის ადმინისტრაციულ ერთეულში და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. იგი ქალაქ ბ–ს მ-ს მ-ს 2016 წლის 10 აგვისტოს N... ბრძანებით განისაზღვრა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მ-ს წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ მერიის მოხელედ (.........ის ადმინისტრაციულ ერთეულში). გ. დ–ს, როგორც ქალაქ ბ–ს მ-ს მ-ს წარმომადგენელს ..........ის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2017 წლის 27 იანვარს ქალაქ ბ–ს მ-ს მ-ს აპარატიდან გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის წერილი და თანდართული მასალები და ეთხოვა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განეხორციელებინა "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.
გ. დ–ს, როგორც ქალაქ ბ–ს მ-ს მ-ს წარმომადგენელს ...........ის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ევალებოდა სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მოეხდინა ხ–ის არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) დასახელებული ჯ. ღ–ს კომლის სარგებლობაში არსებული 0.10 ჰა მიწის ფართობის (რომელზედაც განთავსებული იყო 1951 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი) და ჯ. ღ–ს კომლის წევრის - მ. ღ–ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ, შპს ,,......’’ის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მომზადებულ, ქალაქ ბ–ში, მ–ს დასახლებაში მდებარე 1000კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა ან/და უარი ეთქვა მათი იდენტურობის დადგენაზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
გ. დ–ამ დაათვალიერა შპს ,,........."-ის მიერ 2017 წლის 20 იანვარს მომზადებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული, ქალაქ ბ–ში, მ–ს დასახლებაში მდებარე 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. დათვალიერების დროს სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი არ შეისწავლა სიღრმისეულად, შეადგინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №... ბრძანებით დამტკიცებული ,,მ-ს წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმით’’ განსაზღვრული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, თუმცა გამოიჩინა დაუდევარი დამოკიდებულება მოვალეობებისადმი, მასში არ ასახა დათვალიერების შედეგები, შემოიფარგლა მხოლოდ ნაკვეთის ზერელე მიმოხილვით და მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე არ იდგა ხ–ს არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) მითითებული საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა რაიმე შენობა/ნაგებობა და არც იმის კვალი არსებობდა, რომ ოდესმე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო რაიმე შენობა/ნაგებობა, ასევე მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა შემოღობვა ან სხვა სასაზღვრო მიჯნა, ნაკვეთზე აღმოცენებული იყო მრავალწლიანი ტყის მცენარეები და მასზე არ შეინიშნებოდა სასოფლო სამუშაოების წარმოების კვალი. შესაბამისად, ადვილად დასადგენი იყო, რომ ხ–ს არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) დასახელებული ჯ. ღ–ს კომლის სარგებლობაში არსებული 0.10 ჰა მიწის ფართობი და ჯ. ღ–ს კომლის წევრის - მ. ღ–ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ, ქალაქ ბ–ში, მ–ს დასახლებაში მდებარე 1000კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ იყო ერთმანეთის იდენტური.
გ. დ–ამ 2017 წლის 10 თებერვალს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - N.. ბრძანება ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე. ბრძანება გ. დ–ამ გადაგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რის საფუძველზეც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბა–ში, მ–ს დასახლებაში მდებარე, 92,502 ლარად ღირებული 1000კვ/მ მიწის ნაკვეთი 2017 წლის 16 თებერვალს დარეგისტრირდა მ. ღ–სა და ჯ. ღ–ს (კომლის წევრების) თანასაკუთრებად.
გ. დ–ს ზემოთ დასახელებული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნები, სახელმწიფომ (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ) დაკარგა საკუთრების უფლება ქალაქ ბ–ში, მ–ს დასახლებაში მდებარე 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რითაც მას მიადგა 92 502 ლარის ზიანი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით:
3.1. გ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3.2. გ. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილემ - დავით ჭარბაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. დ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას.
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძეს აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.
6.2. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ს–ს შესაგებელი, რომლითაც ადვოკატი ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
9. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს გ. დ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია და მისი დამნაშავედ ცნობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, განისაზღვროს, მოხელე მოქმედებდა თუ არა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს მოხელის მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისი უფლებამოსილების გამოყენება სპეციალური მიზნით - თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღებისთვის და მოხელის ამ ქმედებით ადგილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას.
11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ. დ–ა მოქმედებდა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისმა ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. კერძოდ,
12. ქ. ბ–ს მ-ს მ-ს 2014 წლის 31 დეკემბრის №...... ბრძანების თანახმად, გ. დ–ა 2015 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა ქალაქ ბ–ს მ-ს მ-ს წარმომადგენლის თანამდებობაზე ..........ის ადმინისტრაციულ ერთეულში.
13. ქ. ბ–ს მ-ს მ-ს 2016 წლის 10 აგვისტოს N..... ბრძანების თანახმად, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით მ-ს წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განმახორციელებელ პირებად განისაზღვრნენ ბ–ს მ-ს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები. .......ს ადმინისტრაციულ ერთეულში ასეთი უფლებამოსილება მიენიჭა მერის წარმომადგენელს, გ. დ–ს.
14. მოწმეების: ვ. გ–სა (მ-ს ი. გ-ს უფროსი) და ნ. დ–ს (ბ–ს მ-ს მ-ს ა-ს უფროსი) ჩვენებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ხორციელდება "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესის და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. როდესაც საჯარო რეესტრის მიერ ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა, საჯარო რეესტრის მიერ მერიაში იგზავნება წერილი იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, იდენტურობის საკითხს ადგენს მერიის წარმომადგენელი კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ის ვალდებულია უშუალოდ ადგილზე შემოაწმოს უძრავი ნივთი და შეადგინოს დათვალიერების ოქმი. მოცემულ შემთხვევაშიც გ. დ–ს ადგილზე გასვლით უნდა გადაემოწმებინა ნაკვეთების იდენტურობის საკითხი, შეედგინა დათვალიერების ოქმი, უნდა აღეწერა, იყო თუ არა ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლი ან ბოსელი, მათი არარსებობა უნდა დაეფიქსირებინა დათვალიერების ოქმში.
15. დაზარალებულის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის - გ. ხ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. დ–ს მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად, რომლის საფუძველზეც მოქალაქე მ. ღ–მ საკუთრებად დაირეგისტრირა .........ს ადმინისტრაციულ ერთეულში, .......ს მე-.. შესახვევში მდებარე მიწა, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს ინტერესი და მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
16. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 29 მარტის №....... საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ქ.ბ–ში, მ–ს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №..........), 1000.00 კვ/მ საბაზრო ღირებულება, საორიენტაციოდ, შეადგენდა 35000.00 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის ვალუტის იმდროინდელი გაცვლითი კურსის (1 აშშ დოლარი = 2.6429 ლარი) შესაბამისად, შეადგენდა - 92 502.00 ლარს.
17. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ე.წ. გამიზნით დელიქტს წარმოადგენს, სადაც მიზანი ქმედების ნიშანია, რადგან აფუძნებს უმართლობას.
18. მოწმეების: გ. დ–სა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს .......ს რეგიონული ოფისის უფროსი) და ხ. ბ–ს(საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს .......ს ოფისის რეგისტრატორი) ჩვენებებით დგინდება, რომ 2016 წლის 1 სექტემბერს საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა მ. ღ–მ დაბა მ–ში მდებარე 2800 კვ/მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნით. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთისა და შენობის ტექნიკური დახასიათება, სიტუაციური გეგმა, აზომვითი ნახაზი, საკადასტრო გეგმა. ხელვაჩაურის არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1996-2006 წლის საკომლე ჩანაწერებში მ. ღ–ს და მის ოჯახს სარგებლობაში გააჩნდა 0,10 ჰა კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 82 კვ/მ საცხოვრებელი სახლი და ბოსელი. გამომდინარე იქიდან, რომ საკომლე ჩანაწერების მიხედვით, ღ–ს 0,10 ჰა კვ/მ მიწის ნაკვეთი გააჩნდა, განცხადებით კი 2800 კვ/მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას მოითხოვდა, საჯარო რეესტრმა მოსთხოვა მას საკომლე ჩანაწერის მიხედვით 1000 კვ.მ. მიწის ფართობის შესაბამისობაში არსებული კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რაც მ. ღ–მ მოგვიანებით წარუდგინა, რის შემდეგაც საჯარო რეესტრმა ბ–ს მერიას მიმართა წერილით და აცნობა, რომ მიმდინარეობდა სარეგისტრაციო წარმოება მ. ღ–ს განცხადების საფუძველზე მ–ს დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტურობა. მერიას ეთხოვა განეხილა საკომლე ჩანაწერში გადმოცემული ინფორმაციის (რომლის თანახმად, ღლონტს და მის ოჯახს სარგებლობაში ჰქონდათ 0.10 ჰა კვ/მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 1951 წელს აგებული 82 კვ/მ ფართობის საცხოვრებელი სახლით და 1966 წელს აგებული ბოსლით) იდენტურობის საკითხი მ. ღ–ს მიერ 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის თაობაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან(იხ.: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 იანვარს ბ–ს მერიისადმი გაგზავნილი წერილი). 2017 წლის 10 თებერვალს საჯარო რეესტში ელექტრონული სახით მიიღეს ............ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ–ს მერიის წარმომადგენლის - გ. დ–ს ბრძანება, რომლითაც ადასტურებდა ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში მითითებული ნაკვეთების იდენტურობას, რის საფუძველზეც დაკმაყოფილდა მ. ღ–ს მოთხოვნა და მოხდა 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მის საკუთრებად.
19. მოწმე გ. გ–ს(შპს "ნ"-ის თანამშრომელი) ჩვენებით ირკვევა, რომ მის მოვალეობას წარმოადგენს საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა. მან განმარტა, რომ მ. ღ–ს მიმართვის საფუძველზე, მასთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ........ის ადმინისტრაციულ ერთეულში, .......ის N.. შესახვევში მდებარე 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. შეადგინა აზომვითი ნახაზი და დაასურათა. აღნიშნულ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ იდგა, არც მისი კვალი ჩანდა. საარქივო ცნობა არ უნახავს და შესაბამისად, საკადასტრო ნახაზის შედგენისას არ იყო მისთვის ცნობილი, რომ ნაკვეთზე უნდა მდგარიყო შენობა ან უნდა ყოფილიყო მისი კვალი. ნაკვეთს არ ემჩნეოდა არც სარგებლობის ნიშნები. იმავე ნაკვეთთან დაკავშირებით მოგვიანებით დაუკავშირდა ........ის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ–ს მერიის წარმომადგენელი - გ. დ–ა და სთხოვა გაჰყოლოდა მას ნაკვეთის დასათვალიერებლად. გაჰყვა, აჩვენა ნაკვეთი, გ. დ–ამ შეადგინა ოქმი. დათვალიერების პროცესში გ. დ–ა არ დაინტერესებულა, დაედგინა ამ ნაკვეთზე რაიმე ნაგებობის არსებობის ფაქტი, ან იყო თუ არა ასეთი ნაგებობის კვალი. მხოლოდ ნაკვეთის საზღვრების დადგენაში სთხოვა დახმარება გ. გ–ს.
20. 2017 წლის 8 თებერვლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში, რომელიც საჯარო რეესტრის მიმართვის საფუძველზე შეადგინა მერიის წარმომადგენელმა ........ის ადმინისტრაციულ ერთეულში - გ. დ–ამ, გ. გ–ს მონაწილეობით, მითითებულია მიწის ნაკვეთის მისამართი, მესაზღვრეების ვინაობა. ოქმში არსებული გრაფა - დათვალიერების და გამოკვლევის შედეგები - ცარიელია. შესაბამისად, არაფერია ნათქვამი დათვალიერების შედეგებთან დაკავშირებით.
21. 2017 წლის 10 თებერვალს ქ. ბ–ს მ-ს მ-ს წარმომადგენლის ......ის ადმინისტრაციულ ერთეულში - გ. დ–ს მიერ გაცემული N.. ბრძანების თანახმად, დადგინდა ა–ს ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო - ხ–ს არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის N........ წერილის საფუძველზე ჯ. ღ–ს კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთისა და მ. ღ–ს მიერ 2016 წლის 1 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
22. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 16 თებერვალს მ. ღ–ი დარეგისტრირდა ქ. ბ–ში, მ–ს დასახლებაში მდებარე 1000 კვ/მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ.
23. 2017 წლის 16 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ა–სა და გ–ს სამმართველოს გამომძიებლის მიერ გ. დ–ს, მ., დ. და ზ. ღ–ების მონაწილეობით ჩატარებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა ........ის დასახლებაში, ......ის მე-.. შესახვევში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც რაიმე ნაგებობა არ დგას, ნაკვეთი დაუმუშავებელია. იგივე დასტურდება ფოტო-ცხრილით, რომელიც ერთვის დათვალიერების ოქმს(იხ.: ტ.1, ს.ფ. 63-75)
24. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათელია, რომ გ. დ–მ მასზე დაკისრებული ვალდებულება - სრულყოფილად დაეთვალიერებინა ნაკვეთი და აესახა რეალური მდგომარეობა (მიწის ნაკვეთზე არ იდგა ხ–ს არქივის 2016 წლის 20 ოქტომბრის წერილში (საარქივო ცნობაში) მითითებული საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა რაიმე შენობა/ნაგებობა და არც იმის კვალი არსებობდა, რომ ოდესმე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო რაიმე შენობა/ნაგებობა, ასევე, მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა შემოღობვა ან სხვა სასაზღვრო მიჯნა, ნაკვეთზე აღმოცენებული იყო მრავალწლიანი ტყის მცენარეები და მასზე არ შეინიშნებოდა სასოფლო სამუშაოების წარმოების კვალი) არ შეასრულა, რამაც საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მ. ღ–სათვის უსაფუძვლოდ გადაცემა განაპირობა, რითაც სახელმწიფოს მიადგა 92 502.00 ლარი, ზიანი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
25. გ. დ–ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ აღიარებს და ადასტურებს, რომ დაუშვა შეცდომა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობები, რამაც გამოიწვია მიწის საკუთრებაში გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც რეალურად არ სარგებლობდა მისით, თუმცა, მას არ ჰქონია არანაირი ინტერესი, მ. ღ–სთვის მიენიჭებინა უპირატესობა. არანაირი ურთიერთობა ამ პირთან არ აქვს, რასაც ღ–ც დაადასტურებდა სასამართლოს წინაშე დაკითხვისას, ბრალდების მხარეს მისი ჩვენება რომ არ მოეხსნა გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხიდან.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. დ–ს მიერ მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, თავისთვის ან მ. ღ–სათვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მინიჭების მიზნით გამოყენება.
27. შესაბამისად, უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად გადააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR,02/09/2014).
29. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
30. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე