ა-408-შ-26-04 17 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. შ.-ისა და უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლის ლ.შ.-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ვ. შ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. შ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. შ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ჰყავთ ვაჟიშვილი დ., დაბადებული 1983წ. 24 სექტემბერს და ქ., დაბადებული 1987წ. 5 ივლისს. იმის გამო, რომ ვ.შ.-ე არანაირ დახმარებას არ უწევდა მოსარჩელეს, ა. შ.-ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვ. შ.-ზე ალიმენტის დაკისრება. მოპასუხეს სასამართლო სხდომის დრო წინასწარ, კანონით დადგენილი წესით ეცნობა, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა. ა. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ზემოხსენებული სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.შ.-ეს დაეკისრა ა.შ.-ის სასარგებლოდ 1993წ. 17 ნოემბრიდან შვილების (დ., დაბადებული 1983წ. 24 ოქტომბერს, ქ., დაბადებული 1987წ. 5 ივლისს) სარჩენად ალიმენტი მისი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე _ მინიმალური ხელფასის არანაკლებ 25%. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1993წ. 1 დეკემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ა. შ.-ემ და უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლემ ლ.შ.-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატას უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 4 მარტის განჩინებით ა. შ.-ისა და უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლის ლ.შ.-ს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. შ.-ისა და უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლის ლ.შ.-ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.შ.-ეს დაეკისრა ა.შ.-ის სასარგებლოდ 1993წ. 17 ნოემბრიდან შვილების (დ., დაბადებული 1983წ. 24 ოქტომბერს, ქ., დაბადებული 1987წ. 5 ივლისს) სარჩენად ალიმენტი მისი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე _ მინიმალური ხელფასის არანაკლებ 25%, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის სახით 24000კრბ-ს გადახდა.
ა. შ.-მ და უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლემ ლ.შ.-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. შ.-ისა და უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს მოსამართლის ლ.შ.-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
უკრაინის ენაკიევის ადგილობრივი სასამართლოს 1993წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.