საქმე # 820100121004423916
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №731აპ-21 ქ. თბილისი
ფ. გ.731აპ-21 9 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძე
პროკურორ - რამაზ შავაძის
მსჯავრდებულ - გ. ფ.
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენზე გ.ფ-ს მიმართ.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ.ფ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის სახერხი დანადგარის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შ. მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გ. ფ-მ რეგისტრაციის გარეშე დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბერს აღმოაჩინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ფ. მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება;
გ.ფ. მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 31 მაისი განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (საქმე №820100121004423916 №1-40/) განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში დაშვებული უზუსტობა გასწორდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 10 დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით“.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება, გ. ფ. საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინება;
გ.ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
გ. ფ. მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და იგი ამავე კანონის პირველი მუხლის შესაბამისად გათავისუფლდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ და საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ფ. საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა.
8. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე - რამაზ შავაძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, ითხოვა ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო კონფისკაცია.
9. გ. ფ-მ აღიარა ჩადენილ დანაშაული და ითხოვა პატიება - მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს გ.ფ. მიმართ მოსახდელი სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან მან, მართალია, 2020 წლის აპრილში რეგისტრაციის გარეშე დაამონტაჟა სახერხი საამქრო, თუმცა დანაშაულებრივი ქმედება გრძელდებოდა 2020 წლის 17 დეკემბრამდე, ვიდრე მითითებული საამქრო აღმოაჩინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. შესაბამისად, გ. ფ. მიერ დანაშაულის ჩადენა შეწყდა 2020 წლის 17 დეკემბერს.
2. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ფ. მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: გ. ფ. აღიარებით, ლ.გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გ., რ., ჯ. გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოსქემით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოდან გამოგზავნილი მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ფ. მიერ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია (მხარეთა შორის არ არის სადავო), რომ 2020 წლის 17 დეკემბერს სახერხი დამონტაჟებული იყო რეგისტრაციის გარეშე და გ. ფ. მიერ 2020 წლის 17 დეკემბრამდე ადგილი ჰქონდა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევას.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სახე, იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ფ. მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათის ან ამნისტიის აქტის მოქმედების გავრცელების შესაძლებლობას 2020 წლის 11 დეკემბრის შემდეგ ჩადენილ დანაშაულზე, არ ადგენს არც სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე გასცდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დროით ჩარჩოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ინტერესებიდან გამომდინარე გ. ფ. მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედების გავრცელების მიზანშეწონილობის შესახებ, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და გასაჩივრებული განაჩენითაც დადგენილია, რომ გ. ფ. მიერ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შეწყდა 2020 წლის 17 დეკემბერს, არ არსებობს გ. ფ. მიმართ ამნისტიის აქტის გავრცელების კანონისმიერი საფუძველი და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და გ.ფ-ს დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელი.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
9. საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მათ შორის: ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ქმედების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული - რეგისტრაციის გარეშე სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის სახერხი დანადგარის მონტაჟი), დამნაშავის წარსული ცხოვრების (დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არმქონე), პირადი და ეკონომიკური პირობების (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ შ. წერილის თანახმად, გ. ფ. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მის ოჯახზე მინიჭებული სარეგისტრაციო ქულა შეადგენს 118240-ს), ქმედების შემდეგ ყოფაქცევის (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის ქმედებაში არ არსებობს დამამძიმებელი გარემოები) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით (საქმის მასალებით) არ დასტურდება რომ გ. ფ. წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე ან განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის - გ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომა უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით - 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს - ამავე მუხლით განსაზღვრული მინიმალური ხანგრძლივობა - 1 წელი.
10. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით ნივთმტკიცების - მრგვალი ხე-ტყის ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის - საკითხი არ იყო გადაწყვეტილი, ხოლო ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით სასამართლომ დაადგინა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნება კანონიერი მფლობელის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არ არის დასაბუთებული - მრგვალი ხე-ტყის სახერხი დანადგარის კანონიერი მფლობელის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირისათვის დაბრუნების საკითხი.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია“.
12. მოცემულ შემთხვევაში მრგვალი ხე-ტყის სახერხი დანადგარი წარმოადგენს დანაშაულის საგანს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მას არ გააჩნია რაიმე ღირებულება - შესაბამისად არ არსებობს მისი განადგურების საფუძველი.
13. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განაჩენში ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტისას და ადგენს დანაშაულის იარაღის ან საგნის (რომელსაც აქვს რაიმე ღირებულება) საპროცესო კონფისკაციის ვალდებულებას და არა შესაძლებლობას. შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული საგნის მისი მესაკუთრისთვის - გ. ფ-სთვის - დაბრუნების კანონისმიერი საფუძველი, ხოლო საკითხის არსებული წესის საწინააღმდეგო გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან საჭიროებდა დამატებით განმარტებას.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
გ.ფ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 წელი;
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხდეს ნივთიერი მტკიცებულების - გ. ფ. საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის - საპროცესო კონფისკაცია;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე