Facebook Twitter

საქმე # 210100120003658877

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე№947აპ-21 ქ.თბილისი ქ. თბილისი

ლ. ი. 947აპ-21 15 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ლ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა: 1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავსა და ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; 2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 აგვიტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განაჩენებით ი. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე. ი. ლ-მ პენიტენციური დაწესებულება სასჯელის მოხდით დატოვა 2017 წლის 24 აპრილს.

2020 წლის თებერვალში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ. ს. ფ-ს ქუჩა N..-ში მდებარე თ. ღ-ს კუთვნილ ბინასა და სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსში, უკანონოდ შეაღწია ქურდობისათვის ორზე მეტჯერ ნასამართლევმა ი. ლ-მ, რომელიც ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 6 ცალ ჩანგალს, 12 ცალ კოვზს, 12 ცალ დანას და ჭურჭლის 1 ცალ კომპლექტს, ხოლო სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსიდან ფარულად დაეუფლა 1 ცალ ტაფას, 1 ცალ ქვაბს და 1 ცალ 10 ლიტრი ტევადობის სითხის შესანახ ჭურჭელს, რითაც დაზარალებულ თ. ღ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი - 1690 ლარი.

2019 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 06:50 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ს-ში, მ.ჭ-ს ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში, უკანონოდ შეაღწია ქურდობისთვის ორზე მეტჯერ ნასამართლევმა ი. ლ-მ, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯართს, კერძოდ, 14 კილოგრამ სპილენძის ნივთებს, ღირებულს 161 ლარად, 8 კილოგრამ ლატუნის ნივთებს, ღირებულს 64 ლარად, ავტომობილის რადიატორს, ღირებულს 10 ლარად, 2 ცალ ჟურნალს, ღირებულს 6 ლარად და კამერას, ღირებულს 380 ლარად, რითაც დაზარალებულ მ. ჭ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი - 621 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ი. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.2. ი. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ლ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.4. ი. ლ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 9 მარტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ლ-ს ადვოკატმა თ. ბ-მ, რომელმაც ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ლ-ს ადვოკატმა თ. ბ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის გამართლებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების ეტაპზე აღიარა დანაშაულის ჩადენა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალდების მხარე ჰპირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას; ი. ლ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზის შედეგები, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა ექსპერტიზის დასკვნებს; ამოღებული ნივთები არ არის შეფასებული შესაბამისი ექსპერტის მიერ; ბინაში ჩატარებული ჩხრეკა უკანონოა, რადგან, საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მამის კუთვნილ ბინაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

3. კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების ეტაპზე დანაშაულის ჩადენა აღიარა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალდების მხარე ჰპირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა მსჯავრდებულის გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას.

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი.- ლ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, რის გამოც ის სრულად უნდა გამართლდეს, ასევე არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას თ. ღ-ს ეპიზოდთან მიმართებით ი. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, თუმცა იზიარებს ამავე განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (თ. ღ-ს ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულების - თ. ღ-სა და მ. ჭ-ს ჩვენებები, მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენება, 2020 წლის 8 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2020 წლის 25 მარტის №..ოდოროლოგიური დასკვნა, 2020 წლის 21 ივლისის №… ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, 2020 წლის 9 მარტის ჩხრეკის ოქმი, 2020 წლის 12 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმი, 2019 წლის 3 ნოემბრის ამოღების ოქმი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ლ-მ ჩაიდინა მითითებული დანაშაული.

5. ი. ლ-ს მსჯავრი დაედო, მათ შორის ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დანაშაულისათვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში არცერთ ეპიზოდთან მიმართებით საქმეში არ არის წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ნივთმტკიცებად ცნობილი ნივთების შესაფასებლად.

6. თ. ღ-ს ეპიზოდთან მიმართებით, საქმეში ნივთმტკიცებად ამოღებული ნივთების რაოდენობისა და სახეობის, დაზარალებულის ჩვენების მიუხედავად, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის ან/და ნივთების ღირებულების დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში დაუდგენელია ი. ლ-ს ქმედებით გამოწვეული ზიანი, რის გამოც ი. ლ. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტში (თ. ღ-ს ეპიზოდი) უნდა გამართლდეს და მის მიერ ჩადენილი ქმედება მითითებულ ეპიზოდთან მიმართებით უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

7. ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის ეპიზოდთან დაკავშირებით, მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენებისა (ი. ლ-მ ფერადი ლითონი ჩააბარა, რისთვისაც მამამისმა გადაუხადა 225 ლარი, მან (ი. ლ-მ) კი ჟურნალში მოაწერა ხელი) და ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი N..-ის 2019 წლის 3 ნოემბრის ჩანაწერის (ი. ლ–მ ჩააბარა სპილენძისა და ლატუნის ნივთები 225 ლარად, ჩანაწერი პირადი ნომრის მითითებით ხელმოწერილია მსჯავრდებულის მიერ (იხ. ტ.1; ს.ფ. 234-235)) გათვალისწინებით, ეჭვგარეშე დგინდება, რომ ი. ლ-ს მიერ ფარულად დაუფლებული ნივთების ღირებულება აჭარბებს 150 ლარს, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მითითებულ ეპიზოდთან მიმართებით დაუდგენელია დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა სასამართლო სხდომაზე ჟურნალის გამოკვლევისას დაადასტურა, რომ მითითებული ხელმოწერა ეკუთვნის მას (2020 წლის 1 დეკემბრის სხდომის ოქმი, 20:34:07; 20:34:45).

8. დაცვის მხარის მტკიცებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა ექსპერტიზის დასკვნებს, რასაც სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან, ერთი მხრივ, 2020 წლის 25 მარტის ოდოროლოგიური დასკვნის თანახმად, დაზარალებულ თ. ღ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის სასტუმრო ოთახში, ჭურჭლის კარადის წინ, იატაკიდან და საძინებელ ოთახში, ფანჯრის რაფის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ი. ლ-საგან აღებული სუნის ნიმუშისა, ხოლო, მეორე მხრივ, 2020 წლის 21 ივლისის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „თ. ღ-ს საც. სახ. მისაღები ოთახის და ზალიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა ობიექტი №..“ მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.№..) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი №..ის გენეტიკური პროფილი ი. ლ-ს (ობიექტი №..პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში აღებული ი. ლ-საგან“) გენეტიკური პროფილის იდენტურია; ასევე, პაკეტში წარწერით: „თ. ღ-ს საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახიდან და ზალიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა ანაფხეკი“ მოთავსებული მოწითალო-მოყავისფრო ფხვიერი მასები (ობიექტი N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი №..-ის გენეტიკური პროფილი ი. ლ-ს (ობიექტი N..) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

9. კასატორის მტკიცებით, ბინაში ჩატარებული ჩხრეკა უკანონოა, რადგან, საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მამის კუთვნილ ბინაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: პირის უნივერსალური ინფორმაციის (ტ. 1, ს.ფ. 24) თანახმად, ი. ლ-ს საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ს. ფ-ს ქ. N..; ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობის შესახებ ხელწერილის თანახმად, ი. ლ.თანახმაა, ჩხრეკა ჩატარდეს ს. ფ-ს ქ. N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლსა და სათავსში; 2020 წლის 9 მარტის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ი. ლ-თან (ს. ფ-ს ქ. N..-ის), ოქმი ხელმოწერილია ი. ლ-ს მიერ და მასზე მონაწილე პირის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ შესულა.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. ლ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას (6-დან 10 წლამდე ვადით). ი. ლ-ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით. ამასთან, ი. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

11. ი. ლ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თ. ღ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ვერ აისახება საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან ი. ლ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (თ. ღ-ს ეპიზოდი), ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტი ეპიზოდი).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ი. ლ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ი. ლ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

2.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი. ლ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3. მსჯავრდებულ ი. ლ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 9 მარტიდან;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე