¹ა-748-შ-29-04 16 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: უკრაინის დონეცკის ოლქის არტემოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
უკრაინის დონეცკის ოლქის არტემოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ვაჟიშვილის – დ. მ-ის სარჩენად, მისი ხელფასის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2003წ. 4 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 24 დეკემბერს.
დ. მ-ის დედამ, ო. მ-ემ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის «ბ" პუნქტის, აგრეთვე «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის დონეცკის ოლქის არტემოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
გ. მ-ის ახსნა-განმარტებით გაირკვა ასევე, რომ იგი ნებაყოფლობით, ყოველთვიურად იხდის ალიმენტს არასრულწლოვანი შვილის დ. მ-ის სასარგებლოდ, რაც დასტურდება მხარის მიერ წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტებით.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს უკრაინის დონეცკის ოლქის არტემოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
დაეკისროს გ. მ-ეს:
1. ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ვაჟიშვილის – დ. მ-ის სარჩენად, მისი ხელფასის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2003წ. 4 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით უკრაინის დონეცკის ოლქის არტემოვსკის რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.