საქმე # 330100120003762216
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №876აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი ლ, 876აპ-21 7 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით:
ლ. მ, - დაბადებული … წლის … ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 27 მაისიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2018 წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრში, 1997 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... ყალბი აქტის წარდგენით, 2018 წლის 28 მარტს, ლ. მ. მოტყუებით დაეუფლა თ-ში, ხეხილ-სანერგე მეურნეობაში მდებარე, .. ... ... . ... საკადასტრო კოდის მქონე, 1000 კვ.მ, 157 729 ლარად ღირებულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობის ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით:
მსჯავრდებულ ლ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა - მ. უ-მა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ლ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტსაც კი არ შეესაბამება. პროკურატურას არ უცდია რ. შ-ს მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებული დოკუმენტების მოძიება. საეჭვოა, გ. ბ-ს ჩვენება, რომელსაც ზედმიწევნით ახსოვდა 28 წლის წინ, ვინმე მ. ჯ-ზე N... მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის თაობაზე. ის, რომ ლ. მ-ა მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა და ვერ შეძლო თანხის გადახდა, არ წარმოადგენს არც პირდაპირ და არც ირიბ მტკიცებულებას, რომ მან იცოდა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის არსებობის შესახებ. კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, რომ ხელმოწერა ეკუთვნოდა ლ. მ-ს, ნ. მ-ს. ლ. მ-მა იცოდა, რომ მიწის ნაკვეთი მისი ოჯახის იყო.
4.2. მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც, მართებული რომ იყოს ლ. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან: დანაშაულის საგანი დაყადაღებულია; ლ. მ. თანახმაა, ვალი გადაუხადოს შპს ,,ა. გ-ს;“ არ არის ნასამართლევი; აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ჰყავს ფსიქიკური ნაკლის მქონე ძმა, რომელსაც თავად უვლის.
5. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა თეა ბერიძემ მოითხოვა - უარი ეთქვას დაცვის მხარეს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და არ იქნეს იგი დაშვებული განსახილველად.
5.1. შესაგებლის თანახმად, მოწმე გ. ბ-მ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, თუ რა ფაქტი ახსოვდა, რა დოკუმენტები წარედგინა, რას შეადარა და ა.შ.. აღნიშნული მოწმის ჩვენების სანდოობაზე აპელირება უსაფუძვლოა. ყველა მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ თითქოს, ლ. მ. ამ მიწის ნაკვეთს ფლობდა, ჩვენების მიცემის დროს მიუთითეს, რომ რეალურად მათ არ იცოდნენ ფლობის ფაქტი და არც შესაბამისი ადგილი უნახავთ. მოწმე, რომელმაც ნაზახი შეადგინა, არ შესულა მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია მიწის ნაკვეთის ღირებულება კონკრეტულ დროსა და პერიოდში და ზიანიც შესაბამისია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
9. დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში არ არსებობს ლ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში ნათლად მიუთითა როგორც ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ისე - მათ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ხასიათზე.
10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ლ. მ-ს ედავება, რომ 1997 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... ყალბი აქტის საჯარო რეესტრში წარდგენით, იგი მოტყუებით დაეუფლა კონკრეტული მიწის ნაკვეთს.
11. ზემოხსენებულ N... აქტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა უთითებს, რომ როგორც მოწმე გ. ბ-მ აღნიშნა, ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტი გაიცა მ. ჯ-ს სახელზე. ნ. მ-ს (ლ. მ-ს მამა) სახელზე იმავე ნომრით გაცემული აქტი არ ყოფილა, რადგან არ შეიძლებოდა ერთი და იმავე ნომრით ორი აქტი გაცემულიყო. სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულ N... მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა მისი არაა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, 1993 წლის 5 დეკემბრით დათარიღებულ მიწის ნაკვეთის N... მიღება-ჩაბარების აქტზე რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები და გ. ბ-ს გვარით არსებული გამოსაკვლევი ხელმოწერები შესრულებული არ არის გ. ბ-ს მიერ. ქვემო ქ-ს რეგიონულ არქივში დაცულ გ-ის რაიონის, ნ-ს სოფლის საკრებულოში შემავალი თ-ის ხეხილ-სანერგე მეურნეობობის მიღება-ჩაბარების აქტებში, 1993 წლის N... აქტი გაიცა მ. ჯ-ზე.
12. ლ. მ-ს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების ნაწილში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმეების: ზ. ლ-ს, დ. ლ-ს, ვ. ა-ს, ს. მ-ს, დ. ა-სა და თ. პ-ს ჩვენებებს, კერძოდ, ფაქტი, რომ ლ. მ-ს ადგილზე მისვლისას თან არ ჰქონია იმ მიწის ნაკვეთის გასაღები, რომლის აზომვითი ნახაზი დ. ლ-ს უნდა შეედგინა და იგი მიწის ნაკვეთში ღობეზე გადასვლით აღმოჩნდა, დადასტურებულია დ. ლ-სა და ზ. ლ-ს ჩვენებებით. მოწმეები - ვ. ა, ს. მ, დ. ა. და თ. პ. ერთმნიშვნელოვნად უთითებენ, რომ მათთვის უცნობი იყო, რეალურად ფლობდა თუ არა ლ. მ. ან მისი მამა ი-ში, ხეხილ-სანერგე მეურნეობაში რაიმე მიწის ნაკვეთს. მათ უბრალოდ კეთილი ნება გამოიჩინეს, ენდნენ ვ. ნ-სა და ლ. მ-ს და დაუდასტურეს საკადასტრო აზომვით ნახაზზე მონიშნული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
13. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, დაერეგისტრირებინა: თ-ში, ხეხილ-სანერგე მეურნეობაში მდებარე, .. . .. ... . ... საკადასტრო კოდის მქონე, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამდენად, სისხლის სამართლის საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით).
14. სასჯელის სამართლიანობა:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, ლ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მოვალეობათა დარღვევის სახესა და ზომას, სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას (მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა - 157 729 ლარს); ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ლ. მ. ნასამართლობის არმქონეა და საბოლოოდ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული, მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით - არის სამართლიანი.
15. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი