ა-855-შ-33-04 15 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. მ- შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მოქალაქე კ. შ-ს მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენით დადგენილ იქნა, რომ 2000წ. 30 მარტს ა. მ-მა, დ. მ-მ და კ. შ-მ ქ.ნოვგოროგში ჩაიდინეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «ვ» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, უკანონოდ შეაღწიეს ვ. მ- ბინაში და მოიპარეს მისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც შემდგომში გაასხვისეს უცხო პირებზე, ხოლო მიღებული თანხა დახარჯეს პირადი საჭიროებისათვის. ასევე დადგინდა, რომ კ.შ-მ ჩაიდინა ა. ჟ-ის ავტომანქანიდან სათადარიგო ნაწილების ქურდობის მცდელობა. ზემოხსენებული განაჩენით კ. შ-ს მიესაჯა სულ _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულის საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით. დანაშაული ვადის ათვლა დაიწყო 2000წ. 12 აპრილს. ა.მ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით დანაშაული მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით, ხოლო დ.მ- სახელმწიფო დუმის 2000წ. 26 მაისის «ამნისტიის შესახებ» დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან. ამასთან, კ.შ-ს დაეკისრა ა.ჟ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის _ 1000 რუსული რუბლის გადახდა. კ.შ-ს, დ.მ-სა და ა.მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ვ.მ-ა სასარგებლოდ მატერიალური ზიანის _ 19400 რუსული რუბლის, ასევე თითოეულს მორალური ზიანის _ 1600 რუსული რუბლის გადახდა.
რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენი საქმის მასალებში წარმოადგენილი ამავე სასამართლოს მოსამართლე ვ.დემიდენკოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კანონიერ ძალაში შევიდა 2000წ. 19 დეკემბერს. იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრლებულა. მოქალაქე კ. შ-ა ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 2000წ. 3-4 აგვისტოს.
ვ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მხოლოდ კ.შ-ს მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 19 აპრილის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2000წ. 30 მარტს ა. მ-მა, დ. მ-მ და კ. შ-მ ქ.ნოვგოროგში ჩაიდინეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «ვ» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, უკანონოდ შეაღწიეს ვ. მ- ბინაში და მოიპარეს მისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც შემდგომში გაასხვისეს უცხო პირებზე, ხოლო მიღებული თანხა დახარჯეს პირადი საჭიროებისათვის. ასევე დადგინდა, რომ კ.შ-მ ჩაიდინა ა. ჟ-ის ავტომანქანიდან სათადარიგო ნაწილების ქურდობის მცდელობა. ზემოხსენებული განაჩენით კ. შ-ს მიესაჯა სულ _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულის საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით. დანაშაულის ვადის ათვლა დაიწყო 2000წ. 12 აპრილს. ა.მ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით დანაშაული მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით, ხოლო დ.მ- სახელმწიფო დუმის 2000წ. 26 მაისის «ამნისტიის შესახებ» დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან. ამასთან, კ.შ-ს დაეკისრა ა.ჟ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის _ 1000 რუსული რუბლის გადახდა. კ. შ-ს, დ.მ-სა და ა.მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ვ.მ-ა სასარგებლოდ მატერიალური ზიანის _ 19400 რუსული რუბლის, ასევე თითოეულს მორალური ზიანის _ 1600 რუსული რუბლის გადახდა.
რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენი საქმის მასალებში წარმოადგენილი ამავე სასამართლოს მოსამართლე ვ.დემიდენკოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კანონიერ ძალაში შევიდა 2000წ. 19 დეკემბერს. იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრლებულა. მოქალაქე კ. შ-ა ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 2000წ. 3-4 აგვისტოს.
ვ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მხოლოდ კ.შ-ს მიმართ.
«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციის მე-3 კარი განსაზღვრავს კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებეს სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო შეთანხმების და ნოტარიალური აქტების ჩათვლით ფულად ვალდებულებათა მიმართ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი გადაწყვეტილება განეკუთვნება მოცემული ნორმით რეგულირებად კატეგორიას. პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დაცულია 54-ე მუხლით გათვალისიწნებული წინაპირობები.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელ გარემოებები არ არსებობს, ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ ცნობილ უნდა იქნეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსკ-ის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. მ-ა შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვგოროდის სორმოვსკის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც კ.შ-ს ა. ჟ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 1000 რუსული რუბლის გადახდა, ასევე კ. შ-ს, დ. მ-სა და ა. მ-ს ვ. მ-ა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის _ 19400 რუსული რუბლის და თითოეულს მორალური ზიანის _ 1600 რუსული რუბლის გადახდა, ცნობილ იქნეს და მატერიალური ზიანის _ 19400 რუსული რუბლისა და მორალური ზიანის _ 1600 რუსული რუბლის კ. შ-სათვის დაკისრებული ოდენობის ნაწილში დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.