საქმე # 330100120003585625
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1002აპ-21 ქ. თბილისი
ზ-ე ი. 1002აპ-21 18 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ზ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ზ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ი. ზ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების ღკვეთა 5 წლით. აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2018 წლის 24 დეკემბერს ი. ზ–ე პირობით ვადამდე გათავისუფლდა - 1 წლით, 7 თვით და 15 დღით ადრე.
2.2. 2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში, თ–ში, ................ მიმდებარედ, სასტუმრო „ო–ს“ მახლობლად, შპს „.....ს“ კუთვნილი ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის მქონე ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით ...... ) ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე მჯდომმა, ქურდობისათვის ნასამართლევმა ი. ზ–მ, ამავე ავტომანქანის საჭესთან მჯდომ მ. ბ–ს, ბასრი პირის მქონე ლითონის საგნის ყელის არეში მიბჯენისა და სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მისი კუთვნილი, 1 ლარად და 20 თეთრად ღირებული ,,BIG-ის” ფირმის სანთებელა, 5 ლარად და 20 თეთრად ღირებული ერთი კოლოფი სიგარეტი ,,ფილიპ მორისი“ და 190 ლარი, ასევე - მ. ბ–ს დედის - ე. ბ–ს კუთვნილი, 430 ლარად ღირებული ,,REDIMI NOTE 8“ მოდელის მობილური ტელეფონი და 130 ლარად ღირებული, შპს ,,........ს“ კომპანიის კუთვნილი, „ბ–ს“ ფირმის ხელის რადიოსადგური.
2.3. ი. ზ–ს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მ. ბ–ს მიადგა მორალური ზიანი, ასევე, 196 ლარისა და 40 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი; ე. ბ–ს მიადგა 430 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო შპს „....... ტაქსს“ - 130 ლარის მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ი. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი. ზ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
ი. ზ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 26 ოქტომბრიდან და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 12 თებერვლიდან 2020 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ზ–მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ ცნო დამნაშავედ.
4.1. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი. ზ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ზ–მ, რომელიც ითხოვს განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლას.
7. მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს ი. ზ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვებას.
8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ი. ზ–ე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით (სააპელაციო პალატის სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივარი) მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ზ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ი. ზ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ი. ზ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით ი. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საბოლოო სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ი. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე