Facebook Twitter

¹ბს-1417-992(კ-05) 25 სექტემბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ლ...” (მოპასუხე)

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; თბილისის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ლ...მ” 1999 წლის 27 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა სამგორის რაიონის სასამართლოს მოპასუხეების _ სს “თბილისის .. ..-სა” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის ოქტომბრამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროსათვის განკუთვნილი 2370552 კგ ტვირთის მომსახურებისათვის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 ნოემბრის ¹803 დადგენილების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროსა და სს “.. ..ს” მის მიმართ არსებული დავალიანების _ 71116 აშშ დოლარის სოლიდარულად ჩათვლა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. (ტ.I, ს.ფ. 1-13)

თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს “თბილისის .. ..-ს” დავალიანების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში შპს “ლ...ს” დავალიანების არარსებობის გამო უარი ეთქვა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანგარიშში 71116,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი 158234,34 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში _ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციას. (ტ.I, ს.ფ. 33-36)

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ტ.I, ს.ფ. 61-70)

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო (ტ.I, ს.ფ. 101-105), რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 20 აპრილის განჩინებით. (ტ.I, ს.ფ 191-202)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2000 წლის 22 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ლ...ს” წინააღმდეგ და მოითხოვა ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 71116 აშშ დოლარის ეკვივალენტი 158234 ლარის ოდენობით, შემდეგი საფუძვლებით: თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ლ...ს” სარჩელი და თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ გადახდა 71116 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. ამდენად, შპს “ლ...” ვალდებულია, თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნოს თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული თანხა. (ტ.5, ს.ფ. 2-3)

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს “ლ...ს” თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონოდ მიღებული თანხის _ 71116,56 აშშ დოლარის შესაბამისი 158234,34 ლარის _ საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სადავო თანხა გადახდა, გაუქმებულია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად კი პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. (ტ.5, ს.ფ. 27-28)

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ლ...მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (ტ.5, ს.ფ. 52)

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 29 მაისის განჩინებით შპს “ლ...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება. (ტ.5, ს.ფ. 133-138)

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ლ...მ” და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა (ტ.5, ს.ფ. 142).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 20 მარტის განჩინებით შპს “ლ...ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 29 მაისის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უსაფუძვლოდ მოხდა შპს “ლ...ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის 71116 აშშ დოლარის ჩამოჭრა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაურკვევია სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების წესი. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს “ლ...ს” საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანგარიშში 71116,56 აშშ დოლარის ექვივალენტი 158234, 34 ლარი, რაც არ იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მითითებული თანხა შპს “ლ...ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს ანგარიშიდან ჩამოიჭრა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორებით ურთიერთდავალიანებათა დაფარვის მიზნით, უნდა გატარებულიყო რიგი საბანკო და საბუღალტრო ოპერაციები, რომელთა შედეგად დაიფარებოდა შპს “ლ...ს” დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ამდენად, სავარაუდოა, რომ უშუალოდ შპს “ლ...ს” თავდაცვის სამინისტროსაგან არ მიუღია თანხა, უკანასკნელის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა აღდგეს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებამდე არსებული მდგომარეობა, კერძოდ, შპს “ლ...ს” უნდა აღუდგეს ბიუჯეტის წინაშე მანამდე არსებული დავალიანება, რის განხორციელება შეუძლებელია 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებული საბუღალტრო ოპერაციების დადგენის გარეშე. (ტ.5, ს.ფ.199-208)

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექცია. (ტ.5, ს.ფ. 224-225)

ამავე სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. (ტ.5, ს.ფ. 260)

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ლ...ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლადაა მითითებული, აწესრიგებს სხვა ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან და არა აღსრულებული გაუქმებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ურთიერთობებს.

სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 4 მაისის ¹01-07/05/1107, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ¹18-02-21/(48) 2004 წლის წერილებითა და მათზე თანდართული მასალით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1999 წლის 30 აპრილის ¹22-05/1001 (უნაღდო ანგარიშსწორების ურთიერთდავალიანებათა გადაფარვის შესახებ) წერილის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომსახურების ¹3 სახაზინო სამსახურის ცენრტალურ ბიუჯეტთან უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული 158234 ლარი ჩათვლილია შპს “ლ...ზე” მიღებულად და იგივე თანხა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხულია საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად, ანუ მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროსაგან სადავო თანხა რეალურად არ მიუღია და მისი მეშვეობით მას მხოლოდ გადახდილად ჩაეთვალა საბიუჯეტო დავალიანება. სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზედაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ჩათვლა, ამჟამად გაუქმებულია და შპს “ლ...ს” აღუდგა 158234 ლარისა და 34 თეთრის ოდენობით საბიუჯეტო დავალიანება, შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელეს მოპასუხის არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო, არამედ საერთოდ არავითარი ქმედებით არავითარი ზიანი არ განუცდია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად მოკლებული იყო შესაძლებლობას, თვითონ ემსჯელა არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლაზე, რადგანაც ეს გამოიწვევდა არა მხოლოდ მხარის, არამედ სარჩელის საფუძვლის შეცვლასაც, რაც ერთობლიობაში ახალი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ტოლფასი იყო. ამგვარი მოთხოვნა რაიონული სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა და ამიტომაც მასზე არც არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება მიღებულა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად კი სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენდა სარჩელის თაობაზე რაიონული სასამართლოს არსებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, მისთვის უკანონოდ (გაუქმებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) ჩამოჭრილი თანხის აღდგენა მოსთხოვოს შესაბამის ორგანოს, რომელიც წარმოადგენს მის მიმართ უშუალოდ ზიანის მიმყენებელს. (ტ.5, ს.ფ. 285-289)

აღნიშნულ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და შპს “ლ...სათვის” 71116,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მის სასარგებლოდ დაკისრება.

კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანგარიშში 71116,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გაურკვეველი მიზეზების გამო აღსრულება მოხდა დაუყოვნებლივ, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს წლის ბიუჯეტიდან უკანონოდ ჩამოეჭრა 158234 ლარი, ხოლო შპს “ლ...ს” აღარ გადაახდევინეს ის თანხები, რომლებიც მას უნდა გადაეხადა ბიუჯეტის სასარგებლოდ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულება მოხდა საეჭვოდ და რომლის შესაბამისადაც შპს “ლ...ს” თავდაცვის სამინისტროს წლის ბიუჯეტის ხაჯზე გადახდილად ჩაეთვალა 158234 ლარი. კასატორის აზრით, ბიუჯეტის წინაშე შპს “ლ...სათვის” უკანონოდ მოხსნილი ვალდებულება უნდა ჩაითვალოს საზოგადოების უსაფუძვლო გამდიდრებად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1999 წლის 30 აპრილის ¹22-05/1001 წერილის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომსახურების ¹3 სახაზინო სამსახურის ცენტრალურ ბიუჯეტთან უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული 158234 ლარი ჩათვლილია შპს “ლ...ზე” მიღებულად და იგივე თანხა საქართველოს ცენრტალურ ბიუჯეტში გადარიცხულია საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად. აღნიშნული თანხები კი სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოეჭრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. (ტ.5, ს.ფ. 296-297)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია:

თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ლ...ს” სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანგარიშში 71116,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი 158234,34 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში; გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციას;

თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1999 წლის 30 აპრილის უნაღდო ანგარიშსწორების ურთიერთდავალიანებათა გადაფარვის შესახებ ¹22-05/1001 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომსახურების ¹3 სახაზინო სამსახურის ცენტრალურ ბიუჯეტთან უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული 158234 ლარი ჩათვლილ იქნა შპს “ლ...ზე” მიღებულად და იგივე თანხა _ საბიუჯეტო დავალიანებების გადასაფარავად საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხულად;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და შპს “ლ...ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 20 აპრილის განჩინებით;

სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ზემოაღნიშნული ჩათვლა, შპს “ლ...ს” აღუდგა 158234 ლარისა და 34 თეთრის ოდენობით საბიუჯეტო დავალიანება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ასეთ პრეტენზიას, კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესაბამისად, სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის ჩამოჭრის გზით, ბიუჯეტთან უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდა შპს “ლ...ს” მიერ ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება ჩათვლა, ხოლო სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ _ ისევ აღდგა აღნიშნული დავალიანება.

პასუხისმგებლობა დგება არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ ვალდებულებასთან დაკავშირებით კონკრეტული კრედიტორის წინაშე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას შპს “ლ...ს” უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს პირს, რომელსაც კასატორის მიერ განხორციელებული შესრულება აქვს გადაცემული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ვითომ-კრედიტორისათვის შესრულებულის უკან მოთხოვნის საფუძველია. საბიუჯეტო დავალიანება, რომელიც სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შპს “ლ...ს” გადახდილად ჩაეთვალა, მას ისევ აღუდგა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების გამო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს “ლ...ს” მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არასწორად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.