ა-999-შ-64-03 21 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
შუამდგომლობის ავტორის თხოვნა: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის სამხარეო სასამართლოს 2001წ. 23 იანვრის დადგენილებით ლ. თ.-მ აიღო ვალდებულება ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ი. ა.-ისათვის 20000 გერმანული მარკა. აღნიშნული დადგენილება ცნობილ იქნა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 მაისის განჩინებით და მიქცეულ იქნა აღსასრულებლად.
ი. ა.-ის წარმომადგენელმა თ. ნ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე აღსრულება არ მოხდა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში წერია თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესახებ. აღნიშნულის გამო ი. ა.-მ განმეორებით მიმართა ტუბინგენის საოლქო სასამართლოს რათა მათ განემარტათ და განესაზღვრათ შესაძლებელი იყო თუ არა იძულებითი აღსრულება. მითითებულ საკითხზე ტუბინგენის საოლქო სასამართლომ 2002წ. 6 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ ტუბინგენის საოლქო სასამართლოს 2001წ. 23 იანვრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მე-2 წინადადება (,,მხარეები ითვალისწინებენ, რომ მოპასუხეს ამჟამად არ გააჩნია მითითებული თანხა და შეუძლია ნაწილ-ნაწილ დაფაროს დავალიანება») არ ნიშნავს მხარეთა მორიგებას თანხის გადახდის განაწილვადებაზე. მორიგების პირველი პუნქტის მე-2 წინადადება არ ეწინააღმდეგება პირველი პუნქტის პირველ წინადადებას იძულებითი აღსრულების შესახებ (,,მოპასუხე იღებს ვალდებულებას გადაიხადოს 20 000 გერმანული მარკა მოსარჩელის სასარგებლოდ).
ი. ა.-ის წარმომადგენელმა თ. ნ.-მ მოითხოვა ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო შუამდგომლობას, საქმის მასალებს და თვლის, რომYშუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხარეო სასამართლოს 2001წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. თ.-მ აიღო ვალდებულება ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ი. ა.-ისათვის 20000 გერმანული მარკა. გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდა, რის გამოც ი. ა.-მ განმეორებით მიმართა ტუბინგენის საოლქო სასამართლოს რათა განემარტათ და განესაზღვრათ შესაძლებელი იყო თუ არა იძულებითი აღსრულება.
ტუბინგენის საოლქო სასამართლომ 2002წ. 6 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მე-2 წინადადება (,,მხარეები ითვალისწინებენ, რომ მოპასუხეს ამჟამად არ გააჩნია მითითებული თანხა და შეუძლია ნაწილ-ნაწილ დაფაროს დავალიანება») არ ნიშნავს მხარეთა მორიგებას თანხის გადახდის განაწილვადებაზე. მორიგების პირველი პუნქტის მე-2 წინადადება არ ეწინააღმდეგება პირველი პუნქტის პირველ წინადადებას იძულებითი აღსრულების შესახებ (,,მოპასუხე იღებს ვალდებულებას გადაიხადოს 20000 გერმანული მარკა მოსარჩელის სასარგებლოდ).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 12 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა ტუბინგენის საოლქო სასამართლო 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიიღო წარმოებაში.
აღნიშნული განჩინება და მხარის შუამდგომლობა კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ლ. თ.-ს. საქმეში არსებული გზავნილით დასტურდება, რომ მითითებული დოკუმენტები მას ჩაბარდა.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ა.-ის წარმომადგენლის თ. ნ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტუბინგენის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის ¹4-ო-296 გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.