Facebook Twitter

ას-1018-1049-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ი»

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ი-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. ი-მა მოპასუხე სს «ს. დ-ის» (შემდგომში შპს სადაზღვევო კომპანია «ა.ჯ-ის») მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა:

ა. სახელფასო დავალიანების გადახდა 16 თვისათვის 35152 ლარის ოდენობით და სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის 35152 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2008 წლის 10 ივნისიდან სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღამდე;

ბ. ორი წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის გადახდა 9674 ლარის ოდენობით და შვებულების კომპენსაციის დაყოვნებისათვის 9674 ლარის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ. 2008 წლის მაისის თვის ჩათვლით კომპანიის წმინდა მოგებიდან დარიცხული პრემიის გადახდა 142548 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 1-15).

მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა მოპასუხემ _ შპს სადაზღვევო კომპანია «ა.ჯ-მა», რომელმაც მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისაგან ზიანის ანაზღაურება 75958 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 226-238).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ს» ე. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 31808 ლარის ოდენობით; მოპასუხეს ასევე დაეკისრა 2008 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის გადახდა 4837 ლარის ოდენობით; დანარჩენი მოთხოვნების (ერთი წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის, წლიური შედეგების მიხედვით პრემიის, ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება) ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდ შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» სარჩელი.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს «სადაზღვევო კომპანია ...სის» 2006 წლის 16 ივნისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ¹1 ოქმის მიხედვით სს ,,სადაზღვევო კომპანია პი აი სის» გენერალურ დირექტორად დაინიშნა ე. ი-ი, მასვე მიენიჭა საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

სს ,,სადაზღვევო კომპანია ...სის» 2006 წლის 23 ივნისის სამეთვალყურეო საბჭოს ¹2 სხდომის ოქმის მიხედვით სს ,,სადაზღვევო კომპანია ...სის» გენერალურ დირექტორად ე. ი-ი დაინიშნა 3 წლის ვადით;

სს ,,სადაზღვევო კომპანია ...სისა» და ე. ი-ს შორის დადებული 2006 წლის 23 ივნისის სასამსახურო ხელშეკრულების 5.1. პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული იყო გადაეხადა ე. ი-ის, როგორც საზოგადოების გენერალური დირექტორისათვის ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილით განსაზღვრული ხელფასი, ხოლო კომპანიის წმინდა მოგებიდან პრემია. 2006 წლის 23 ივნისის სამსახურებრივი ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილის შესაბამისად, კი, გენერალური დირექტორის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 5500 ლარს;

საქართველოს საზოგადოება ,,სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» აქციონერის სს ,,საქართველოს ... ბანკის» 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს «სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» სწრაფი და მზარდი განვითარების მიზნით შეიქმნა საზოგადოების საბონუსე ფონდი 22365 ლარის ოდენობით, საზოგადოების გაუნაწილებული წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების საფუძველზე. ამასთან, საზოგადოების გენერალურ დირექტორს ნება დაერთო მოეხდინა საზოგადოების ინტერესებისა და მისი განვითარების საჭიროებიდან აღნიშული თანხის გახარჯვა;

საქართველოს საზოგადოება ,,სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» 2008 წლის 28 მაისის გადაწყვტილების საფუძველზე სს ,,სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» გენერალური დირექტორი ე. ი-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ე. ი-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე;

სს ,,სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» გენერალური დირექტორის ე. ი-ის ¹30/1 ბრძანების მიხედვით, სს ,,ს. დ-ის» აქციონერების 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საზოგადოების საბონუსე ფონდიდან _ 22365 ლარიდან კომპანიაში 2006 წლის განმვლობაში განხორციელებული წარმატებული საქმიანობისათვის კომპანიის თანამშრომლებზე გაიცა დარიცხული ბონუსები შემდეგი ოდენობით: 15901 ლარი ე. ი-ი;

სს ,,სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» გენერალური დირექტორის ე. ი-ის ¹26 ბრძანებით, ,,სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» აქციონერის სს ,, ... ბანკის» 2008 წლის 4 მარტის გადაწყეტილების შესაბამისად, საზოგადოების სწრაფი და მზარდი განვითარების მიზნით შეიქმნა საბონუსე ფონდი 112941 ლარის ოდენობით, საიდანაც 97816 ლარი განაწილდა დირექტორატზე;

სს «სადაზღვევო კომპანია ... დ-ის» სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ე. ი-ი გათავისუფლდა საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობიდან;

ე. ი-ს არ უსარგებლია 2006, 2007, 2008 წლის შვებულებით.

საქალაქო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, ასევე საქმეში წარდგენილი 2006-2007 წლების სახელფასო უწყისების მიხედვით დაადგინა, რომ ე. ი-ს ივლისის თვეში დაერიცხა 2640 ლარი, სექტემბერში _ 2640 ლარი; აგვისტოში – 6800 ლარი, ოქტომბერში – 2640 ლარი; ნოემბერში – 2640 ლარი; დეკემბერში – 2640 ლარი. 2007 წლის იანვარში მოსარჩელეს დაერიცხა 2640 ლარი; თებერვალში – 2640 ლარი; მარტში – 2640 ლარი; აპრილში _ 2640 ლარი; მაისში – 2640 ლარი; ივნისში – 2640 ლარი, ივლისში – 2640 ლარი; აგვისტოში – 2640 ლარი, სექტემბერში – 2640 ლარი, ოქტომბერში – 2640 ლარი, ნოემბერში – 5500 ლარი; დეკემბერში – 5500 ლარი; 2008 წლის იანვარში ე. ი-ს დაერიცხა 5500 ლარი; თებერვალში – 5500 ლარი; მარტში – 6450 ლარი; მაისში – 6450 ლარი. ამდენად, ე. ი-ს 2006 წლის ივლისის თვიდან 2007 წლის ოქტომბრის თვემდე შრომითი ანაზღაურების სახით დაერიცხა თანხა 45584 ლარის ოდენობით, რა დროსაც მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს ზემოაღნიშნულ პერიოდზე ყოველთვიურად უნდა მიეღო თანხა 77392 ლარის ოდენობით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 31808 ლარი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის განმარტებით, ირკვეოდა, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, საზოგადოების სწრაფი და მზარდი განვითარების მიზნით იქმნებოდა საბონუსე ფონდი, რაც შეადგენდა საზოგადოების წმინდა მოგების 20%-ს, საიდანაც 86%-ი უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს. როგორც საქმეზე დადგინდა, საქართველოს საზოგადოება ,,სადაზღვევო კომპანია ს. დ-ის» აქციონერთა გადაწყვეტილებით საზოგადოების სწრაფი და მზარდი განვითარების მიზნით 2006-2007 წლებში შექნილი იყო საზოგადოების საბონუსე ფონდი, ამასთან, აღნიშნულ ფონდში არსებული თანხების განკარგვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საზოგადოების გენერალურ დირექტორს. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე უდავო იყო, რომ საბონუსე ფონდის შექმნა დამოკიდებული იყო საზოგადოების წმინდა მოგების ოდენობაზე. ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეებს შორის დადებული იყო შეთანხმება საბონუსე ფონდის მოცულობის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო თავად საქმეში წარდგენილი მტკიცებულებიდან დგინდებოდა, რომ აღნიშნულ ფონდში ჩასარიცხი თანხების ოდენობას ერთპიროვნულად განსაზღვრავდა საზოგადოების აქციონერთა კრება. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე საბონუსე ფონდში უნდა ჩარიცხულიყო თანხა საზოგადოების წმინდა მოგების 20%-ის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ფონდში არსებული თანხების განკარგვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საზოგადოების გენერალურ დირექტორს, ე.ი. იგი ერთპიროვნულად იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება გასაცემი პრემიების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ე. ი-მა 2007 წელს თავის თავზე პრემიის სახით გამოყო თანხა საბონუსე ფონდის 86%-ის ოდენობით, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საკმარის გარემოებად იმისთვის, რომ საზოგადოების ახალი დირექტორი ასევე აღნიშნული თანაფარდობით განკარგავდა თანხებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ იყო წარდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ კონკრეტულად რა ოდენობის თანხა ჰქონდა მოსარჩელე მხარეს – პრემიის სახით მისაღები, რამდენადაც პრემიის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მოსაზრებით დამოკიდებული იყო საზოგადოების ნებაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ, ხოლო 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა სადასახადო კოდექსის 127-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში კანონი ზუსტად განსაზღვრავს კონკრეტული _ საგადასახადო დარღვევის შემთხვევის დასადსტურებლად თუ რა მტკიცებულება უნდა იქნას წარმოდგენილი. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს «ქართული აუდიტის» მიერ შედგენილი დასკვნა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საზოგადოებაზე ჯარიმის დარიცხვის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ი-ის სარჩელი ექვემდებარებოდა ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ს» უნდა დაკისრებოდა ე. ი-ის სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 31808 ლარის ოდენობით, რამდენადაც საზოგადოება ვალდებული იყო ე. ი-ისათვის მთლიანი მოცულობით აენაზღაურებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. გარდა ამისა, შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ს» უნდა დაკისრებოდა 2008 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის გადახდა 4837 ლარის ოდენობით, რამდენადაც მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო საზოგადოების მიერ ისე, რომ მოსარჩელეს არ უსარგებლია 2008 წლის კუთვნილი შვებულებით. ე. ი-ის სარჩელი 2006-2007 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის, წლიური შედეგების მიხედვით პრემიის, ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურების ნაწილში არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შპს სადაზღვევო კომპანია ,,ა. ჯ-ის» შეგებებული სარჩელი, რადგან მხარემ ვერ დაადასტურა ე. ი-ის ქმედების შედეგად საზოგადოებაზე ზიანის მიყენების ფაქტი (ტომი II, ს.ფ. 17-28).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» (სს «ს. დ-ა») სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით (ტომი III, ს.ფ. 10-12, 50-54).

ე. ი-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრებოდა: ა. დამატებით 3344 ლარის გადახდა; ბ. სახელფასო დავალიანებისა და გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის (საბოლოო ანგარიშსწორების) დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა; გ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წმინდა მოგებიდან პრემიის გადახდა (ტომი II, ს.ფ. 32-43).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ს» ე. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაუცემული ხელფასის ანაზღაურება 35152 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» მიერ ე. ი-ის სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასის ოდენობა. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ დაადგინა თითქოს ე. ი-ს 2006 წლის ივლისის თვეში დაერიცხა 2640 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში _ 6800 ლარი, მაშინ როდესაც ე. ი-ს 2006 წლის აგვისტოში დაერიცხა სამი თვის ხელფასი შემდეგი ოდენობით: ივნისის თვის _ 708 ლარი, ივლისის _ 2640 ლარი და აგვისტოს _ 2640 ლარი. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» დავალიანება ე. ი-ის მიმართ შეადგენდა არა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ თანხას 31808 ლარის ოდენობით, არამედ 35152 ლარს. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა ამონაწერით სახელფასო დავალიანების დაანგარიშების შესახებ (ტომი II, ს.ფ. 44-60) და საბანკო ამონაწერით (ტომი I, ს.ფ. 30-34). მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, აპელანტ ე. ი-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო და შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ს» 31808 ლარის ნაცვლად უნდა დაკისრებოდა 35152 ლარის ოდენობით გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება ე. ი-ის სასარგებლოდ (ტომი III, ს.ფ. 75-87).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ე. ი-ი იყო დირექტორი და თავად წყვეტდა ხელფასის გაცემისა თუ გაუცემლობის საკითხს. მან თავის დროზე არ გასცა საკუთარ თავზე ხელფასი, რამაც გამოიწვია სახელფასო დავალიანების დაგროვება. დაგროვილი დავალიანების გადახდა ფინანსურად მძიმე ტვირთია ნებისმიერი მეწარმე სუბიექტისათვის. ამდენად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დავალიანების დაგროვება გამოწვეულია ე. ი-ის ბრალით.

კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მიერ პრემიის მიღების პერიოდში, რომლის ოდენობა რამდენჯერმე აჭარბებდა მის ხელფასს, სახელფასო დავალიანების დაგროვება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ ე. ი-ს ხელფასი მიღებული აქვს, რაც ტექნიკურად პრემიალური ფონდის 90%-ის დირექტორისათვის, ე. ი-ისათვის განაწილებით იქნა გადაფარული. აღნიშნულმა ფაქტორმა გამოიწვია სახელფასო დავალიანების ხელოვნურად წარმოქმნა. შესაბამისად, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას ე. ი-ის მიმართ არანაირი დავალიანება არ აქვს (ტომი III, ს.ფ. 92-98).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1757.60 ლარი) 70% _ 1230.32 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია «ა. ჯ-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1757.60 ლარი) 70% _ 1230.32 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.