ას-1027-1058-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. გ-ი, მ. ჭ-ე, ა. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის დაკისრების ოდნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის ნაწილში
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: რ. გ-ის, მ. ჭ-ისა და ა. გ-ის წინააღმდეგ ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრებისა და ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეწყდა ქორწინება ნ. ჯ-ესა და რ. გ-ს შორის, რეგისტრირებული 2008 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი ¹209791; მოპასუხე რ. გ-ს დაეკისრა შვილის - 2009 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ანა გ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100(ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან 2010 წლის 17 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, განქორწინების მოწმობის აღებისას სახელმწიფო ბაჟი 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით დაეკისრა მოსარჩელეს, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ და დაბრუნებულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ცეფი კულონით, ოქროს საათი თავისივე ოქროს სამაჯურით, ოქროს ბეჭედი თვლის გარეშე და ორი ოქროს ბეჭედი თვლებით, ბავშვის საწოლი, მოვლის საშუალებები და სათამაშოები, რ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 25 (ოცდახუთი) ლარის, ხოლო მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების 600 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.
ნ. ჯ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
რ. და ა. გ-ებმა და მ. ჭ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. გ-ის, მ. ჭ-ის, ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ. გ-ს შვილის - 2009 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ანა გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან _ 2010 წლის 17 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. რ. გ-ის, მ. ჭ-ის, ა. გ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს დაუბრუნდა შემდეგი ნივთები: ბაჯაღლოს რგოლის ბეჭედი, ღირებულებით - 610 ლარი, ე.წ. კამეას ბეჭედი, ღირებულებით - 200 ლარი, ოქროს ყელსაბამი კულონით - 150 ლარი, ბეჭედი თვლებით, ღირებულებით - 200 ლარი;დანარჩენი ოქროს ნივთების გამოთხოვაზე ნ. ჯ-ეს ეთქვა უარი, ნ. ჯ-ეს რ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 ლარი (შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ნივთების გაყოფის გამო).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეები ნ. ჯ-ე და რ. გ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 7 ნოემბრიდან;
თანაცხოვრების დროს მეუღლეებს შეეძიანთ ერთი შვილი 2009 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ანა გ-ი, რომელიც დედასთან იზრდება;
რ. გ-მა სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო და თანხმობა განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხეებმა სარჩელი ასევე ცნეს ბავშვის საწოლის, სათამაშოებისა და მოვლის საშუალებების დაბრუნების ნაწილში;
მოწმეების ჩვენებათა საფუძველზე, პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩია, რომ დანარჩენი სადავო ოქროს ნივთები მოსარჩელე ნ. ჯ-ეს ოჯახმა და ოჯახის ახლო ნათესავებმა საქორწინო ცერემონიალის დროს აჩუქეს.
მეუღლეთა - ნ. ჯ-ესა და რ. გ-ს შორის საქორწინო ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა.
რ. გ-ი არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებზე მითითებით და იმ ფაქტობრივი რეალობის პირობებში, რომ ანა გ-ი არის მცირეწლოვანი, ხოლო მამა რ. გ-ი – უმუშევარი, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 50 ლარი მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234.2-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდა რ. გ-ს უნდა დაკისრებოდა 2010 წლის 17 სექტემბრიდან – ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ოქროს ნივთების მიკუთვნების თაობაზე აღძრული მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ გადაწყვეტილება სამართლებრივად დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე და 1162-ე მუხლზე და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით, ჩათვალა, რომ ოქროს ნივთები, ძვირფასეულობა, რომელიც ნ. ჯ-ეს გადასცეს ოჯახმა და მისმა ნათესავებმა იმყოფება მოპასუხეებთან და იგი უნდა გამოთხოვილიყო მათგან იმ პრინციპისა და საკანონმდებლო დათქმის უსათუო გათვალისწინებით, რომ ძვირფასეულობა მეუღლეთა თანასაკუთრებაა.
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას მიუთითა ოქროს ნივთების ღირებულებაზე, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მ. ჭ-ის, ა. და რ. გ-ების უკანონო მფლობელობიდან უნდა გამოთხოვილიყო და მოსარჩელეს დაუბრუნებოდა შემდეგი ოქროს ნივთები: ბაჯაღლოს რგოლის ბეჭედი, ღირებულებით - 610 ლარი, ე.წ. კამეას ბეჭედი, ღირებულებით - 200 ლარი, ოქროს ყელსაბამი კულონით, ღირებულებით - 150 ლარი, ბეჭედი თვლებით, ღირებულებით - 200 ლარი, ხოლო დანარჩენი ოქროს ნივთების გამოთხოვაზე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და გაუქმება ალიმენტის დაკისრების ოდნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, არასწორია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ რ. გ-ი არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი.
კასატორი არ ეთანხმება დადგენილ გარემოებას ალიმენტის სამართლიან და გონივრულ ოდენობასთან დაკავშირებით.
კასატორი ასევე არ ეთანხმება დადგენილ გარემოებას, რომ მისთვის ნაჩუქარი ოქროს სამკაულები წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.