ას-1045-1075-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ე. ჯ-ა” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ა-ე, რ. კ-ე, ქ. ბ-ე, ბ. ა-ე, ო. ა-ე, ა. მ-ე, მ. კ-ე, რ. ა-ე, ჯ. ბ-ე, ჯ. კ-ე, ბ. კ-ე, ა. ა-ე, უ. ჩ-ე, ხ. ა-ე, უ. ბ-ე, ლ. დ-ე, დ. ა- (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ა-ემ, რ. კ-ემ, ქ. ბ-ემ, ბ. ა-ემ, ო. ა-ემ, ა. მ-ემ, მ. კ-ემ, რ. ა-ემ, ჯ. ბ-ემ, ჯ. კ-ემ, ბ. კ-ემ, ა. ა-ემ, უ. ჩ-ემ, ხ. ა-ემ, უ. ბ-ემ, ლ. დ-ემა და დ. ა-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “ე. ჯ-ას” მიმართ ელექტროენერგის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹002352 აქტისა და მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹000920 აქტის ბათილად ცნობის, ასევე დარიცხული დავალიანების _ 2379.99 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეთათვის ცნობლი გახდა, რომ სს „ე. ჯ-ას“ 2009 წლის 13 აპრილს განუხორციელებია დაბა მახინჯაურში მდებარე კომუნალურ მრიცხველზე (521045) ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმება, რის შედეგადაც შეუდგენიათ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹ 002352 აქტი, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების დროს დადგინდა ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანება, რის გამოც დახარჯული ელექტროენერგია არ აღირიცხებოდა. სს „ე. ჯ-ას“ მიერ ისე განხორციელდა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმება, რომ არც ერთი მომხმარებელი არ დასწრებია მის შემოწმებას. უფრო მეტიც, მათთვის უცნობი იყო აღნიშნულის განხორციელების თაობაზე, რითაც დაირღვა როგორც მომხმარებლის უფლებები, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილება „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ. სეწმეკის ზემოაღნიშნული დადგენილების 11-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის დასწრება ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე, ასევე შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტირებულ შესაბამის ორგანოში, ხოლო მრიცხველის დამოწმება უნდა განხორციელდეს „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილი წესის მიხედვით და მომხმარებელს უნდა ეცნობოს შემოწმების ჩატარების თაობაზე შემოწმებამდე სამი დღით ადრე. ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹00252 აქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა სს „ე. ჯ-ას“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹00920 აქტი, რომლითაც მათ დაერიცხათ 2379,99 ლარის ღირებულების 19506,2 კვტ/სთ ელექტროენერგია. აღნიშნული აქტის მიღების შემდეგ, მოსარჩელეებმა წერილობით მიმართეს სს „ე. ჯ-ას“ აჭარის ფილიალს მრიცხველის გადამოწმებისა და თანხის კორექტრების თხოვნით, თუმცა სს “ე. ჯ-ას” პასუხის თანახმად, დარიცხვა განხორციელდა სამართლანად და მისი კორექტირების საფუძველი არ არსებობს. მახინჯაურში მდებარე ¹521045 მრიცხველიდან ელექტროენერგია მიეწოდება 51 აბონენტს, თუმცა გადასახდელი თანხა დაერიცხა მხოლოდ 34-ს, რაც აბსოლუტურად შეგნებულად განხორციელდა, რადგანაც დარჩენილი 17 აბონენტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს ფარავს სახელმწიფო. სს „ენერო-პრო ჯ-ამ“ არა მხოლოდ უკანონოდ განახორციელა ელექტროენერგის აღრიცხვიანობის შემოწმება, არამედ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადაანაწილა დარიცხული ელექტროენერგიის საფასური 34 აბონენტზე. დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობის სისწორის შემთხვევაშიც კი, საერთო თანხას უნდა გამოკლებოდა იმ 17 აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული და ანაზღაურებული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მოხმარებული საფასურის დასაფარავად. მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „ელექტროენერგის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-13 მუხლი, რომელიც შეეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ელექტროენერგიის აღურიცხაობა ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრის შეუძლებლობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შემოწმების აქტშიც და დარიცხვის აქტშიც ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვა წარმოებდა და შესაძლებელი იყო მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა. მხარის მტკიცებით, თუ კი სს „ე. ჯ-ა“ თვლიდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატებოდა მის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მაშინ მას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უნდა გამოეყენებინა სეწმეკის ზემოაღნიშნული დადგენილების სხვა ნორმა, განეხორციელებინა შემოწმება ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად და ისე მიეღო გადაწყვეტილება ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დაკისრების თაობაზე. სს „ე. ჯ-ას” ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის ¹002352 აქტი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება „ელექტროენერგის მიწოდებისა და მოხმარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების იმპერატიულ მუხლებს, რაც ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
სს “ე. ჯ-ამ” სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეთა მიერ ¹002352 აღრიცხვიანობის შემოწმების აქტის და ¹00920 დარიცხვის აქტის ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებები მცდარია, კავშირში არ არის მოთხოვნასთან და არც ერთი მათგანი გასაჩივრებული აქტის ბათილობის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს. სარჩელი, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ა-ის, რ. კ-ის, ქ. ბ-ის, ბ. ა-ის, ო. ა-ის, ა. მ-ის, რ. ა-ის, ჯ. ბ-ის, ჯ. კ-ის, ბ. კ-ის, ა. ა-ის, დათო ბერიძის, უ. ბ-ისა და ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს “ე. ჯ-ას” მიერ 2009 წლის 13 აპრილს შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹002352 აქტი, ასევე ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მიერ 2010 წლის 25 თებერვალს მიღებული მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹000920 აქტი და მოსარჩელეები გათავისუფლდნენ ამ აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის გადახდისაგან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჯ-ამ”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით სს ,,ე. ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეები სს “ე. ჯ-ას” აბონენტები არიან და სარგებლობენ დაბა მახინჯაურში მდებარე ¹521045 კომუნალურ მრიცხველით. მოსარჩელეებსა და სს “ე. ჯ-ას” შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა. 2009 წლის 13 აპრილს, სს “ე. ჯ-ას” თანამშრომლებმა შეამოწმეს მოსარჩელეთა ¹521045 კომუნალური მრიცხველზე ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა და შეადგინეს შემოწმების ¹002352 აქტი, რომლის დასკვნაშიც მითითებულია, რომ “ა” ფაზის ტრანსფორმატორი არის დაზიანებული და არ აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას. 2009 წლის 13 აპრილის შემოწმების აქტს ხელს არც ერთი აბონენტი არ აწერს. 2010 წლის 25 თებერვალს სს “ე. ჯ-ას” მიერ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹00252 აქტის საფუძველზე მიღებულ იქნა მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹000920 აქტი, რომლითაც მოსარჩელეებს დამატებით დაერიცხათ 2379,99 ლარის ღირებულების 19506,2 კვტ/სთ ელექტროენერგია. სს “ე. ჯ-ას” მიერ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა გადანაწილდა ¹521045 კომუნალური მრიცხველის 34 აბონენტს შორის. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხე სს “ე. ჯ-ას” და მოითხოვეს დარიცხული თანხის კორექტირება. სს “ე. ჯ-ას” 2010 წლის 15 აპრილის წერილით მოსაჩრჩელეებს ეცნობათ, რომ დარიცხვა განხორციელდა სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე და მისი კორექტირების საფუძველი არ არსებობდა. 2009 წლის 13 აპრილის შემოწმების აქტით, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეები ან მათი წარმომადგენელი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹002352 აქტის შედგენას არ ესწრებოდნენ. შესაბამისად, აღნიშნულ აქტზე არ იყო მომხმარებლის ხელმოწერა და არც შესაბამისი ჩანაწერი რომ მომხმარებელმა ან ობიექტის წარმომადგენელმა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აქტის შემდგენლებმა დაადასტურეს, რომ აქტის შედგენის თაობაზე მოსარჩელეები საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებული, არც ერთი მათგანი ან ობიექტის წარმომადგენელი არ ესწრებოდა ობიექტის შემოწმებას და ტრანსფორმატორის დაზიანების ფაქტის დაფიქსირებას, ამასთან, აქტს არ ერთვის და არც სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა დარღვევის ფაქტს.
სააპელაციო პალტის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2009 წლის 13 აპრილს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმებას, ¹002352 აქტის შედგენას მოსარჩელეები ან მათი წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ, ასევე განაწილების ლიცენზიატის მიერ არ მომხდარა მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ შესაბამის ორგანოში მრიცხველის შემოწმების ზუსტი დროს შეტყობინებით, გაზიარებული არ იქნა აპელანტის მოსაზრება, რომ ¹521045 კომუნალური მრიცხველი დაზიანებული იყო და აღნიშნულთან დაკავშირებით ¹002352 აქტის შედგენა, ასევე ¹000920 აქტით მოხმარებული ელექტროენერგიის დამატებით დარიცხვა კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა.
პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და ჩათვალა, რომ სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-17 მუხლის პირველი, მე-3, მე-12 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლებით, 102 მუხლის მესამე ნაწილით, შესაბამისად, სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება, რომ 2009 წლის 13 აპრილის შემოწმების აქტი მიღებულია სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-17 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მისი უკანონოდ მიჩნევის, ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. სასამართლომ მიუთითა სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 პუნქტზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო 2010 წლის 25 თებერვლის დარიცხვის აქტის შედგენისას მოპასუხის მიერ არ უნდა მომხდარიყო სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის გამოყენება, ვინაიდან მოპასუხე სს “ე. ჯ-ა”, როგორც თავად განმარტავს, სადავო აქტის მიღებისას დაეყრდნო 2009 წლის 13 აპრილს შედგენილ შემოწმების აქტს, რომელიც შედგენილია სეწმეკის ზემოაღნიშნული ¹20 დადგენილების მე-17 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუშვებელი იყო აქტის შედგენის წესის დარღვევით შედგენილი 2009 წლის 13 აპრილს შემოწმების აქტის საფუძველზე რაიმე მოქმედების განხორციელება და მოსარჩელეებისათვის რაიმე თანხის დარიცხვა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჯ-ამ”, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატის განჩინება სამართლებრივად არასრულადაა დასაბუთებეული, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია. სასამართლომ გაიზიარა რა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სს “ე. ჯ-ას” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარე არ ესწრებოდა 2009 წლის 13 აპრილს კომუნალური მრიცხველის შემოწმებას. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მხოლოდ სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარების წესები” მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი გამოიყენა, მაშინ, როდესაც, მოცემულ შემთხვევსთან მიმართებაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, რომლითაც დამსწრე პირის აქტზე ხელმოწერის შემთხვევებია გათვალისწინებული. სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც განაწილების ლიცენზიანტს მომხმარებლის ინფორმირება შემოწმების თაობაზე არ ევალება. შემოწმების სადავო აქტი შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით და მასში აღწერილ ვითარებას “ა” ფაზის დენის ტრანსფორმატორის დაზიანების თაობაზე ადასტურებს ბრუნვის ისტორიაც, საიდანაც ხარჯის შემცირება ნათლად იკვეთება.
აღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ სასამართლომ 2009 წლის 13 აპრილის ¹002352 აქტი და მის საფუძველზე 2010 წლის 25 თებერვალს შედგენილი გადასახადის დარიცხვის ქტი უსაფუძვლოდ ცნო ბათილად.
აქტების ბათილად ცნობის გამო დაკისრებული თანხის ჩამოწერის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლოს შეფასება არ გამომდინარეობს სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნებიდან. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სეწმეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მოხმარების წესების” მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი, რადგანაც, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მრიცხველის აკრედიტებულ დაწესებულებაში შემოწმება მოწინააღმდეგე მხარეს არ მოუთხოვია, ამასთან, ნორმა დისპოზიციურია და ენერგოკომპანიას მრიცხველის ამ დაწესებულებაში შემოწმების ვალდებულებას არ აკისრებს. ფაქტია, რომ მრიცხველის შემოწმება ენერგოკომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა, ხოლო პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება ჰქონდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის მასალები, კერძოდ, არ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბარათი, დენის ტრანსფორმატორის შეცვლის განაწესი და სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “ე. ჯ-ას” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სს “ე. ჯ-ას” (ს/¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.