ას-1048-1078-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1. სს «ს-ი» (მოსარჩელე)
2. ბ. ფ-ე (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ 1. სს «ს-ის» მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება
2. ბ. ფ-ის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,ს-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ფ-ის, ი. დ-ისა და ზ. ა-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 17 755 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მის სასარგებლოდ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «ს-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სს «ს-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს ,,ს-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ფ-ეს სს ,,ს-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 3939, 45 ლარის გადახდა, ბ. ფ-ეს სს ,,ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის 275, 76 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
საქმეზე წარმოდგენილი 2007 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ, სს “ს-ში” შემოწმებული იქნა 2004_2007 წლის საანგარიშო პერიოდი. აქტის მიხედვით, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება საზოგადოების მიერ სრულად არ იქნა შესრულებული, რის გამოც, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის, 2007 წლის 6 სექტემბრის ¹ ...82 ბრძანების საფუძველზე, 2004 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდში, სს “ს-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა-საურავები, მათ შორის: საშემოსავლო გადასახდის ნაწილში დაერიცხა_6914 ლარი, რაც მოიცავდა ძირითად გადასახადს_3385 ლარს, ჯარიმას_1260 ლარს და საურავს_2269 ლარს, ასევე სოციალური გადასახდის ნაწილში_10861 ლარი, რაც მოიცავდა ძირითად გადასახადს_5595 ლარს, ჯარიმას_1420 ლარს და საურავს_3846 ლარს (ტ.1.ს.ფ. ...-65).
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ჯარიმა-საურავების დაკისრება გამოიწვია 2004-2007 წლებში, ხელფასის თანხის არასწორად დარიცხვამ, რამაც დეკლარირებისას წარმოშვა სხვაობა 18858 ლარი, საიდანაც 2004 წლისათვის სხვაობა შეადგენდა 14026 ლარს.
2007 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტითა და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2001 წლის სექტემბრიდან_2005 წლის ივლისამდე პერიოდში, სამეწარმეო რეესტრში სს “ს-ის” რეგისტრირებული დირექტორი იყო ბ. ფ-ე, ხოლო 2005 წლის ივლისის შემდეგ- მ. ზ-ე.
2004 წლის 1 ივნისიდან_2005 წლის ივლისამდე, ბ. ფ-ის ბრძანების საფუძველზე, დირექტორის მოვალეობას ბ. ფუტკრაძესთან ერთად, იმავდროულად ასრულებდა ზ. ა-ე, რომლის უფლებამოსილება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებული არ ყოფილა და არც შრომითი ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული.
მოპასუხე ი. დ-ე, სადავო პერიოდში წარმოადგენდა სს “ს-ის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრს.
2004 წლის 01 იანვრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე პერიოდი მოიცავს 1276 დღეს, ხოლო 2004 წლის 01 იანვრიდან_2005 წლის 01 ივლისამდე პერიოდი _ 546 დღეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პალატამ განმარტა შემდეგი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების დელიქტის, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს.
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით პირდაპირ და უშუალოდ.
პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ირკვევოდა, რომ 2007 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტით თანხების, მათ შორის ჯარიმა-საურავების დამატებით დარიცხვა გამოიწვია საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამ, კერძოდ საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის არასწორად წარდგენამ, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და არასწორი დეკლარირებისათვის, დამატებით დაკისრებული ჯარიმა საურავების, როგორც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო.
ვინაიდან, მოპასუხეთაგან ბ. ფ-ე 2007 წლის 16 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდიდან, მხოლოდ 2004-2005 წლებში წარმოადგენდა სს ”ს-ის” რეგისტრირებულ დირექტორს, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია, მხოლოდ მითითებული პერიოდისათვის.
სასარჩელო მოთხოვნა ი. დ-ისა და ზ. ა-ისათვის სოლიდარულად ზიანის დაკისრების თაობაზე პალატა უსაფუძვლოდ ჩათვალა, კერძოდ აღნიშნა შემდეგი:
ი. დ-ე, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არ წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოებთან დეკლარირებაზე კანონით გათვალისწინებულ ვალდებულ პირს, მისი ასეთი ვალდებულება არც საწარმოს წესდებით არ ყოფილა განსაზღვრული, შესაბამისად, არასწორი დეკლარირების გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ვინაიდან, ზ. ა-ე არ იყო, 2004-2005 წლის რედაქციით მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.4.1. მუხლის შესაბამისად, საზოგადოების ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი_რეგისტრირებული დირექტორი, მისი ასეთი ვალდებულება არც საწარმოს წესდებით და არც შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მის მიმართ ვერ გამოიყენებოდა საგადასახადო ორგანოში არასწორი დეკლარირებისათვის, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობათან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის საგადასახადო შემოწმების აქტით საშემოსავლო და სოციალურ გადასახადთან დაკავშირებით დარიცხული მთლიანი თანხების _ 17775 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით, არ გაიზიარა.
ვინაიდან, მოპასუხეთაგან ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მხოლოდ ბ. ფ-ე, რომელიც სს “ს-ის” დირექტორი იყო 2001 წლის სექტემბრიდან 2005 წლის ივლისამდე, პალატამ მიიჩნია, რომ 2004-2007 საანგარიშო წლებში, წლიური დეკლარირების ვალდებულება ბ. ფ-ეს გააჩნდა მხოლოდ 2004 წლისათვის, ხოლო 2005 წლის ივლისიდან საზოგადოების დირექტორს წარმოადგენსდა რა მ. ზ-ე, 2005-2007 წლის დეკლარაციის წარდგენა და საბუღალტრო ანგარიშგება მისი ვალდებულება იყო.
საქმეზე წარმოდგენილი 2007 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვეოდა, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით დარიცხული 6914 ლარი მოიცავდა ძირითად გადასახადს_3385 ლარს, ხოლო სოციალური გადასახადთან დაკავშირებით დარიცხული 10861 ლარი მოიცავს ძირითად გადასახადს_5595 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ მითითებული თანხები (ძირითადი გადასახადი) არ წარმოადგენს ზიანს და ამ თანხის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ჯარიმა 1260 ლარი დარიცხული იქნა 2004-2007 წლებში, მუშა-მოსამსახურეებზე გაცემულ ხელფასსა და საგადასახადო ინსპექციაში შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ ხელფასს შორის სხვაობაზე _ 18858 ლარზე, შესაბამისად, 2004 წელში წარმოშობილი სხვაობის _ 14026 ლარის პროპორციულად ჯარიმა, უნდა განისაზღვრულიყო 937,15 ლარით. (14026X1260:18858=937,15).
ვინაიდან, 2004 წლისათვის სს “ს-ის” დირექტორს წარმოადგენდა ბ. ფ-ე, ამ პერიოდისათვის საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმის, 937,15 ლარის ბ. ფ-ისათვის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია.
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით საურავის სახით 2269 ლარი დარიცხული იქნა 2004 წლის 1 იანვრიდან_2007 წლის 1 ივლისამდე პერიოდზე_ 1276 დღეზე, მუშა-მოსამსახურეებზე გაცემულ ხელფასსა და საგადასახადო ინსპექციაში შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ ხელფასს შორის სხვაობაზე_ 18858 ლარზე, შესაბამისად, 2004 წელში წარმოშობილი სხვაობის_14026 ლარის პროპორციულად 1276 დღის საურავი, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა განსაზღვრულიყო 1687,61 ლარით.
ვინაიდან, ბ. ფ-ეს, როგორც სს “ს-ის” დირექტორს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული პერიოდიდან, მხოლოდ 2004 წლის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გააჩნდა, პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ფ-ეს, როგორც დირექტორს, არაკეთილსინდისიერი მოქმედებით წარმოშობილი ზიანის სახით უნდა დაეკისროს 2004 წლის 1 იანვრიდან_2005 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, 14026 ლარის პროპორციულად დარიცხული 546 დღის საურავის ანაზღაურება, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 722,13 ლარს.
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სოციალურ გადასახადთან დაკავშირებით ,ჯარიმა 1420 ლარი დარიცხული იქნა 2004-2007 წლებში, მუშა-მოსამსახურეებზე გაცემულ ხელფასსა და საგადასახადო ინსპექციაში შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ ხელფასს შორის სხვაობაზე _ 18858 ლარზე, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 2004 წელში წარმოშობილი სხვაობის _ 14026 ლარის პროპორციულად ჯარიმა, უნდა განისაზღვრულიყო 1056,15 ლარით.
ვინაიდან, 2004 წლისათვის სს “ს-ის” დირექტორს წარმოადგენდა ბ. ფ-ე, ამ პერიოდისათვის სოციალურ გადასახადთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმის, 1056,15 ლარის ბ. ფ-ისათვის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია.
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სოციალურ გადასახადთან დაკავშირებით, საურავის სახით 3846 ლარი დარიცხულ იქნა 2004 წლის 1 იანვრიდან _ 2007 წლის 1 ივლისამდე პერიოდზე_ 1276 დღეზე, მუშა-მოსამსახურეებზე გაცემულ ხელფასსა და საგადასახადო ინსპექციაში შესაბამის პერიოდში დეკლარირებულ ხელფასს შორის სხვაობაზე_ 18858 ლარზე, შესაბამისად, 2004 წელში წარმოშობილი სხვაობის_ 14026 ლარის პროპორციულად 1276 დღის საურავი, პალატის მოსაზრებით, უნდა განსაზღვრულიყო 2860,54 ლარით.
ვინაიდან, ბ. ფ-ეს, როგორც სს “ს-ის” დირექტორს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული პერიოდიდან, მხოლოდ 2004 წლის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გააჩნდა, პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ფ-ეს, როგორც დირექტორს, არაკეთილსინდისიერი მოქმედებით წარმოშობილი ზიანის სახით უნდა დაკისრებოდა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, 14026 ლარის პროპორციულად დარიცხული 546 დღის საურავის ანაზღაურება, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენდა 2860,54 ლარს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და ნაცვლად მოპასუხეთათვის სოლიდარულად 17775 ლარის დაკისრებისა, ბ. ფ-ეს სს ”ს-ის” სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ჯარიმა _ 937,15 ლარი, საურავი _ 722,13 ლარი, ასევე სოციალურ გადასახადთან დაკავშირებით ჯარიმა _ 1056,15 ლარი, საურავი _ 2860,54 ლარი, სულ 3939,45 ლარის გადახდა, ხოლო სხვა სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სს ”ს-ის” სასარჩელო მოთხოვნის მთლიანად დაუკმაყოფილებლობით არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე, 386-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს-მა» და ბ. ფ-ემ.
სს «ს-მა» საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკისრა მოპასუხეებს ძირითადი თანხები იმ მოსაზრებით, რომ ძირითადი თანხების მოთხოვნა ზარალში არ შედის. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ზ. ა-ესა და ი. დ-ეს ზიანის ანაზღაურება იმიტომ არ დააკისრა, რომ აღნიშნული პირები ისეთ სუბიექტებად ჩათვალა, რომლებიც არ არიან ვალდებულნი საზოგადოების დეკლარაციის წარდგენაზე, რაც არასწორია, ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციის დროულად წარუდგენლობა ან მასში არასრულყოფილი მონაცემების აღრიცხვა იწვევსგადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას სსკ-ის 131-ე, 132-ე, 133-ე მუხლების შესაბამისად, რაც საგადასახადო აქტის მიხედვით მოხდა კიდეც, მაგრამ სასარჩელო დავის საგანს ეს თანხები არ წარმოადგენს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაყო ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობის პერიოდი ცალ-ცალკე და ჩათვალა, რომ დარიცხული საჯარიმო გადასახადი შეეხება 2004-2007 წლების პერიოდში დარიცხული ხელფასების არასწორ დეკლარირებას, რაც არასწორია. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
ბ. ფ-ემ თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, მაშინ როდესაც სასამართლო ზიანის გამოანგარიშებისას დაეყრდნო საგადასახადო შემოწმების აქტს, თუმცა არ გაარკვია ის, თუ რატომ არ გამოიყენა საზოგადოების ხელმძღვანელობამ მისი უფლება გაესაჩივრებინა საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი აქტი და საგადასახადო მოთხოვნა. ამით საზოგადოების ახალმა ხელმძღვანელობამ თვითონ ხომ არ შეუწყო ხელი საზოგადოების საზიანო გადაწყვეტილების ძალაში შესვლით იმ ზიანის დადგომას, რომელსაც ახლა ფ-ეს ედავებიან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განჩინებით სს «ს-ის» საკასაციო საჩივარი, ხოლო 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ს-ისა» და ბ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «ს-ისა» და ბ. ფ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ ბ. ფ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ხოლო სს «ს-ს» უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (691.78 ლარი) 70% _ 484.25 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ს-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ სს «ს-ს» დაუბრუნდეს სს «ს-ის» მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (691.78 ლარი) 70% _ 484.25 ლარი.
4. კასატორ ბ. ფ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
5 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.