Facebook Twitter

ას-1059-1089-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ვ. ს-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ რ. ს-ე, მ. ს-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. და მ. ს-ეებმა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ა. ჯ-ის, მ. ჯ-ისა და ვ. ს-ას მიმართ, საქმეში მესამე პირად ჩართული სსიპ -აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს აჭარის აღსრულების ბიუროს მიერ დაყადაღებული მოძრავი ქონების ამორიცხვისა და ყადაღის მოხნის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ბათუმში, ...ის ქ.¹2-ში მდებარე ბინა ¹24, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება რ. ს-ის საკუთრებად. აღნიშნულ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთები: კომპიუტერის კომლექტი (თხელკანიანი მონიტორით ფირმა “ასუს”, პროცესორი “დელუხ”, კლავიატურა “გენიუს”), 3 ცალი სერვანდი, ტელევიზორი “სამსუნგი”, 2 ცალი ე.წ ტრილიაჟი და გარდერობი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აჭარის აღსრულების ბიუროს მიერ დაყადაღებულ იქნა კრედიტორ ვ. ს-ას სასარგებლოდ.

მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში მოვალე მხარედ მითითებული არიან რ. ს-ის სახელზე აღრიცხულ უძრავ ქონებაში საპასპორტო მონაცემების თანახმად რეგისტრირებული პირები, ა. და მ. ჯ-ეები. აღნიშნულიდან გამომიდნარე, მოსარჩელის განცხადებით, აჭარის აღსრულების ბიუროს მიერ განხორციელებული აღწერა-დაყადაღების აქტი უკანონოა.

მოპასუხე ვ. ს-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოვალეები ა. და მ. ჯ-ეები წლებია თავს არიდებენ ვალდებულების შესრულებას და სხვადასხვა გზით ცდილობენ აღსრულების გაჭიანურებას. მოპასუხის განცხადებით მოვალეები რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში და შეგნებულად ამოეწერნენ.

მოპასუხე მ. და ა. ჯ-ეებმა სარჩელი ცნეს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეეგის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. და მ. ს-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. და მ. ს-ეებმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტიელბით დაკმაყოფილდა რ. და მ. ს-ეების სარჩელი. ამავე გადაწყვეტილებით, ვ. ს-ას, ა. ჯ-ესა და მ. ჯ-ეს აპელანტთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 310 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაცოო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს-ის კუთვნილ ბინაში არსებული მოძრავი ნივთები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აჭარის აღსრულების ბიუროს მიერ იქნა დაყადაღებული კრედიტორ ვ. ს-ას სასარგებლოდ. კრედიტორის მოვალეებს კი წარმოადგენდნენ მ. და ა. ჯ-ეები.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლისა და 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ბინა აპელანტის საკუთრებაა. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე კი, ბინაში არსებული ავეჯი არის მისი საკუთვნებელი და შესაბამისად ბინის მესაკუთრის საკუთრებაა. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნივთების მესაკუთრედ ა. და მ. ჯ-ეების მიჩნევისათვის საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 და 32-ე მუხლების პირველი ნაწილებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია რომ, აპელანტებს უფლება აქვთ განკარგონ თავიანთი საკუთრება, ქონებაზე არსებული ყადაღა კი უზღუდავს მათ ამ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ რ. და მ. ს-ეების მოითხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანად და დასაბუთებულად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოპასუხეებს, ვ. ს-ას, ა. და მ. ჯ-ეების სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისრა აპელანტთა მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების გადახდა 310 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ვ. ს-ას განცხადებით იგი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რადგან არის სოციალურად დაუცველ ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ღებულობს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს რომ, უკანონოა მასზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა ვ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ)გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.