Facebook Twitter

ას-1065-1095-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. თ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა დ. თ-ასთვის არასრულწლოვანი შვილების: ლ., ს., დ. და გ. თ-ების სასარგებლოდ 1071 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება.

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, თანახობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 80 ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. თ-ას, ლ. მ-ის სასარგებლოდ, შვილების – 2002 წლის 01 ივლისს დაბადებული ლ. თ-ას, 2004 წლის 15 აპრილს დაბადებული ს. თ-ას, 2007 წლის 24 სექტემბერს დაბადებული დ. და გ. თ-ების რჩენა-აღზრდისათვის 2010 წლის 15 ნოემბრიდან ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 80-80 (ოთხმოც-ოთხმოცი) ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, მათ სრულწლოვანებამდე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-ამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად ჯამში 100 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით დ. თ-ას სააპელაციოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ. თ-ას შვილების – 2002 წლის 01 ივლისს დაბადებული ლ. თ-ას, 2004 წლის 15 აპრილს დაბადებული ს. თ-ას, 2007 წლის 24 სექტემბერს დაბადებული დ. და გ. თ-ების რჩენა-აღზრდისათვის 2010 წლის 15 ნოემბრიდან ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 80-80 (ოთხმოც-ოთხმოცი) ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე, მათ სრულწლოვანებამდე, შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 320 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტის მოთხოვნის _ ალიმენტის 100 ლარამდე შემცირების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტი ალიმენტის ოდენობის შემცირებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ დაკარგა სამუშაო, არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა. ამასთან, პალატის მოსაზრებით, ასეც, რომ ყოფილიყო, აპელანტისათვის მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა მაინც გონივრული იყო და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრული იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. თ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია ფინანსური პრობლემები და ვერ შეძლებს მისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით დ. თ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. თ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. თ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.