Facebook Twitter

ას-1067-1097-2011 20 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს “... ბანკი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება იპოთეკის საგნის რეალიზაციით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჭ-ეს სს “... ბანკის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო 2010 წლის 6 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დღეში 117.44 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ივლისის განჩინებით ნ. ჭ-ეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი კასაციის კონკრეტული მიზეზების მითითებით და 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარენიდან 14 დღით.

2011 წლის 30 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. ჭ-ის წარმომადგენელმა თ. ც-ემ, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის კონკრეტული მიზეზების მითითებით, 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება კასატორის მძიმე ოჯახური და ფინანსური მდგომარეობის გამო. 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ნ. ჭ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით და დაევალა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2011 წლის 20 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიუთითა, რომ ამცირებს მოთხოვნას 60 000 ლარამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.ბათუმი, კ-ის ქ.¹6, ბინა 70), მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. აღნიშნული დასტურდება შპს “საქართველოს ფოსტის” კურიერის ცნობით, რომელიც შედგენილია 2011 წლის 03 ოქტომბერს. ასეთ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ნ. ჭ-ის წარმომადგენელ თ. ც-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) სატლეფონო შეტყობინებით 2011 წლის 10 ოქტომბერს, რაც ასევე ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა, პირველ შემთხვევაში, დაიწყო 2011 წლის 04 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 06 ოქტომბერს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, დაიწყო 2011 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 13 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ხუთშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება კასატორის წარმომადგენლის მიერ შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2011 წლის 17 ოქტომბერს, ანუ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ჭ-ეს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის, თ. ც-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 3000 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.