Facebook Twitter

ას-1068-1098-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. თ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 100 ლარამდე შემცირება

დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. თ-ას მიმართ 2010 წლის 23 მაისს დაბადებული მარია გ-ის მამად მოპასუხის აღიარების, შვილისათვის მამის გვარის მინიჭებისა და მის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 20 ივლისიდან მხარეები იმყოფებდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ბავშვის დაბადებამდე ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2010 წლის 23 მაისს, ბავშვის დაბადების შემდეგ, მოპასუხე თავს არიდებს აღირიცხოს ბავშვის მამად და მონაწილეობა მიიღოს მის რჩენა-აღზრდაში.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მან განმარტა, რომ თანახმაა, ცნობილ იქნას არასრულწლოვანი შვილის _ მ. გ-ის მამად და ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკებრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული მ. გ-ის მამად აღიარებულ იქნა გ. თ-ა და მასვე თ. გ-ის სასარგებლოდ შვილის _ მ. გ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით დაეკისრა 250 ლარის გადახდა 2010 წლის 23 ივლისიდან მ. გ.ის სრულწლოვანებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის 100 ლარამდე შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინებით გ. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელე თ. გ-ე და გ. თ-ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 23 მაისს, შეეძინათ ერთი შვილი, მ. გ-ე, რომელიც ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე გ. თ-ამ არასრულწლოვან მ. გ-ის მამად ცნობის ნაწილში სარჩელი ცნო. 2010 წლის 23 მაისს სამოქალაქო რეესტრის სააგნეტოში მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის მიერ გაცემული მ. გ-ის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა იყო შეუვსებელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ. თ-ა არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1094.50 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელატის მოსაზრება, რომ მას აღებული აქვს კრედიტი სს “ბანკ ...იდან” და ერიცხება სესხის დავალიანება. გ.თ-ა არჩენს მის კმაყოფაზე მყოფ უმუშევარ და პენსიონერ მშობლებს და პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საქმეზე არ იქნა დაშვებული შუამდგომლობის წარდგენისათვის კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევის გამო, ამასთან, პალატის მოსაზრებით, ეს გარემოებები დადასტურებული რომც ყოფილიყო, ვერ იქონეიებდა გავლენას საალიმენტო თანხის ოდენობაზე, ვინაიდან, აპელანტმა იცოდა ასრულწლოვანი შვილის არსებობის შესახებ და, შესაბამისად, მშობლის პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა განესაზღვრა რა ოდენობით აეღო ბანკიდან კრედიტი, რათა საფრთხე არ შექმნოდა საალიმენტო ვალდებულების შესრულებას.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, მუხლებით და განმარტა, რომ ალიმენტის გადხდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრულია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასააჩივრა გ. თ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ალიმენტის _ 250 ლარის შემცირება 100 ლარამდე შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებისას სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მშობელთა ვალდებულება _ არჩინონ თავიანთი შვილები არ არის დამოკიდებული მშობლების ფინანსურ მდგომარეობაზე, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა სწორად მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარდა ამისა, ალიმენტის დაკისრებისას მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1214-ე მუხლი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ, როცა მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, ამას განსაზღვრავს სასამართლო მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ გ. თ-ა აღარ იმყოფება არც ფაქტობრივ და არც იურიდულ ქორწინებაში მეუღლესთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მთელი ცხოვრება წინ აქვს და ექნება შესაძლებლობა, შექმნას ახალი ოჯახი, რაც პირდაპირ კავშირშია მის ეკონომიურ მდგომარეობასთან, ხოლო დაკისრებული ალიმენტისა და სესხის ყოველთვიურად დაფარვის შემთხვევაში გ.თ-ას შემოსავალი მხოლოდ 300 ლარი იქნება, ამ შემოსავლით კი არათუ ოჯახის შექმნას, არამედ თავის რჩენაც ვერ შეძლებს. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, კერძოდ, დაადასტურა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც საერთოდ არ გაითვალისწინა კასატორის მატერიალური მდგომარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით გ. თ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც გ. თ-ას უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. თ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. თ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ გ. თ-ას (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 105 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.