¹ას-1070-1100-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ჩ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ე. ე-ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების არსებობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ე. ე-ის” მიმართ და მოითხოვა, რომ სს “ე. ე-ის” მხრიდან მოსარჩელის მიმართ საიჯარო ქირის სახით 95111 აშშ დოლარის ოდენობის დავალიანების არსებობის, ასევე, მოპასუხის მიერ სამი თვის იჯარის ქირის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება და მოპასუხის მფლობელობიდან იჯარის საგნის გამოთხოვა, რომლითაც სარგებლობს მოპასუხე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ყველა თვის იჯარის ქირა სრულად აქვს დაფარული, შესაბამისად, ნ. ჩ-ას მიმართ დავალიანება არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2007 წლის 5 აპრილს სს “ე. ე-სა” და ნ. ჩ-ას შორის დაიდო პირველი იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ქირა განისაზღვრა რემონტის განმავლობაში 2500, ხოლო რემონტის დამთავრების შემდეგ 4300 აშშ დოლარით. ხელშეკრულების ვადა იყო 5 წელი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მეიჯარისათვის 12840 აშშ დოლარის გადახდას ავანსის სახით, რომელიც გამოიქვითებოდა მომდევნო თვეებში, ყოველთვიურად გადასახდელი ქირიდან. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოიჯარემ ავანსის სახით გადაუხადა მესაკუთრეს 12840 აშშ დოლარი.
2007 წლის 17 აპრილს იმავე საგანზე ნ. ჩ-ასა და სს “ე. ე-ს” შორის გაფორმდა ახალი იჯარის ხელშეკრულება ქ.თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა ¹19-ში არსებულ 131 კვ.მ ფართზე, რომლის მე-3 პუნქტითაც იჯარის ქირად განისაზღვრა 4300 აშშ დოლარი. 3.3. მუხლის თანახმად, გადახდა ხორციელდებოდა ეროვნული ვალუტით გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაც განისაზღვრა 5 წლით.
ზემოაღნიშნული 2007 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების 3.5 პუნქტში მითითებულია, რომ აღნიშნული 12840 აშშ დოლარი გამოიქვითება მომდევნო თვეებში ყოველთვიურად გადასახდელი ქირიდან.
2007 წლის 10 მაისს ცვლილება შევიდა 2007 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების 3.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: წინამდებარე შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოიჯარე ვალდებულია, მეიჯარეს ავანსის სახით გადაუხადოს 80000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რომელიც შეამცირებს ყოველთვიურად გადასახდელ იჯარის ქირას და, რომლის ოდენობდა და გადახდაც იწარმოებს ¹1 დანართის თანახმად. ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი. ¹1 დანართში გაწერილია 05.2007-09.2009 წლების 29 თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც იჯარის ქირა 05.2007-დან 01.2008-მდე არის 2250 აშშ დოლარი (სულ 18000 დოლარი), 01.2008-დან 01.2009-მდე _ 2750 აშშ დოლარი (სულ 33 000 აშშ დოლარი), 01.2009-დან 09.2009-მდე _ 3200 აშშ დოლარი (სულ 25600 აშშ დოლარი) და ბოლო თვეს – 09.2009 წელს იჯარის ქირა განსაზღვრულია 3400 აშშ დოლარით. დანართით გათვალისწინებული თანხების საერთო ჯამი შეადგენს 80000 აშშ დოლარს.
მოცემულ დანართში მითითებულია, რომ აღნიშნული ვადის (09.2009) გასვლის შემდეგ, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 4300 აშშ დოლარის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 18 აპრილს ნ. ჩ-ასა და სს “ე. ე-ს” შორის კიდევ ერთხელ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების შესახებ ხელშეკრულება არ ამოქმედებულა.
ფიზიკური პირის, ნ. ჩ-ასადმი დარიცხული და ჩარიცხული თანხების შესახებ (05.04.2007-დან) ცნობით ასახულია მოპასუხის ბუღალტრული გაანგარიშებები ნ. ჩ-ასთან საიჯარო ურთიერთობების ფარგლებში. ცნობის თანახმად, 2007 წლის 5 აპრილს განხორციელდა პირველი გადახდა 21963.56 ლარის ოდენობით, რაც, მხარეთა განმარტებით, არის 2007 წლის 5 და 17 აპრილის ხელშეკრულებებში მითითებული ავანსი _ 12840 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
სს “ე. ე-ის” შემდეგი გადახდა დაფიქსირებულია 2007 წლის 10 და 14 მაისს სამ ტრანშად, 50 000 ლარის, 84920 ლარისა და 779.82 (სულ _ 135.699) ლარის ოდენობით, რაც, მხარეთა აღიარებით, წარმოადგენდა 2007 წლის 10 მაისის ხელშეკრულებაში მითითებული 80 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს გადახდის დროს არსებული კურსის შესაბამისად.
შემდეგი დარიცხვა (და არა გადახდა) ასახულია 2007 წელს 31 მაისს 2250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით (1.678), რამაც 3775.5 ლარი შეადგინა, თუმცა მისი გადახდა განხორციელებული არ არის და ეს თანხა გამოკლებულია ნაშთის გრაფაში ამ დროისათვის არსებულ 152672.11 ლარს. 152672.11 ლარი შეადგენს 135.699 ლარისა და 21963.56 ლარის გადახდების შედეგად (2007 წლის აპრილის ქირის გამოქვითვით) დარჩენილ გადახდილი თანხების ჯამს. 2007 წლის 10 მაისისათვის, როდესაც გადახდილ იქნა 80 000 აშშ დოლარის პირველი ტრანში – 50 000 ლარი და შემდეგი თანხები, პირველი გადახდის _ 21963.56 ლარიდან დარჩენილი იყო აქტივი 16972.29 ლარის ოდენობით. სწორედ ამ თანხების ჯამია ნაშთის გრაფაში ასახული.
ზემოაღნიშნული წესით არის დარიცხული და გამოქვითული ყოველთვიური იჯარის ქირები 2009 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ამავე გრაფიკით დასტურდება, რომ სამჯერ მოხდა ე.წ “გადახდა რეალიზაციით”, 2007 წლის 23 სექტემბერს – 13881 ლარი, 2008 წლის 8 აპრილს – 2052, 2008 წლის 8 სექტემბერს – 2056 ლარი, რაც განმარტებულია როგორც მობილურების საფასურის გამოქვითვა გადახდაში. მოსარჩელემ ამ პერიოდში აიღო უფასოდ მობილურები, რომლის ღირებულება იჯარის ქირაში უნდა გამოქვითულიყო. A
აღნიშნული გრაფიკის თანახმად, 2009 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, როდესაც ამოიწურა 2007 წლის 10 მაისის ხელშეკრულებით დადგენილი დანართის 29-თვიანი ვადა, მართალია, იჯარის ქირად განსაზღვრულია 4300 აშშ დოლარი და მისი შესაბამის კურსად ლარში 7210.10 ლარია (1.6768) მითითებული დარიცხვა (გამოქვითვის) გრაფაში, თუმცა ეს თანხა სს “ე. ე-ს” არ გადაუხდია.
ანგარიშ-ვალდებულება ასეთი პრინციპით ფორმდებოდა 2010 წლის 12 აპრილამდე, როდესაც სს “ე. ე-ს” საიჯარო ქირის 7503.95 ლარიდან გადახდილი აქვს ნაშთსა და ვალდებულებას შორის არსებული დანაკლისი 602 ლარის სახით. ამის შემდგომი პერიოდისათვის 2010 წლის 12 აპრილიდან სს “ე. ე-მა” გააგრძელა ყოველთვიური ქირის – 4300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და იგი ამ დრომდე აგრძელებს ქირის გადახდას, რასაც მოსარჩელეც აღიარებს და იგი იღებს ამ თანხებს.
რაც შეეხება 2009 წლის 30 ოქტომბრიდან 12 აპრილამდე პერიოდს, ამ პერიოდში თანხის რეალური გადაუხდელობა, მოპასუხის განმარტებით, გამოწვეულია წინსწრებით ავანსის სახით გადახდილი თანხებისა და მობილურების ღირებულების შედეგად, კურსთა სხვაობის გამო, კომპანიის აქტივში არსებული თანხების აკუმულაციით, რომლის ე.წ “განულების” შემდეგაც წარმოეშვა მას გადახდის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ სს “ე. ე-ს” ნ. ჩ-ას მიმართ დავალიანება არ გააჩნია.
სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი 2009 წლის ოქტომბრამდე 80000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობა. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ 80000 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ ავანსის სახით გადაიხადა, არის მხოლოდ 29 თვის იჯარის ქირის ნაწილი და გადახდილის გარდა, იგი ვალდებული იყო, ყოველთვიურად გადაეხადა ხელშეკრულების ¹1 დანართში ასახული თანხები.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ლოგიკით ვერ აიხსნება, თუ რა საფუძვლითა და ინტერესით იქნა მოპასუხის მიერ გადახდილი 80000 აშშ დოლარი ერთად, თუ არა მომავალი გადასახდელების ანგარიშში. დანაზოგი, რაც მოიჯარეს შეეძლო მიეღო საიჯარო ქირის დაკლებით, შეადგენს 44700 აშშ დოლარს და მოიჯარე არ გადაიხდიდა ჯერ 80000 აშშ დოლარს ავანსის სახით და შემდეგ კიდევ 80000 აშშ დოლარს ყოველთვიური ქირის სახით, რომელთა ჯამი 160000 აშშ დოლარს შეადგენს, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე თუნდაც 4300 აშშ დოლარის ანგარიშში გადახდილი 29 თვის ქირა, რაც მხოლოდ 124700 აშშ დოლარია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის სადავოა მხოლოდ ის გარემოება, გააჩნდა თუ არა სს “ე. ე-ს” ნ. ჩ-ას მიმართ ვალდებულება, ავანსის სახით გადახდილი 80000 აშშ დოლარის გარდა, გადაეხადა მისთვის 2007 წლის მაისიდან 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით (29 თვის ქირა), ყოველთვიურად ხელშეკრულების ¹1 დანართში მითითებული თანხები, რომლის ჯამი 80000 აშშ დოლარს შეადგენს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია განიმარტოს 2007 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების 3.1 პუნქტში 2007 წლის 10 მაისს შეტანილი ცვლილებით გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმება.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით 2007 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად, საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 4300 აშშ დოლარით, თუმცა მასში 2007 წლის 10 მაისს შეტანილი ცვლილებით, ავანსის სახით ერთდროულად 80000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ, 29 თვის განმავლობაში (2007 წლის მაისიდან 2009 წლის ოქტომბრამდე) ქირა შემცირდა ¹1 დანართში მითითებულ თვეებში შესაბამისი ოდენობით, ხოლო შემდგომ კვლავ 4300 აშშ დოლარით განისაზღვრა. სს “ე. ე-ის” განმარტებით, 29 თვის განმავლობაში გადასახდელი ქირის, ჯამში 80000 აშშ დოლარის, დანართში მითითებული ოდენობით გაწერა აუცილებელი იყო როგორც ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის, რათა დროის ნებისმიერი მომენტისათვის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, მხარეებს შეძლებოდათ ურთიერთვალდებულების ოდენობის განსაზღვრა, ასევე მოიჯარის საბალანსო და საგადასახადო მიზნებისათვის. იგი ყოველთვიურად ახდენდა წინასწარ ავანსად ჩარიცხულ 80000 აშშ დოლარზე გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული თანხის გამოქვითვას, რითაც შესაბამისად მცირდებოდა ვალდებულება. პალატა დაეთანხმა მოპასუხის ამგვარ მსჯელობას და ჩათვალა, რომ ¹1 დანართში მითითებულია თვეების მიხედვით დაანგარიშებული 29 თვის საიჯარო ქირა, რაც ერთიანად, ავანსის სახით იქნა გადახდილი. აღნიშნულზე მეტყველებს ისიც, რომ წინასწარ გადახდილი თანხა 80000 აშშ დოლარი, ემთხვევა დანართში აღნიშნული თანხების ჯამურ ოდენობას. ასევე აღსანიშნავია თავად იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი, სადაც არსად არ არის აღნიშნული, რომ ავანსის სახით გადასახდელი 80000 აშშ დოლარი არის საიჯარო ქირის ნაწილი, რომელიც გამოაკლდებოდა მომდევნო თვეებში დარჩენილი გადასახდელი ქირის თანხას, როგორც ეს მხარეებმა აღნიშნეს თუნდაც 2007 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების 3.5. პუნქტში (იგი შეეხება ავანსის სახით გადახდილი 12840 აშშ დოლარის გათვალისწინების საკითხს შემდგომ თვეებში გადასახდელი ქირის ოდენობის განსაზღვრისას).
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობის ის ნაწილი, რომელიც შეეხება თავად 2007 წლის 10 მაისის ხელშეკრულების სიტყვასიტყვით განმარტებასაც და თვლის, რომ ცვლილების შესაბამისად ჩამოყალიბებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შინაარსი _ “შეამცირებს ყოველთვიურ გადასახდელ იჯარის ქირას” და “რომლის ოდენობა და გადახდაც იწარმოებს თანახმად დანართი ¹1-სა” _ ცხადყოფს იმ ურთიერთობას, რაც ასახულია სს “ე. ე-ის” მიერ წარმოდგენილ ცნობაში, კერძოდ, 80000 აშშ დოლარი გადახდილია ავანსად ¹1 დანართში მითითებული ვადისა და ვალდებულების ანგარიშში. სწორედ ამ მუხლშია საუბარი, რომ გადახდის დროისათვის გადახდილი 80000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით გამოიქვითება ყოველთვიური ქირის თანხა, ანუ შესრულდება სამომავლო პერიოდული ვალდებულებები.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის და 361-ე მუხლის მეორე მუხლების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სს “ე. ე-ის” მიერ ვალდებულება შესრულებულია სრულად და ნ. ჩ-ას მიმართ გადაუხდელი იჯარის ქირის დავალიანება არ არსებობს. შესაბამისად, დავალიანების არსებობის აღიარების კანონისმიერი წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან მოპასუხეს არ ჰქონდა ნაკისრი იმაზე მეტის (ან სხვა წესით) გადახდის ვალდებულება, ვიდრე მას განხორციელებული აქვს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ჩ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება ააგო მხოლოდ ვარაუდზე და არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია როგორც საქართველოს, ასევე ევროკონვენციის დანაწესები.
პალატამ იმსჯელა და განჩინებაში დაასაბუთა, თუ რატომ იზიარებდა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევით, საერთოდ არ მიუთითებია, რა საფუძვლითYუარყოფდა ნ. ჩ-ას არგუმენტებს.
სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს “ე. ე-ს” არ გააჩნდა ნ. ჩ-ას მიმართ ვალდებულება, ავანსის სახით გადახდილი 80 000 აშშ დოლარის გარდა, გადაეხადა მისთვის 2007 წლის მაისიდან 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით ყოველთვიურად ხელშეკრულების ¹1 დანართში მითითებული თანხები.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ 2007 წლის 10 მაისის დამატებითი შეთანხმების ¹1 დანართში მითითებულია 29 თვის საიჯარო ქირა, რაც ერთიანად ავანსად იქნა გადახდილი და, რადგან წინასწარ გადახდილი 80000 აშშ დოლარი ემთხვევა დანართში აღნიშნული თანხების ჯამურ ოდენობას.
მოვლენათა რეალურ მდგომარეობას არ ასახავს სააპელაციო პალატის განმარტება, რომ გადახდის დროისათვის გადახდილი 80 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით გამოიქვითება ყოველთვიური ქირის თანხა, ანუ შესრულდება სამომავლო პერიოდული ვალდებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ჩ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 18 ივლისს გ. თ-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ნ. ჩ-ას (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გ. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.