საქმე # 120100121004761857
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №83აპ-22 ქ. თბილისი
კ–ი ვ., 83აპ-22 29 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 8 მაისს, გამთენიისას, ა–ს რაიონის სოფელ ბ–ს მთაში, საზაფხულო საძოვრების ტერიტორიაზე არსებულ მწყემსების საცხოვრებელ ბინაში, ვ. კ–მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ს. ს–ს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ჭრილობები, რის შედეგადაც ს. ს–ი ადგილზევე გარდაიცვალა.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ვ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. ვ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 8 მაისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. კ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ელიზავეტა დურგლიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ვ. კ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ვ. კ–მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. კ–ისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ვ. კ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნასა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე