Facebook Twitter

ას-1079-1108-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. დ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. შ-ე, ნ. ნ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. შ-ისა და ნ. ნ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1999 წლიდან ლ.დ-ეს საკუთრებაში გააჩნია სოფელ ... , ¹3 ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ფარდული, რომელიც გასხვისებამდე ეკუთვნოდა გ-ს კოოპერაციულ მეურნეობას, ხოლო მეურნეობის 1999 წლის 20 აპრილის გადაწყვეტიელების საფუძველზე, მისი ღირებულების _ 700 ლარის გადახდის სანაცვლოდ, გადაეცა მოსარჩელეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 თებერვლის ¹6234 საკუთრების მოწმობის საფუძველზე აღიარებულ იქნა მოსარჩელის საკუთრება აღნიშნულ ფარდულსა და მის ქვეშ დამაგრებულ 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელის სახელზე აღირიცხა 2008 წლის 28 თებვერვალს.

მითითებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხე ნ. ნ-ის მიერ პრეტენზიის გაცხადების გამო, საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტები მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაცემის თაობაზე და დადგინდა, რომ ნ.ნ-ეს 2007 წლის 26 დეკემბერს ¹3119 საკუთრების მოწმობის საფუძველზე სოფელ ... გადაეცა 0.228 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს ეს უკანასკნელი. ნ.ნ-ის მიერ წარდგენილი ახალი ნახაზის საფუძველზე, 2008 წლის 15 იანვარს კვლავ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა ¹... და მოპასუხეს გადაეცა საკუთრებაში 0.238 ჰა მიწა, სადაც მოქცეულია ლ.დ-ისათვის მიკუთვნებული 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კი მოსარჩელისა და მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთები გადაფარვაშია.

2008 წლის 21 მარტს ნ.ნ-ემ სადავო მიწა მოსარჩელის კუთვნილი 0.95 კვ.მ მიწის ჩათვლით მიჰყიდა მოპასუხე რ. შ-ეს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარიგება კანონშეუსაბამოა, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მიწის ნაკვეთს ედო ყადაღა და შეუძლებელი იყო როგორც მისი გასხვისება, ისე ამ გასხვისების საფუძველზე მოპოვებული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში ბათილად ცნობა და ამ ნაწილში საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო, ამასთან განმარტეს, რომ ნ. ნ-ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ იყო ცნობილი ყადაღის თაობაზე, ამასთან, შემძენი რ.შ-ე კეთილსინდისიერი შემძენია, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოსარჩელეს სადავო მიწაზე საკუთრების უფლება გაუუქმა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნ. ნ-ესა და რ. შ-ეს შორის 2008 წლის 21 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში რ. შ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი, რადგანაც სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება ჩათვალა მოჩვენებითად, შესაბამისად, დაადგინა, რომ შემძენი არ იყო კეთილსინდისიერი და მის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლებით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები არ ვრცელდებოდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით რ. შ-ისა და ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. დ-ე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდა მხოლოდ 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფარგლებში. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 თებერვლის საკუთრების უფლების ¹6234 მოწმობაზე, რომლითაც ლ. დ-ის საკუთრებაში აღიარებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 0.95 კვ.მ მიწა და ამ მიწაზე საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. სასამართლომ ასევე მიუთითა 2011 წლის 5 მარტს აპელანტების მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 22 თებერვლის მომართვაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ლ. დ-ის სახელზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განხორციელებული საკუთრების უფლების მოწმობის ¹6234 საფუძველზე) გაუქმებულია იმავე კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის ¹5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე და დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტით უდავოდ დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 5 თებერვლის ¹5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ლ. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების ფაქტი. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან დავის საგანი 2008 წლის 21 მარტს რ. შ-ესა და ნ. ნ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაა იმ 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მესაკუთრეს არ წარმოადგენს ლ. დ-ე (უდავოდ დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მას 2010 წლის 5 თებერვალს ¹5 საოქმო გადაწყვეტილებით გაუუქმდა მოპოვებული საკუთრების უფლება) მოსარჩელე არ არის ის უფლებამოსილი პირი, ვისაც ექნება უფლება, რ. შ-ესა და ნ. ნ-ეს შეედავოს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 102-ე მუხლით, 84-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმათა დარღვევით, რადგანაც ლ. დ-ე მოცემული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით არაუფლებამოსილი პირი ანუ არასათანადო მოსარჩელეა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ამ მხრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ემ. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილი და იგი არასწორად იქნა მიჩნეული არასათანადო მოსარჩელედ. კასატორს აქვს კანონიერი ინტერესი, ბათილად გამოცხადდეს ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელის არასათანადოობის უტყუაუარდ დადგენის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს სათანადო მოსარჩელე უნდა ჩაება პროცესში. კასატორის განმარტებით, სადავო არაა ის გარემოება, რომ ლ.დ-ეს 1999 წლიდან დე-ფაქტოდ საკუთრებაში აქვს სოფელ ... ¹3 ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ფარდული, რომელიც მის მიერ შესყიდულ იქნა გ-ს კოოპერაციული მეურნეობის გამგეობის სხდომის 1999 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით და ამავე სხდომის გადაწყვეტილებით გადაიხადა 700 ლარი, საქმის მასალებით დასტურდება და სადავო არ არის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე ძალაშია. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 21 თებერვლის ¹6234 საკუთრების მოწმობით აღიარებულ იქნა ლ.დ-ის საკუთრებად სადავო 0.95 კვ.მ მიწა, რაც 2008 წლის 22 თებერვალს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში. ნ. ნ-ემ საკუთრების უფლება სადავო 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოიპოვა გაყალბებული ნახაზის მეშვეობით: კომისიის მიერ ნ. ნ-ის სახელზე გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა ¹... სოფელ ... 0.238 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომლის საფუძველზეც ნ. ნ-ემ 2008 წლის 17 მარტს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა 303 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთის გასხვისებით, რ. შ-ის სახელზე გადავიდა სადავო 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთიც. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემობა, რომ 2008 წლის 21 მარტის მდგომარეობით, როდესაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ნ.ნ-ესა და რ.შ-ეს შორის, სადავო მიწის ნაკვეთი დაყადაღებული იყო. ნ. ნ-ემ ნოტარიუსს არ წარუდგინა ცნობა ყადაღის შესახებ სადავო ქონებაზე რითაც შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი.

კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც მოპასუხეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა. ნ.ნ-ისათვის ცნობილი იყო სადავო 0.95 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ლ.დ-ის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, რომელიც გადაფარვაში იყო მის სახელზე უკანონოდ გაფორმებულ მიწის ნაკვეთთან, მაშინ, როცა მან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებულ იქნა და 2008 წლის 18 მარტის განჩინებით. ნ.ნ-ემ ლ.დ-ის მოსაჩვენებლად აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა რ.შ-ესთან, ამ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ნ.ნ-ემ სასამართლოში ლ.დ-ის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის საპირისპიროდ გაასხვისა სადავო მიწა. ამასთან, შემძენ რ.შ-ეს პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში უფლება აქვს მიმართოს ნ.ნ-ეს, როგორც გამყიდველს უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთის გადაცემის გამო. ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ რ.შ-ეს არ გადაუხდია რაიმე თანხა, რასაც ადასსტურებს 2008 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმში არსებული ნ.ნ-ის განმარტება, რომელიც ეწინააღმდეგება მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დებულებებს. ¹3-390 ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე გამოყოფილ სამოქალაქო საქმეზე არ არის გადაღებული თავის დროზე წარდგენილი ყველა დოკუმენტის ქსეროასლები, რაც, კასატორის აზრით, საჭიროებს შეფასებას.

კასატორის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთზე გაუქმდება სარეგისტრაციო ჩანაწერი, ეს მიწა აღირიცხება სახელმწიფო საკუთრებად, რაც გახდის შესაძლებელს, ლ.დ-ემ განმეორებით მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრების აღიარების თხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა გადაწყდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებისა და ლ. დ-ის საკასაციო პრეტენზიების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ის შემთხვევები, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, ხოლო მესამე ნაწილი აზუსტებს საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის შედეგებს, კერძოდ, საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემული საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებას, სასამართლოს მხრიდან როგორც მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევაზე, ასევე საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევაზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად ჩათვალა იგი არასათანადო მოსარჩელედ. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის არასათანადოობის უტყუაუარდ დადგენის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს სათანადო მოსარჩელე უნდა ჩაება პროცესში. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის ¹5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ლ. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, ლ.დ-ე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით არაუფლებამოსილ პირად, ანუ არასათანადო მოსარჩელედ მიიჩნია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს, მიუხედავად ლ. დ-ის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევისა, არ განუსაზღვრავს ის საპროცესო სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა სარჩელზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია არასათანადო მოსარჩელის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მოსარჩელის დადგენა ხდება მოსარჩელის მატერიალური მოთხოვნის _ სარჩელის საფუძვლის გამორკვევით და მხარე სათანადოა იმ შემთხვევაში, თუ იგი სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტია და ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე გააჩნია მოთხოვნის უფლება ან ეკისრება რაიმე ვალდებულება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ სათანადო მოსარჩელის საკითხის გარკვევისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა ის ნიშნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მხარე. ასეთი ნიშნებია მაგალითად ის, რომ მხარე არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე. ასევე იგი დაინტერესებულია საქმის განხილვის იურიდიული შედეგით. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ სასამართლოს მიერ მხარის არასათანადოდ მიჩნევის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქმის განხილვა უნდა დაიწყოს თავიდან, რათა შეცვლილ მხარეს შეეძლოს სრულად მოახდინოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რაეალიზაცია. აქედან გამომდინარე, თუ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე გამოირკვევა მოსარჩელის არასათანადოობა, საქმე უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რათა მხარისათვის უზრუნველყოფილი იქნას საქმის განხილვის ინსტანციურობის პრინციპი. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან დგინდება, სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მიიჩნია არსათანადო მხარედ, თვითონ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი უთხრა არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ლ.დ-ე, სათანადო საპროცესო სუბიექტის ლეგიტიმურობის დამტკიცებას ცდილობდა იმით, რომ ნასყიდობის საგნის ნაწილზე მას გააჩნდა უფლება, რომელიც უკანონოდ იქნა შელახული მოპასუხეთა მიერ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ მოსარჩელის ვალდებულებაა ამტკიცოს, რომ მას ეკუთვნის უფლება, ხოლო მოპასუხედ დასახელებული პირი ეცილება მას უფლებაში. ის გარემოება, რომ დავის განხილვის პერიოდში ლ.დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა გაუქმდა, არ უკარგავს მას ინტერესს ამ დავისადმი. სხვა საკითხია, რამდენად დასაბუთებულია ეს ინტერესი და რამდენად აკმაყოფილებს მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას მისი არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე, რაც მიანიშნებს კასატორის პრეტენზიის დასაბუთებულობასა და საფუძვლიანობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ. დ-ის სახელზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განხორციელებული საკუთრების უფლების ¹6234 მოწმობის საფუძველზე) გაუქმებულია იმავე კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის ¹5 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), კასატორს საკასაციო საჩივარში არც იმაზე მიუთითებია, რომ იგი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას საკუთრების მოწმობის გაუქმების შესახებ შეედავა. კასატორის განმარტებით, მას აქვს კანონიერი ინტერესი, ბათილად გამოცხადდეს ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, ვინაიდან გ-ს კოოპერაციული მეურნეობის გამგეობის სხდომის 1999 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მას მიეყიდა სადავო უძრავი ქონება. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთზე გაუქმდება სარეგისტრაციო ჩანაწერი, ეს მიწა აღირიცხება სახელმწიფო საკუთრებად, რაც გახდის შესაძლებელს, მოსარჩელემ კვლავ მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრების აღიარების თხოვნით. ამდენად კასატორის პოზიციიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად აღიარება ემსახურება სამომავლო უფლების დაცვას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ დასაბუთებულია, ანუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების გზით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის უფლებაწარმომშობი დოკუმენტის გაბათილება მის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს საფუძველს აცლის, მით უმეტეს ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი გადაწყვეტილება არ არის შედავებული. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მხარე სამომავლოდ მიმართავს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ან სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვს ადმინისტრაციული წესით საკუთრების უფლების მოპოვებას სადავო ქონებაზე, დამყარებულია მხოლოდ მოსარჩელის ვარაუდზე და არ ქმნის ამ ინტერესის სასამართლო წესით დაცვის წინაპირობას. ამდენად, კასატორის პრეტენზია მისი იურიდიული ინსტერესის მართებულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა)კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამართლის ნორმები, ასევე გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია.

კასატორ ლ. დ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (ს.ფ.218-226), რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.

3. ლ. დ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 9 ფურცლად.

4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.