Facebook Twitter

¹ბს-1419-994(კ-05) 22 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა და პენსიის დანიშვნა.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. შ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამხედრო და შს სამინისტროს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირის _ გენერალური პროკურატურის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა და პენსიის დანიშვნა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილება სამართალმცოდნეობის სპეციალობით. იმავე წელს გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1965 წელს მუშაობა დაიწყო შს სამინისტროს ა/კავკასიის რკინიგზის საგამოძიებო სამმართველოში ..... 1966წ. აპრილიდან კი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. იმავე წელს მუშაობა დაიწყო კასპის რაიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის რაიონულ კომიტეტში ინსტრუქტორად, სადაც იმუშავა 1973წ. დეკემბრამდე. 1973წ. დეკემბრიდან 1992წ. ივნისამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება “ს....” .... სამსახურის მთავარ იურისკონსულტად, ამავე დროს იყო ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. დაქვემდებარებაში ჰყავდა 6 იურისკონსულტი. იმ დროს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, მის ძირითად სამსახურებრივ ფუნქციას წარმოადგენდა “ს...” ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული ბრძანებებისა და განკარგულებების კანონიერებაზე კონტროლი, თანამშრომელთა ინფორმირება კანონმდებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, დატაცებისა და მექრთამეობის, ცუდი ხარისხის პროდუქციის გამოშვების, შრომის, ადმინისტრაციული და საბინაო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა და მათ წინაამდეგ ბრძოლა, სასამართლოებში ისეთი საქმეების წარმოება, სადაც “ს.” და ქვემდგომი ორგანიზაციები გამოდიოდნენ მოსარჩელეებად ან მოპასუხეებად. სამსახურს მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისად, იყო იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფიც, რის გამოც იურისკონსულტის სამსახური წარმოადგენდა სამართალდაცვით ორგანოს. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი უნდა ჩაეთვალოს “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 40.10 მუხლით გათვალისწინებულ სპეციალობით მუშაობის სტაჟში, მით უფრო, რომ 1992წ. ივნისიდან სამუშაოდ გადავიდა გენერალურ პროკურატურაში და განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა ასაკის გამო პენსიაში გასვლამდე, ანუ 2004წ. 19 აგვისტომდე. 65 წლის ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ წარადგინა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში პენსიის დასანიშნად, საპენსიო ფონდმა კი უარი განაცხადა პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ უმუშავია სამართალდაცვის, იუსტიციის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით 25 წელი, კერძოდ, საპენსიო ფონდი სამართალდაცვის ორგანოებში საქმიანობად არ მიიჩნევს მოსარჩელის 19-წლიან სტაჟს მთავარი იურისკონსულტის თანამდებობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა “სახალხო მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971წ. 16 მარტის ¹149 დადგენილების მე-2, მე-5 და მე-7 მუხლებზე და განმარტა, რომ სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების იურიდიულ მუშაკთა ძირითად ამოცანად მიჩნეული იყო კანონიერების შემდგომი განმტკიცება სამეურნეო ორგანიზაციების საქმიანობაში, სამართლებრივი საშუალებების აქტიური გამოყენება სამეურნეო ანგარიშის განსამტკიცებლად და ეკონომიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, საკუთრების დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა, საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ასეეე იურისკონსულტის საქმიანობაზე მეთოდური ხელმძღვანელობა დაეკისრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც დაევალა, რომ გაეძლიერებინა მუშაობა სამეურნეო კანონმდებლობის სრულყოფისათვის და შეესწავლა სახალხო მეურნეობის მოთხოვნილება იურიდიულ კადრებთან დაკავშირებით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იურისკონსულტთა საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იურისკონსულტები იმყოფებოდნენ ორმაგ დაქვემდებარებაში, რაც ასევე დასტურდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1972წ. 7 აგვისტოს ¹426 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 პუნქტის “კ” ქვეპუნქტით. ასევე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 ქვეპუნქტში გათვალისწინებული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი ვიწრო გაგებით მოიცავს, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ისე იუსტიციის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მუშაობის სტაჟს, ხოლო ფართო გაგებით სამართალდაცვის ორგანოებში მუშაობის სტაჟსაც, რომელთა რიცხვს განეკუთვნება არა მხოლოდ ადვოკატურა, არამედ იურისკონსულტის სამსახური, კერძოდ, აღნიშნული გათვალისწინებული იყო იმ პერიოდში, როცა მოსარჩელე მუშაობდა იურისკონსულტად, ხოლო თუ შემდეგ შეიცვალა კანონი, აღნიშნულით დაირღვა არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული შრომის თავისუფლების და შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება, არამედ საქართველოს კონსიტიტუციის 42.5. მუხლის მოთხოვნებიც, რომლის თანახმად, კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუქცევითი ძალა არა აქვს.

მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ნ. შენგელიას სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

III პირის _ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა ნ. შ-ას სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005წ. 14 თებერვლის ¹05/-5-786 გადაწყვეტილება, ნ. შ-ას დაენიშნა სამისდღეშიო პენსია “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით 2005წ. 14 თებერვლიდან, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილება სამართალმცოდნეობის სპეციალობით. იმავე წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1965 წელს მუშაობა დაიწყო შს სამინისტროს ა/კავკასიის რკინიგზის საგამოძიებო სამმართველოში ..... 1966წ. აპრილიდან კი პირადი განცხადების საფუძველზე გათვისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. იმავე წელს მუშაობა დაიწყო კასპის რაიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის რაიონულ კომიტეტში ...., სადაც იმუშავა 1973წ. დეკემბრამდე. 1973წ. დეკემბრიდან 1992წ. ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარ იურისკონსულტად, დაქვემდებარებაში ჰყავდა 6 იურისკონსულტი. 1992წ. ივნისიდან 2004წ. 19 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განყოფილების .... სოციალური დაზღვევის ერთანმა სახელმწიფო ფონდმა მოსარჩელეს უარი განუცხადა პენსიის დანიშვნაზე წელთა ნამსახურობის გამო, იმ მოტივით, რომ “პროკურატურის შესახებ” კანონის თანახმად იგი წელთა ნამსახურობით ვერ იპოვებს უფლებას პენსიის დანიშვნაზე, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იურისკონსულტად მუშაობა არ ეთვლება სამართალდაცვის ორგანოებსა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის სტაჟში.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული პოზიცია და განმარტა, რომ ნ. შ-ა 1973-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო სამრეწველო გაერთიანება “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარ იურისკონსულტად, ხოლო იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათ შორის “სახალხო მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971წ. 16 მარტის ¹149 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამინისტროების უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების იურიდიულ მუშაკთა ძირითად ამოცანად მიჩნეული იყო კანონირების შემდგომი განმტკიცება, სამეურნეო ორგანიზაციების საქმიანობაში სამართლებრივი საშუალებების აქტიურად გამოყენება, სამეურნეო ანგარიშისა და ეკონომიკური მაჩვენებლების განსამტკიცებლად საკუთრების დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა, საწარმოების, ორგანიზაციების დაწესებულებებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, იურისკონსულტის საქმიანობაზე მეთოდური ხელმძღვანელობა დაეკისრა იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც ასევე დაევალა გაეძლიერებინა მუშაობა სამეურნეო კანონმდებლობის სრულყოფისათვის და შეესწავლა სახალხო მეურნეობის მოთხოვნილება იურიდიულ კადრებზე, ხოლო მითითებული დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს, უმაღლეს და საშუალო სპეციალური განათლების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს დაევალათ: ა) საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარების 1971-1975 წლების გეგმის პროექტისა და წლიური გეგმების პროექტების შემუშავებისას გაეთვალისწინებინათ სტუდენტთა მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და ბ) საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარების 1971-1975 წლების გეგმის პროექტში გაეთვალისწინებინათYთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო-მატერიალური ბაზის განვითარება სტუდენტთა კონტიგენტის შესაბამისად. “საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სსრ მინიტრთა საბჭოს 1972წ. 7 აგვისტოს ¹426 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებდა მეთოდურ ხელმძღვანელობას სახალხო მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობისადმი, ეცნობოდა ამ მუშაობის მდგომარეობას სამინისტროებში, უწყებებში, დაწესებულებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში, აგრეთვე მშრომელთა დეპუტატების საბჭოების აღმასკომებში ისმენდა სამინისტროებისა და უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ინფორმაციებს სამართლებრივი მუშაობის მდგომარეობის შესახებ, იმუშავებდა და იძლეოდა მეთოდურ მითითებებს და რეკომენდაციებს სამართლებრივი მუშაობის გაუმჯობესებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იურისკონსულტის სამსახური წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ისეთ სახელმწიფო ორგანოს, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა კანონიერების დაცვა, მართლწესრიგის განმტკიცება, მოქალაქეთა, ასევე სახელმწიფო ორგანოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესების დაცვა, დამნაშავეობის, სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისად, იურისკონსულტის სამსახურს გააჩნია ყველა ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც მას განაკუთვნებდა სამართალდამცავ ორგანოთა რიცხვს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. შ-ას იურისკონსულტად მუშაობის 19 წელი უნდა ჩათვლოდა იუსტიციის ორგანოების სისტემაში მუშაობის სტაჟში და შესაბამისად დანიშვნოდა პენსია წელთა ნამსახურების მიხედვით “პროკურატურის შესახებ” კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ასევე სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის მიხედვით პენსია ენიშნებათ სათანადო ორგანოების მიერ შესაბამისი განცხადების მიმართვის დღიდან, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დანიშვნოდა პენსია სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მიმართვის დღიდან _ 2005წ. 14 თებერვლიდან.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2. “დ” პუნქტი და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მიიჩნია უკანონოდ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

პროკურატურის მუშაკისათვის პენსიის დანიშვნის პირობებს არეგულირებს “პროკურატურის შესახებ” კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამო პენსიისათვის სავალდებულო კალენდარული წლების გამოანგარიშების წესს, კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს სამართალდამცავ, იუსტიციის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის, 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი.

რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა 1972წ. 7 აგვისტოს ¹426 დადგენილებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტრო მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევდა სხვადასხვა დარგის თითქმის ყველა სამინისტროს, უწყებას, ორგანიზაციას და დაწესებულებას სამსახურებრივი მუშაობის კუთხით, რამდენადაც, სასამართლოს მსჯელობის თანახმად, ყველა უწყების იურისკონსულტი, რომელსაც 4 წელი მაინც უმუშავია პროკურატურაში უფლებას მოიპოვებს დაინიშნოს პენსია, მაშინ, როცა ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა არ ნიშნავს სისტემის დაქვემდებარებას. ასევე, რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ იურისკონსულტის თანამდებობა და სამსახური წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ისეთ სახელმწიფო ორგანოს, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კანონიერების დაცვა, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 15 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მოწინააღმდეგე მხარემ _ ნ. შ-ამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ ცნო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი ასევე არ ცნო მესამე პირის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, ნ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარ იურისკონსულტად მუშაობა სამართალდაცვის ორგანოში მუშაობად უნდა იქნეს მიჩნეული და განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, იურისტკონსულტს ასეთი სტატუსი მინიჭებული არ აქვს და არც ჰქონია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “პროკურატურის შესახებ” კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტში განხორციელებული 2005წ.03.06 ¹1581 ცვლილება, პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის, 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეცილობით მუშაობის არანაკლებ 25წ. (ქალებისათვის 20 წლის) სტაჟი, პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია, ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად და მიიჩნია, რომ ნ. შ-ას სარჩელი აღნიშნულის გათვალისწინებითაც იყო უსაფუძვლო, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარ იურისკონსულტად მუშაობა, კანონმდებლობის შესაბამისად, ვერც სამართალდაცვის და ვერც იუსტიციის ორგანოში მუშაობად ვერ ჩაითვლებოდა, რაც ნ. შენგელიას ეცნობა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 14.02.05 ¹05/05-786 წერილით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ას წარმომადგენელმა ო. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ იურისტკონსულტად მუშაობა არ წარმოადგენდა სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობას, რამდენადაც კანონმდებლობის შესაბამისად იურისტკონსულტს ასეთი სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია ის გარემობა, რომ იურისტკონსულტად მუშაობა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის სტაჟში არ ითვლებოდა, რომ არ დაასაბუთა, საიდან გამომდინარეობდა სასამართლოს აღნიშნული დასკვნა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის 2005წ.03.06 ცვლილება და მიიჩნია, რომ ნ. შ-ას სარჩელი აღნიშნული ცვლილების შესაბამისადაც იყო უსაფუძვლო და სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანონს, რომელიც აუარესებს ადამიანის მდგომარეობას, უკუქცევითი ძალა არა აქვს, მით უფრო, რომ ნ. შენგელიასა და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდს შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა მითითებული ცვლილების შეტანამდე. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო “პროკურატურის შესახებ” კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტს, რომელიც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 2005წ. 3 ივნისს. აღნიშნული ცვლილებით ზემოაღნიშნული ნორმის ტექსტიდან ამოღებული იქნა სიტყვა “სამართალდაცვის”, რაც უკანონოა, რამდენადაც “სამართალდაცვა” შინაარსობრივად “იურისტკონსულტსაც” გულისხმობდა. ამდენად, სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო “პროკურატურის შესახებ” კანონის 1997წ. 3 დეკემბრის რედაქცია, სადაც მითითებულია, რომ კანონით დადგენილი შეღავათების მინიჭება ვრცელდებოდა სამართალდამცავ ორგანოებზეც, ხოლო იურისკონსულტად მუშაობა წარმოადგენდა სამართალდამცავ ორგანოში საქმიანობას.

სამოტივაციო ნაწილი:L

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. შ-ას წარმომადგენელ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. შ-ამ 1965 წელს მუშაობა დაიწყო შს სამინისტროს ა/კავკასიის რკინიგზის საგამოძიებო სამმართველოში გამომძიებლად. 1966წ. აპრილიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე წელს მუშაობა დაიწყო კასპის რაიონის ფიზიკური კულტურისა და სპორტის რაიონულ კომიტეტში ინსტრუქტორად. 1973 წლიდან 1992წ. ივნისამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარ იურისკონსულტად. აღნიშნულ სამსახურს მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევდა იუტიციის სამინისტრო. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005წ.14.02 ¹05/05-786 წერილით ნ. შ-ას ეცნობა, რომ “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის უფლებას ვერ მოიპოვებდა, რამდენადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იურისკონსულტად მუშაობა არ ეთვლებოდა სამართალდაცვის ორგანოებისა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის სტაჟში.

“პროკურატურის შესახებ” /1997 რედაქცია/ ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია სამართალდაცვის, იუსტიციის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია, ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელმა განსაზღვრა რა პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიები, ასევე დაადგინა ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროკურატურის თანამშრომელი, რათა ისარგებლოს კანონის მითითებული გარანტიებით, კერძოდ, აუცილებელ კრიტერიუმად მიჩნეულია სამართალდაცვის, იუსტიციის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 25-წლიანი სტაჟი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რამდენადაც ნ. შ-ას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო სამრეწველო გაერთიანება “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარ იურისკონსულტად მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება ვერ ჩაეთვლება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის სტაჟში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი ინსტიტუტის არსი განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა მისი ამოცანებით, რომელთა განხორციელებისათვისაც არის დაარსებული. ზოგადად სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს რა მისივე დაწესებული სამართლებრივი წესრიგის დაცვა, შენარჩუნება და განმტკიცება, იგი თავის მართვის მექანიზმში ქმნის ორგანოთა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფს ამ ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული ორგანოები _ სამართალურთიერთობის მონაწილენი ითვლებიან იურისდიქციულებად, რაც ნიშნავს, რომ ისინი აღჭურვილნი არიან უფლებამოსილებით _ დაიცვან მართლწესრიგი, სახელმწიფოს სახელით მისცენ შეფასება სხვათა მოქმედებებს, მისცეს მათ კვალიფიკაცია, როგორც მართლზომიერი ან არამართლზომიერი, გამოიყენონ შესაბამისი იურიდიული სანქცია და წარმართონ საქმე სასამართლო ორგანოებში. ამგვარი სახელმწიფო ორგანოები მოიხსენიება სამართალდამცავ ორგანოებად, ეს დასახელება დამკვიდრდა სამეტყველო პრაქტიკაში ორი სიტყვის _ “სამართალისა” და “დაცვაის” შერწყმით, მართლწესრიგის დამცველი ორგანოების მნიშვნელობით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამართალდამცავი ორგანოები განკუთვნილია რა სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესრიგის დარღვევასთან საბრძოლველად, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალდარღვევის ცნებასა და ჩადენის შემთხვევაში იურიდიულ პასუხისმგებლობასთან. ამგვარად სამართალდამცავ ორგანოებს განეკუთვნება სახელმწიფოს დაცვის ფუნქციის მატარებელი და განმხორციელებელი სახელმწიფო ორგანოები, რომელთა მთავარ ამოცანას და არსს წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა საპროკურორო, ადმინისტრაციულ-იურისდიქციული, ოპერატიულ-სამძებრო და სისხლისსამართლებრივ-პროცესუალური მოქმედებების განხორციელების გზით, სამართალდარღვევების (დანაშაულებების და ადმინისტრაციული დარღვევების) არიდების, აღკვეთისა და გახსნის და დამნაშავეთა სისხლის და ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობაში მიცემის მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. შ-ას მოთხოვნის საფუძველი არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების ლოგიკური განმარტებიდან, ვინაიდან მის მიერ სამეცნიერო სამრეწველო გაერთიანება “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარ იურისკონსულტად მუშაობის გაიგივება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ფუნქციებთან მოკლებულია იურიდიულ დასაბუთებას, რის გამოც არ ექვემდებარება გაზიარებას.

ამასთან, ის გარემოება, რომ “საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1972წ. 7 აგვისტოს ¹426 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის “კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებდა მეთოდურ ხელმძღვანელობას სახალხო მეურნეობის სამართლებრივი მუშაობისადმი, არ განაკუთვნებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო სამრეწველო გაერთიანება “ს.” იურიდიული სამსახურის მთავარი იურისკონსულტის თანამდებობას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ თანამდებობაზე მუშაობას, რამდენადაც მეთოდური ხელმძღვანელობის განხორციელება არ წარმოადგენს და არ გულისხმობს დაქვემდებარებაში ყოფნას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა რა “პროკურატურის შესახებ” ორგანულ კანონში 2005წ.03.06 შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, პროკურატურის მუშაკს, თუ მას გააჩნია პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში (მათ შორის, 4 წელი მაინც პროკურატურის სისტემაში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25წ. სტაჟი, პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია, ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის ხელფასის შეცვლასთან ერთად, რომ აღნიშნულით სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სამართლის პრინციპი, რომლის თანახმად, კანონს, რომელიც აუარესებს ადამიანის მდგომარეობას, უკუქცევითი ძალა არა აქვს;

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. შ-ა “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის /1997წ. რედაქცია/ მე-40 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი სოციალური გარანტიებით სარგებლობის სუბიექტს არ წარმოადგენდა, კანონით განსაზღვრული გარანტიები მასზე არ ვრცელდებოდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებულ კანონში 2005წ. 3 ივნისის ¹1581 შეტანილი საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებითაც ნ. შ-ას სარჩელი უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ ემყარება ახალ საკანონმდებლო ცვლილებას, არამედ, სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებითაც ნ. შ-ას მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც არ გაუმჯობესებულა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან მოსარჩელე 2005წ. 3 ივნისის კანონით დადგენილ კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებს, ამდენად აღნიშნული ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ სსსკ-ის 393.2. მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ნ. შ-ას წარმომადგენელ ო. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ-ას წარმომადგენელ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.