Facebook Twitter

ას-1089-1118-2011 21 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდ.მეწარმე რ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდ.მეწარმე რ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიმართ 2009 წელს მხარეთა შორის დადებული «სახელმწიფო შესყიდევების შესახებ» ხელშეკრულებებთ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლოის გამო დარჩენილი თანხის _ 3010 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

2009 წელს მხარეთა შორის გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ», რომელთა თანახმადაც რ. მ-ე შემსყიდველს აწვდიდა, ხოლო შემსყიდველი იღებდა საწვავს, ანგარიშსწორება ხდებოდა უნაღდო ფორმით ეროვნულ ვალუტაში. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულყოფილად, ხოლო მოპასუხემ _ არაჯეროვნად, რადგანაც არ გადაუხდია მიწოდებული საქონლის ღირებულება _ 3010 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებს საქმეზე დართული ქვითრები და თავად მოპასუხე მხარეც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანო – სატყეო რესურსების მართვის ხულოს განყოფილებას რ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1170 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ინდ.მეწარმე რ.მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით აჭარის სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ინდ.მეწარმე რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 30 იანვარს, 2009 წლის 8 ივნისსა და 2009 წლის 1 ოქტომბერს მხარეებს შორის (სატყეო რესურსების მართვის ხულოს განყოფილებასა (რომლის უფლებამონაცვლეც აჭარის სატყეო სააგენტოა) და ინდ.მეწარმე რ. მ-ეს შორის) გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელ – ინდ.მეწარმე რ. მ-ეს უნდა მიეწოდებინა საწვავი, ხოლო შემსყიდველს მიეღო საქონელი და გადაეხადა მისი ღირებულება. საწვავის მიწოდების შესახებ მოთხოვნა _ ბეჭედდასმული და განყოფილების უფროსის მიერ ხელმოწერილი ტალონი ეგზავნებოდა მიმწოდებელს, რის საფუძველზეც იგი აწვდიდა საწვავს შემსყიდველს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის განმარტების თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ინდ.მეწარმე რ.მ-ის მოთხოვნა 2009 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობდა, ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მისი მოთხონის დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილი აქვს საწვავის მიწოდების ტალონები. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ტალონებზე და ჩათვალა, რომ 2009 წლის 1 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს 2009 წლის 1 ნოემბრიდან მიეწოდა 1170 ლარის ღირებულების საწვავი. პალატის მითითებით, მართალია, მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა დავალიანების დაფარვის თაობაზე შესრულებული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო მოთხოვნები), მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოიცავს 2009 წლის 1 ნოემბრის შემდგომ პერიოდს, ანუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის სატყეო სააგენტოსათვის 2009 წლის 1 ნოემბრიდან მიწოდებული 1170 ლარის ღირებულების საწვავის საფასური, მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ვალდებულებითია და ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად ასევე წერილობით. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 477-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა რ. მ-ემ აჭარის სატყეო სააგენტოს მიმართ ზემოაღნიშნული ნორმის დაცვით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება შეძენილ საქონელზე, აჭარის სატყეო სააგენტომ მიიღო საწვავი, თუმცა მისი საფასური სრულად არ აუნაზღაურებია, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები ურთიერთობის სწორედ ასეთ ფორმაზე შეთანხმდნენ პალატამ ჩათვალა, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ზემოთ მითითებულ ურთიერთობაში არ არის, კანონის ფარგლებში მხარეთა ნება თავისუფალია და მათ შეეძლოთ, ურთიერთშორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა სწორედ ამ ფორმით ეწარმოებინათ.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტები, ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება არასწორია. სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია კასატორის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო მოთხოვნებისათვის, რომლითაც დასტურდებოდა რ. მ-ის მიერ მოწოდებული საქონლის ღირებულების მიღების ფაქტი. მხარეთა შორის თანხის გადახდა ხდებოდა როგორც საწვავის ტალონების მიწოდების შემდეგ, ასევე წინასწარაც. სასამართლოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში არ არის შესაბამისი რიცხვის ტალონები, არ უნდა მიეჩნია დადგენილად კასატორის მიერ ანაზღაურების გაუცემლობა 2009 წლის პირველი ნომებრიდან მოყოლებული. კასატორის აზრით, სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის, ასევე არასწორად შეაფასა მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.