Facebook Twitter

ას-1092-1121-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილება

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბავშვის დაბრუნება პირისაგან, რომელიც ბავშვს თავისთან ამყოფებს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი 2009 წლის 8 აპრილს დაბადებული არასრულწლოვანი ბ. პ-ის დაბრუნება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სარჩელი, მოპასუხისაგან ი. ს-ისაგან ბავშვის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 8 აპრილს ი. ს-ემ იპოვა ახალშობილი ბავშვი, რის შესახებაც აცნობა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2009 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბავშვს მიეკუთვნა სახელი – ბ., გვარი – პ-ი, ხოლო დაბადების თარიღად მიეთითა 2009 წლის 8 აპრილი. ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. პ-ი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების განცხადების საფუძველზე, აღიარებულ იქნა მიტოვებულად;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. პ-ს მიენიჭა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და მისი მონაცემები შეტანილ იქნა გასაშვილებელი ბავშვების ერთიან რეესტრში;

ი. ს-ემ 2009 წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას და წარადგინა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, რის საფუძველზეც იგი სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების მიერ აყვანილ იქნა შვილად აყვანის მსურველ კანდიდატთა აღრიცხვაზე.

ი. ს-ისათვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, შვილებისათვის არ იქნა შეთავაზებული ბ. პ-ი, რადგან ბავშვის მიშვილებით ირღვეოდა რეესტრში არსებული რიგითობის პრინციპი და, ამასთან, განმცხადებელი არ წარმოადგენდა შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირს, რის გამოც არ იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნა.

ი. ს-ის მიერ, ბ. პ-ის პოვნის დღიდან – 2009 წლის 8 აპრილიდან, ბავშვი იზრდება ი. ს-ესთან ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში და იმყოფება ი. ს-ის მზრუნველობის ქვეშ;

ი. ს-ეს ბ. პ-ისათვის შექმნილი აქვს ყველა პირობა რაც საჭიროა ბავშვის გონებრივი, სულიერი თუ სოციალური განვითარებისათვის. ბავშვს ფაქტიურად დაბადებიდან, ორი წელია ზრდის ი. ს-ე და მათ შორის უკვე ჩამოყალიბებულია ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა იყოს დედასა და შვილს შორის.

ი. ს-ე მუშაობს მუნიციპალურ ქალთა კონსულტაციაში ექიმ- ლაბორანტად და მისი ხელფასი შეადგენს თვეში 270 ლარს;

ი. ს-ე ზრდის ბ. პ-ს, როგორც მშობელი დედა და მშობლის მოვალეობას ჯეროვნად ასრულებს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა არასრულწლოვანი ბ. პ-ის მშვილებელთან ი. ს-ესთან მისი ყოფნის კანონიერება, ზემოაღნიშნულ ვითარებათა და სამართლებრივი დანაწესის გამო პალატამ უპრიანად მიიჩნია საქმეზე მოეწვია სპეციალისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრიდან, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლისა.

სპეციალისტს სასამართლოს მიერ ეთხოვა განმარტება იმ საკითხებისა თუ რა გავლენას მოახდენდა ბავშვის ფსიქიკაზე არსებულიდან სხვა გარემოში გადაყვანა და ხომ არ აისახებოდა ეს უარყოფითად მის ფსიქიკაზე.

სპეციალისტის განმარტებით: “ბავშვი იბადება ინსტიქტებით, რომლებიც მას ორი წლის ასაკში გამძაფრებული აქვს, ეს ინსტიქტი არის სიმბიოზის ინსტიქტი და როცა ირღვევა ეს სიმბიოზი დედასთან, ან ბავშვთან ფიზიკურად ახლო მყოფ პირთან – ბავშვისგან მოდის უარყოფითი ემოცია. თუ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს სიმბიოზი ბ. პ-სა და ი. ს-ეს შორის შედგა. ეს კავშირი ძლიერია განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ბავშვს განუვითარდა მხედველობა და ჩამოუყალიბდა მოტორიკა. ბავშვი ეხება ყველაფერს, ახლო მყოფ პირებს, ეს სიმბიოზი დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება – მით უფრო დედასთან”.

სპეციალისტის განმარტებით, “ამ ასაკში ბავშვი გაძლიერებულად არის მიჯაჭვული დედასთან მასთან დაცილებას აუცილებლად მოჰყვება ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, იმიტომ რომ მან უკვე იცის რა უნდა, ვისთან უნდა. მისი აზროვნება და მეხსიერება უკვე გამცდარია ახალშობილობის ეტაპს და დაწყებულია მძაფრი ემოციურობის პერიოდი. ბ. პ-ი უახლოვდება რევოლუციურ პერიოდს, რასაც სამი წლის კრიზისი ქვია. ახლა მასში სხვა სოციუმის შეყვანა დამღუპველი იქნება მისთვის. ბავშვი კომუნიკაბელურია, დედასთან დაცილება მას აგრესიულს გახდის. ბავშვობის კომპლექსები კი ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. რა თქმა უნდა ადგილმონაცვლეობა უარყოფით შედეგს გამოიწვევს და ეს არ დარჩება უხილავი”.

მსგავსი კატეგორიის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტმა მიუთითა, რომ ბავშვის სხვა ადგილას გადაყვანა უფრო გასხვისებაა, ვიდრე ადგილმონაცვლეობა, რადგან ბავშვში უკვე კარგადაა ასოცირებული ვინაა მისი დედა.

სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე თუ სად უნდა განთავსდეს ბ. პ-ი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აპელანტმა განმარტა, რომ იგი უნდა განთავსებულიყო ბავშვთა სახლში.

სასამართლომ მიუთითა “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პ-ი პუნქტზე, რომლის თანახმად, ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას ბავშვის დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო – სოც. მომსახურების სააგენტო, მაგრამ პალატის რწმენით, აპელანტის ეს უფლებამოსილება აუცილებლად უნდა განხილულიყო ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებთან ერთობლიობაში. ამასთან, იმ საკითხის გასარკვევად, თუ რაში მდგომარეობდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, პალატამ მოიხმო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელთა დათქმა და სულისკვეთება ერთიანია, რომ ბავშვის დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მდგომარეობს მისთვის ოჯახური, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ იქნებოდა მართებული ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში მხოლოდ ბავშვის განთავსების უსაფრთხო ადგილის მოაზრება. პალატის აზრით “ჯანსაღი და უსაფრთო გარემო” გაცილებით დიდი შინაარსის მატარებელია ვიდრე ფიზიკური უსაფრთხოება ბავშვისა, ან თუნდაც კარგი აღზრდა და კვება. იმ ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, რომ ბავშვი კრიტიკულ ასაკშია, იგი თითქმის ორი წელია ცხოვრობს ი. ს-ესთან, ბავშვის დაცილება ამ ოჯახური გარემოდან მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს მის ფსიქიკაზე, ამასთან აპელანტი ვერ ასაბუთებს, რომ ბავშვი უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნება განთავსებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის ბ. პ-ის დაცილება მოპასუხისაგან ნამდვილად ვერ იქნებოდა უსაფრთხო ბავშვისათვის, უპ-ესად კი მისი ფსიქიკისათვის.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე ორგანოს მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დასაბუთებული, რომ იგი შეძლებდა ბ. პ-ისათვის ალტერნატიული ოჯახური გარემოს შექმნის უზრუნველყოფას. ალტერნატიული ოჯახური გარემოსი და არა ალტერნატიული საცხოვრისის, ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ინტერესთა კონფლიქტი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის სასიკეთოდ უნდა გადაწყვეტილიყო, რაც ეჭვგარეშეა აპელანტისთვისაც მისი ფუნქციებიდან გამომდინარე უპირველესი ზრუნვის საგანია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ კანონით მინიჭებულ უფლებათა რეალიზება, (რომლითაც ზიანი ადგება ბავშვს,) ანუ ბ. პ-ის დაცილება ი. ს-ისაგან ნამდვილად ვერ იქნებოდა უსაფრთხო ბავშვისათვის, მისი ფსიქიკისათვის, აქედან გამომდინარე კი, საკითხის ამგვარად გადაწყვეტა ვერ იქნებოდა სასამართლოს უალტერნატივო და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საქმე უნდა განხილულიყო ზოგადსამართლებრივ ჭრილში, რათა ყველასთვის ნათელი იყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მყარი პოზიცია მსგავს ურთიერთობებში, შესაბამისად, ორივე ინსატნციის სასამართლოს პოზიცია ნაპოვნი ბავშვის მპოვნელის ოჯახში დატოვების თაობაზე არაკანონიერია, ვინაიდან კონკრეტული საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, სათანადოდ უნდა აღსრულდეს მოქმედი კანონმდბელობის მოთხოვნები, რათა არ შეილახოს სხვისი უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «უ» ქვეპუნქტის თანახმად, კასატორისოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილება განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.