ას-1103-1130-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის _ 9500 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9500 ლარის ანაზღაურება, რაც ნ. გ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ეს ზ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3691 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 25 ოქტომბერს ქ.ახალციხეში, ...ის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომანქანა «ფორდ ესკორტი» სახელმწიფო ნომრით «...-...» შეეჯახა ავტომანქანა «ფოლკსვაგენ პასატს» სახელმწიფო ნომრით «...-....». ავტომანქანა «ფოლკსვაგენ პასატს» მართავდა ზ. თ-ე, ხოლო «ფორდ ესკორტს» _ ნ. გ-ე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის ¹....710 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2007 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ შეჯახებამდე «ფორდ ესკორტი» მოძრაობდა ქალაქის ცენტრიდან უნივერსიტეტის მიმართულებით დაახლოებით 30 კმ/სთ სიჩქარით, სავალი გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო შეჯახებამდე 50-60 მეტრის დაცილებით გადავიდა მარცხენა მხარეს, გზის მარჯვენა გვერდულთან მაღაზიის წინ ორმაგად გაჩერებული ავტომანქანების გვერდის აქცევის მიზნით. «ფოლკსვაგენ პასატის» მარკის ავტომანქანა ...ის ქუჩაზე შევიდა 9 აპრილის ქუჩის მარჯვენა მხრიდან და მოძრაობდა 20-25 კმ/სთ სიჩქარით ქალაქის ცენტრის მიმართულებით და შეჯახებამდე მარჯვნივ მოხვევის მანევრი ვერ დაასრულა. შეჯახება მოხდა 9 აპრილისა და ...ის ქუჩების გადაკვეთაზე ქალაქის ცენტრიდან უნივერსიტეტის მიმართულებით სავალი გზის მარცხენა ნაწილში.
ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ავტომანქანა «ფოლკსვაგენ პასატის» მძღოლ ზ. თ.ის ქმედებაში არ შეინიშნება «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რასაც შეეძლო გამოეწვია მომხდარი შემთხვევა. ავტომანქანა «ფორდ ესკორტის» მძღოლმა ნ. გ-ემ დაარღვია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის მუხლი 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ავტომანქანა «ფორდ ესკორტის» მძღოლ ნ. გ-ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება.
ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ ავტოავარიის შედეგად ავტომანქანა «ფოლკსვაგენ პასატს» დაუზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, წინა მაშუქი, ძრავის სახურავის წინა მარცხენა ნაწილი და წინა მარცხენა ფრთის წინა ნაწილი. აღნიშნული დაზიანებები მიღებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს მანქანის ტექნიკური გაუმართაობა არ წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2008 წლის 5 მაისის ¹20/7-2697 გადაწყვეტილებით მოქალაქე ნ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-ის მიმართ 2008 წლის 13 მარტს შედგენილი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹ბა....38 ოქმი. საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნის დაუცველობა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხე ნ. გ-ის ბრალით, კერძოდ, მან დაარღვია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 27-ე მუხლის პირველი მუხლი. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გადაადგილება ზოლიდან ზოლში. აღნიშნული წესების დაუცველობას შედეგად მოჰყვა ავტოავარია, დაზიანდა ზ. თ.ის კუთვნილი ავტომანქანა. ამდენად, არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
უსაფუძვლოა აპელანტის მითითება ¹20/7-2697 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-ის მიმართ 2008 წლის 13 მარტს შედგენილი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹ბა481038 ოქმი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ აბათილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ავტოავარიაში მოპასუხის ბრალთან მიმართებით.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზიანის დადგენილი ოდენობა. უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული, თუმცა ზიანის ოდენობა ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.
2009 წლის 24 ივნისის ექსპერტის ¹2000/19 დასკვნით დადგენილია, რომ საქმის მასალებში არსებული ავტომობილ «ფოკსვაგენ პასატის» აღსადგენად საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს 2585 ლარს. ამავე დასკვნის მიხედვით, ავტომანქანის აღსადგენად საჭირო სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებისა და დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, ავტომობილის საბაზრო ღირებულება, მისი აღდგენის შემთხვევაში დაახლოებით შემცირდება 7%-ით. დადგენილია, რომ «ფოლკსვაგენ პასატის» ანალოგიური მოდელის (1996 წლის გამოშვების, აღჭურვილობის სრული პაკეტით, მსუბუქი ლითონისაგან დამზადებული სპორტული ტიპის «დისკოებით» და ა. შ.) საბაზრო ფასი 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 15 800 ლარს. შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს ავტომანქანის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად აუცილებელი ხარჯის _ 2585 ლარისა და იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდება მისი საბაზრო ღირებულება, რაც, წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად, შეადგენს 1106 (15800-ის 7%) ლარს, სულ _ 3691 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ნ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 106-ე, 172-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. პალატამ არ გაითვალისწინა კასატორის არგუმენტები ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლ ზ. თ-ის მხრიდან ტრანსპორტის მოძრაობის წესების აშკარა დარღვევის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარემ არ შეასრულა ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოთხოვნა _ „დაუთმე გზა“ და დიდი სიჩქარით გადავიდა მთავარ გზაზე, სადაც მოხდა შეჯახება. სასამართლომ ავტოსაგზაო ინციდენტში კასატორის ბრალეულობა დადგენილად ცნო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისას დადგენილი ფაქტების საფუძველზე და უაპელაციოდ გაიზიარა ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნ. გ-ემ დაარღვია მოძრაობის წესები, რაც სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა.
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კანონმდებლობა ზარალის ოდენობის დადგენის ნაწილშიც. საქმის განხილვისას კასატორმა პრეტენზია გამოთქვა ზ.თ.ის ავტომანქანის შეფასების თაობაზეც, რადგან აუდიტმა ავტომანქანა შეაფასა არა მისი რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ მისი ანალოგიური მოდელის საბაზრო ღირებულებით, რაც არასწორია, რადგან სადავო შემთხვევამდე ზ. თ.ემ არაერთხელ დააზიანა ავტომანქანა ავტოავარიის დროს. ბუნებრივია, რამდენჯერმე ნაავარიები ავტომანქანის ღირებულება აშკარად დაბალია.
ამასთან, ზ. თ-ემ მანქანა საგზაო შემთხვევის შემდეგ სწრაფად გაასხვისა, არც ერთ ექსპერტს მისი რეალურად დათვალიერებისა და რეალური დაზიანებების შეფასების საშუალება არ მისცემია. დაზიანებების შესახებ ექსპერტმა იმსჯელა ფოტოსურათებით და კონკრეტული მოდელის გამოშვების წლის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 27 ივლისს ზ. ა-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ნ. გ-ეს (პირადი ¹ ....) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ზ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.