ას-1112-1139-2011 6 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ჭ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ჭ-ას მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა «საჯარო რეესტრის შესახებ» კანონის მე-10 მუხლის მეოთხე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, 103-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია აპელანტის არგუმენტი, თითქოს გარდაცვალებამდე ლ. პ-ასთან მიღწეული ჰქონდა შეთანხმება ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებას მისი არსებობის პირობებშიც ვერ მოჰყვებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული სამართლებრივი შედეგი.
პალატამ, მართალია, დაადგინა, რომ ლ. პ-ას უფლებამონაცვლეა კ. ჭ-ა, მაგრამ მის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ვერ განიხილავდა კ. ჭ-ას სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესაძლებლობას მოსარჩელესა და ლ. პ-ას შორის არსებული რაიმე შეთანხმების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, რადგან კ.ჭ-ა არ წარმოადგენს ლ. პ-ას მემკვიდრეს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მამკვიდრებლის ვალებზე.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 317-ე, 408-ე, 412-ე, 413-ე მუხლების, მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. მ-ემ მისთვის ვერც მორალური და ვერც მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დაადასტურა. რაც შეეხება მის უკანონო პატიმრობას, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ის გამართლებული და რეაბილიტირებულია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად მიიჩნია, რომ ლ. პ-ას სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონება კ. ჭ-ას არ მიუღია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის არამართლზომიერი მოქმედებების შედეგად კასატორი უკანონოდ დააპატიმრეს, შესაბამისად, შეულახეს პატივი და რეპუტაცია საზოგადოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.