ბს-1420-1155-კ-04 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: თანხის გადარიცხვის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 დეკემბერს დმანისის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მის ანგარიშზე 113716 ლარის გადარიცხვა შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 28 დეკემბრის ¹9/697 ბრძანებულების შესაბამისად, სს “ხ-ის’’ და სს “ხ-ი 2-ის’’ აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემისათვის გადახდილ იქნა თანხა, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საპრივატიზებო ანგარიშზე. ქონების მართვის სამინისტრო ვალდებული იყო, დადგენილი წესით, მიღებული თანხიდან დმანისის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში გადაერიცხა 35 პროცენტი, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული. სულ დმანისის ადგილობრივმა ბიუჯეტმა მიიღო 424743, 31 ლარი და დააკლდა 113715,67 ლარი.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დმანისის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ 113716,67 ლარის გადახდა დაეკისრა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იყო სარჩელი. ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანებულების მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესრულების დავალების თაობაზე, რათა მომხდარიყო ბრძანებულებაში მითითებული თანხის, როგორც პრივატიზებიდან შემოსულის, გატარება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშზე და მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვა შეუძლებელი იყო ზემოაღნიშნული საქმის გადაწყვეტამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 სექტემბრის განჩინებით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის გამო საქმის წარმოება შეჩერდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელის გამო საქმის გადაწყვეტამდე, სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, საქმეზე წარმოდგენილი სარჩელითა და თანდართული მასალებით დადგინდა, რომ განსახილველი დავის საგანია 113716,67 ლარის დაკისრება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარდგენილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სასარჩელო მოთხოვნაა ფინანსთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანებულების მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესრულების დავალება, რათა ბრძანებულებაში მითითებული თანხის, როგორც პრივატიზებიდან შემოსული თანხის, გატარება მომხდარიყო ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშზე. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განხილვა შეუძლებელი იყო ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს ეკონიმიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე.
აღნიშნულ განჩინებაზე დმანისის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის გამო ადმინისტრაციული საქმის გახილვის შეუძლებლობის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინებით დმანისის რაიონის გემგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და იგი საქმესთან ერთად განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული განჩინებით სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სწორად შეაჩერა საქმის წარმოება, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი სარჩელითა და თანდართული მასალებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველი დავის საგანია პრივატიზებიდან შემოსული თანხის _ 113716, 67 ლარის _ დაკისრება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარდგენილი ამ უკანასკნელის სასარჩელო მოთხოვნაა ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანებულების მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესრულება, რათა მოხდეს ბრძანებულებაში მითითებული თანხის, როგორც პრივატიზებიდან შემოსულის, გატარება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით და საქმესთან ერთად განსახილველად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 15 მაისის განჩინებით დმანისის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 სექტემბრის და 2004წ. 25 თებერვლის განჩინებები და საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დმანისის რაიონის გამგეობისათვის 113715,67 ლარის გადარიცხვა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) და დმანისის რაიონის გამგეობას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა, თანახმად სკ-ის 317.1 მუხლისა, წარმოშობილი იყო კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 28 დეკემბრის ¹697 და 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანებულებების საფუძველზე. შესაბამისად სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დავალიანების წარმოშობის საფუძვლად არასწორად მიიჩნია არარსებული ხელშეკრულება, ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილი რეკვიზიტების (წელი, თვე, რიცხვი, ადგილი...) მითითების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 18 თებერვლის ¹41-459/4-2 და 2001წ. 05.09 ¹41-2066/4-1 წერილებით დადგენილი იყო და მხარეებიც ადასტურებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 28 დეკემბრის ¹697 ბრძანებულების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საპრივატიზებო ანგარიშზე 1999წ. 30 დეკემბერს ჩაირიცხა სს “ხ-ი-1-ის” და სს “ხ-ი-2-ის” აქციათა 100 პროცენტის 25წ. მართვის უფლებით გადაცემის თანხა _ 4386000 აშშ დოლარი. ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის შედეგად მიღებული 8596560 ლარიდან ადგილობრივ ბიუჯეტში, ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-4 მუხლის თანახმად, გადარიცხულ იქნა სრული თანხის 10% _ 790883 ლარი, საიდანაც დმანისის რაიონის ადგილობრივმა ბიუჯეტმა მიიღო 200000 ლარი. 2000წ. მარტში დმანისის რაიონის ადგილობრივმა ბიუჯეტმა მიიღო 50000 ლარი, 2001 წელს _ 174742,91 ლარი, სულ დმანისის ადგილობრივ ბიუჯეტს მიღებული ჰქონდა 424743,31 ლარი, მიუღებელი კი _ 113715,67 ლარი. აღნიშნული დავალიანების არსებობა მხარის მიერ დადასტურებული იყო როგორც რაიონულ, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.
სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღსრულება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მითითებული ნორმის შინაარსიდან და იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, თანახმად სკ-ის 361-ე მუხლისა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი დმანისის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტისათვის 113716,67 ლარის გადარიცხვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ სკ-ის 361.2 მუხლის დაურღვევლობის თაობაზე, ვინაიდან მითითებული ნორმა წამოადგენს ზოგად ნორმას და იგი ვრცელდება ვალდებულებებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის საფუძვლისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2000წ. 26 მაისს გამოიცა ¹211 ბრძანებულება სს “თ-ის” მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს “ხ-ი 1-ის” და სს “ხ-ი 2-ის” აქციათა 100%-ის 25წ. მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხის ჩათვლის წესით სახელმწიფო (ცენტრალურ) ბიუჯეტში ასახვის შესახებ”, რომელმაც ფაქტობრივად სულ სხვა შინაარსი შესძინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 28 დეკემბრის ¹697 ბრძანებულებას, რაც გამოიხატა სს “თ-ის” მე-9 და მე-10 ენერგობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურის) ნასყიდობისა და სს “ხ-ი 1”-ის და სს “ხ-ი 2”-ის აქციათა 100 %-ის 25წ. მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით მიღებული თანხების განაწილებაში, კერძოდ, აღნიშნული ბრძანებულების მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ სს “ე-ს” თ-ისათვის საქართველოს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი 2489675 ლარის ჩათვლა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე, საიდანაც შემდეგ განხორციელდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტისათვის მათი კუთვნილი თანხების ჩარიცხვა, მათ შორის, დმანისის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტისათვისაც, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტისათვის თანხის გადარიცხვა შესაძლებელი იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანებულება.
კასატორი მიუთითებს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის განაწილება და შესაბამისად, ბრძანებულებების შესრულება დამოკიდებულია მხოლოდ გარკვეული პირობის, გარემოებების დადგომაზე, კერძოდ, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე აისახებოდა შესაბამისი თანხები, რომლის განაწილებაც შესაძლებელი იქნებოდა, ანუ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ხოლო შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს უფლება ჰქონდა თანხა გადაერიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ მის ანგარიშზე საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდეგ და არა დაუყოვნებლივ, თანხის ჩარიცხვამდე.
კასატორს არასწორად მიაჩნია სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანებულება არ გასაჩივრებულა, რადგან ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასამართლოს წარუდგინა სასარჩელო განცხადება (ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილება საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე) ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც ისინი ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანების შესრულებას.
2003წ. 24 აპრილს მიღებულ იქნა “საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ” კანონი, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა ცენტრალური ხელისუფლების, ა/რ ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების და სპეციალური სახელმწიფო ფონდების საბიუჯეტო ურთიერთობები.
აღნიშნული კანონის საფუძველზე, 2004წ. 5 აპრილიდან სახელმწიფო ხაზინამ დაიწყო საქართველოს სახელმწიფო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლების ერთიანი აღრიცხვა.
ზემოხსენებული კანონის მიღებიდან დაიხურა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ათი ათასზე მეტი სატრანზიტო ანგარიში, მათ შორის, ყოფილი ქონების მართვის სამინისტროს, ხოლო შემდეგში ეკონომიკის სამინისტროს ანგარიში და ბიუჯეტის ყველა შემოსულობა აღირიცხა ერთიან სახაზინო ანგარიშზე.
აღნიშნულის თაობაზე საქართველოს მთავრობამ 2004წ. 13 მარტს მიიღო საგანგებო დადგენილება ¹3 “სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების თანხების დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშების შესახებ” და დაამტკიცა შესაბამისი პროცედურების განხორციელების სპეციალური ინსტრუქცია.
ამდენად, სახელმწიფო ხაზინის მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან ხორციელდება სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება (2004წ. 5 აპრილიდან) ეროვნული და კომერციული ბანკების მეშვეობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 26 მაისის ¹211 ბრძანებულებამ სხვა შინაარსი შესძინა 1999წ. 27 დეკემბრის ¹697 ბრძანებულებას და რომ მისი მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტებისათვის თანხის გადარიცხვა შესაძლებელი არის მხოლოდ @¹211 ბრძანებულების შესრულების შემდეგ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ¹211 ბრძანებულების I პუნქტს, სადაც მითითებულია შემდეგი: ცნობად იქნეს მიღებული, რომ კორპორაცია “ე-ის” შვილეული კომპანიის “.. ..-ს” მიერ სს “ხ-ი 1-ის” და სს “ხ-ი 2-ის” აქციათა 100 %-ის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემისათვის თანხა გადახდილია სს “თ-ის მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს “ხ-ი 1-ის” და სს “ხ-ი 2-ის” აქციათა 100 %-ის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებათა თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 28 დეკემბრის ¹697 ბრძანებულების შესაბამისად, ანუ ¹697 ბრძანებულების მე-4 პუნქტით დადგენილი პირობა, რომ რაიონების ადგილობრივ ბიუჯეტებში თანხების გადანაწილება მომხდარიყო ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე მიღებული თანხებიდან, შესრულებული იყო და თანხები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიღებული ჰქონდა. აღნიშნულ გარემოებას სრულად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი თავად ყოფილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 18 თებერვლის წერილი დმანისის რაიონის გამგეობისადმი, სადაც მითითებულია, რომ ¹697 ბრძანებულების საფუძველზე სამინისტროს საპრივატიზებო ანგარიშზე ჩარიცხული იყო სს “თ-ის” მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების განსახელმწიფოებრიობისა და სს “ხ-ი 1”-ის და სს “ხ-ი 2”-ის აქციათა 100 %-ის 25 წლით მართვის უფლებათა გადაცემისათვის თანხები, საიდანაც დმანისის რიაონს ეკუთვნოდა 538458,98 ლარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ¹211 ბრძანებულებამ ფაქტობრივად დაადასტურა ¹697 ბრძანებულების პირობების შესრულების ფაქტი და არანაირი ახალი პირობები არ ყოფილა დადგენილი. საკასაციო საჩივარში მითითებულ, ¹211 ბრძანებულებაში მოხსენიებულ თანხას _ 2489675 ლარს, ¹697 ბრძანებულებასთან არანაირი შეხება არა აქვს. სხვა რაიმე მითითება ¹211 ბრძანებულებაში ¹697 ბრძანებულებასთან მიმართებაში არ არის აღნიშნული და საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს მას ცვლილებების შეტანად.
საკასაციო პალატა კასატორის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და შემდგომ ეკონომიკის სამინისტროს უფლება ჰქონდა თანხა გადაერიცხა ადგილობირივ ბიუჯეტში მხოლოდ მის ანგარიშზე საპრივატიზებო თანხის ჩარიცხვის შემდგომ და არა დაუყოვნებლივ თანხის ჩარიცხვამდე, თვლის, რომ აღნიშნულით ფაქტობრივად აღიარებულია კასატორის ვალდებულება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. ამავე დროს ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 18 თებერვლის წერილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სამინისტროს საპრივატიზებო ანგარიშზე ჩარიცხულია სს “ხ-ი 1-ის” და სს “ხ-ი 2-ის” აქციათა 100%-ის 25 წლით მართვის უფლების გადაცემით მიღებული თანხები, საიდანაც დმანისის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტს ეკუთვნოდა, ¹697 ბრძანებულების შესაბამისად, 538458,98 ლარი.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ კასატორი ორივე ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივად აღიარებდა ვალდებულებას თანხის გადარიცხვის შესახებ და თანხის გადაურიცხველობას მესამე პირის _ ფინანსთა სამინისტროს მიზეზით ხსნიდა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 131-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზემომითითებული 2002წ. 18 თებერვლისა და 2001წ. 5 სექტემბრის ¹41-2066/4-1 წერილები კასატორის მხრიდან მოთხოვნის აღიარებას წარმოადგენდა და მათ როგორც ¹697, ისე ¹211 ბრძანებულებები უდევს საფუძვლად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის თითქოსდა არასწორ განმარტებასთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტის ¹211 ბრძანებულებასთან დაკავშირებით, რადგან მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები არ გასაჩივრებულა და ისინი კანონიერ ძალაშია, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელით ფინანსთა სამინისტროსაგან მოთხოვნილია სწორედაც ¹211 ბრძანებულების შესრულება.
საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ “საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ” საქართველოს 2003წ. 24 აპრილის კანონით არ გაუქმებულა საქართველოს პრეზიდენტის ¹697 და ¹211 ბრძანებულებები და არ შეიძლება ამ კანონმა რაიმე ზეგავლენა მოახდინოს კანონიერ საფუძველზე წარმოშობილ მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კასატორ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.